ბრძანება N 2845

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 2845
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

გადასახადის გადამხდელის ვალდებულებებისაგადასახადო ორგანოთა უფლებებიგადასახადის დარიცხვაინფორმაციის მოთხოვნის უფლებაცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიშემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებიდარიცხვის მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროსდღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციადღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებასაგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2845

16.02.2023

შპს „-------------“ (ს/ნ -------------------)

(იურ. მის.:-------------------------------)

2022 წლის 14 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ -------------------) 2022 წლის 14 დეკემბრის №226674/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №007-272 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ბინების რეალიზაცია (ანგარიშსწორება) განხორციელდა 2017 წელს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შემოწმებამ კი უკვე დაბეგრილი თანხები ჩათვალა სრულად მიღებულად კვადრატული ფართის გაურკვეველი შეფასებით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა,რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №12506 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------“ (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 6 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 17 ოქტომბრის №26286 ბრძანება და ამავე თარიღის №007-272 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 552 473 ლარი, მათ შორის, გადასახადი 316 051 ლარი, ჯარიმა 185 313 ლარი, საურავი 51 109 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

. შპს „----------“ გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 4 აპრილს. საქმიანობის სახეა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ქ. თბილისში, --------. აღნიშნული მშენებლობა ხორციელდებოდა გადამხდელის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. 2018 წლის საანგარიშო პერიოდიდან გადასახადის გადამხდელი უკვე ახდენდა მის საკუთრებაში არსებული დაუმთავრებელი ფართების გასხვისებას. გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ წარმოუდგენია თავისი პოზიცია. შემოწმების მიმდინარეობისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს მოეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა 01.01.2021-დან 01.05.2022-მდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაცია საწარმოს მიერ სრულყოფილად არ იქნა წარმოდგენილი განსაზღვრულ ვადაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 2022 წლის 17 აგვისტოს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188003.

შემოწმებით, წინა პერიოდების საგადასახადო შემოწმებისა და საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში (საბოლოო საკუთრების უფლებით) გადაფორმებულ ბინებზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებსა და გადახდილ თანხებს (ავანსები) შორის სხვაობა, გადაფორმების დღის კურსით, გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც საწარმოს არ გააჩნია სალარო, არ აქვს დებიტორული დავალიანება და ვალდებულებები აქვს მხოლოდ დამფუძნებლის წინაშე. შემოწმებით ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების, გადამხდელის მირ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და საბანკო ამონაწერის მონაცემების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. კერძოდ: ბინების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა მომწოდებლების ვალდებულებებით (კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით) და სხვა გაწეული ხარჯებით, ასევე, დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებით (შენატანის სახით).

ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 142-ე და 154-ე მუხლების მიხედვით და შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩაინიშნა 2023 წლის 26 იანვარს, გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში,ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოწმებისთვის არ წარუდგენია თავისი პოზიცია. შედეგად, შემოწმებით, წინა პერიოდების საგადასახადო შემოწმებისა და საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში (საბოლოო საკუთრების უფლებით) გადაფორმებულ ბინებზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებსა და გადახდილ თანხებს (ავანსები) შორის სხვაობა, გადაფორმების დღის კურსით, გათვალისწინებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით გადამხდელის პოზიცია 2017 წლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით, არ დასტურდება არც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კერძოდ, 2017 წლის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვით (დეკლარირებულია 0 ლარი), არც წინა საგადასახადო შემოწმების მონაცემებით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------------“ (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

შესამოწმებელ პერიოდში (საბოლოო საკუთრების უფლებით) გადაფორმებულ ბინებზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებსა და გადახდილ თანხებს (ავანსებს) შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც საწარმოს არ გააჩნია სალარო, არ აქვს დებიტორული დავალიანება და ვალდებულებები აქვს მხოლოდ დამფუძნებლის წინაშე.

შემოწმებით ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების, გადამხდელის მირ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და საბანკო ამონაწერის მონაცემების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა.

კერძოდ: ბინების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა მომწოდებლების ვალდებულებებით (კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით) და სხვა გაწეული ხარჯებით, ასევე, დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებით (შენატანის სახით).

ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 142-ე და 154-ე მუხლების მიხედვით და შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43 (4);49(1 „ე“); 61(3); 70; 73(4,5 „ა“ 9 „ბ“); 101(1„ა“); 136(3); 142; 154; 159(1„ა“„ბ“); 160(1,5); 163(1,2,6„ბ“); 164(1);275;279(1);302(2)