ბრძანება N 22720

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.10.2026
№ დოკუმენტი 22720
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22720

09 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 9 და 11 სექტემბრის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 9 სექტემბრის №104488/1/2026 და 11 სექტემბრის №104522/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 აგვისტოს №006-347 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 26 მარტის №6830 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 26 მარტის №6830 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ:

ა) ფიზიკურ პირებზე გადაცემული ბინების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2019 წლის 2 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად ფიზიკურ პირებსა და საწარმოს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, გაცვლის/ბარტერის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) შესამოწმებელ პერიოდამდე მიღებული ავანსების დაბეგვრასთან, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების მომენტში არსებული საბაზრო ფასებთან და სესხის გარანტის სახით გადაფორმებულ ბინებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს მ.შ. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად, ასევე შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 26 მარტის №6830 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 10 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, 2025 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 414 239 ლარით, მათ შორის გადასახადი 298 452 ლარი და ჯარიმა 115 787 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 12 აგვისტოს №006-347 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 888 997 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 477 331 ლარი

დღგ - 301 272

საშემოსავლო გადასახადი - 176 059

ჯარიმა - 272 105

საურავი - 139 561

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:

შპს „---მ“ გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 26 ნოემბერს. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების მშენებლობა/რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებისათვის ვერ წარმოადგინა სამეურნეო ოპერაციების ამსახველი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აღნიშნა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს არასრულყოფილად. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდში რეალიზებული ბინების ღირებულების ნაწილის ავანსის სახით დაბეგვრა შესამოწმებელ პერიოდამდე. ასევე, დადგინდა სესხის გარანტის სახით სასესხო ხელშეკრულებით გადაცემული ბინების რეალიზაცია.

შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლით გადამხდელს მიეცა ნებართვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურებაზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 26 მარტის №6830 ბრძანებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგნილი მტკიცებულებების შესწავლით განხორციელდა აქტით დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის თანხის კორექტირება.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი აცხადებს, რომ უცნობია რა ოპერაციებს შეუდარდა ბარტერული ოპარაციის ფასი, ვინაიდან თუ შესადარებლად აღებულია ბინის გაყიდვის ფასი, ეს არასწორია და არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნებს. ასევე, აღნიშნავს, რომ ბარტერის მონაწილე ფიზიკურ პირებსა და მხარე კომპანიას შორის არ არსებობს ურთიერთამოკიდებულება, შესაბამისად, მათ შორის 2019 წლის 2 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება დაფუძნებულია სრულად საბაზრო პრინციპებს: წინასწარ შეფასდა მიწის საბაზრო ფასი და აღნიშნულის შესაბამისად განისაზღვრა მისაღები ბინების ფართები, რაც არაპირდაპირ მიუთითებს, რომ შეთანხმდნენ მისაღები ფართების კვადრატულობის ფასზე. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდამდე მიღებული ავანსების დაბეგვრასთან, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების მომენტში არსებული საბაზრო ფასებთან და სესხის გარანტის სახით გადაფორმებულ ბინებთან დაკავშირებით, დაევალა მტკიცებულებების წარდგენა, რასთან დაკავშირებითაც შემმოწმებელს წარედგინა ფიზიკური პირის გადახდები. აქედან, ერთი სრულად იქნა გათვალისწინებული, ორი ნაწილობრივ, ხოლო სამი არ იქნა გათვალისწინებული. ასევე წარდგენილი იქნა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და იმ ბინების ფლობის დამადასტურებელი ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომელზეც აქვთ გადახდილი თანხები, რაც სრულიად დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულის მიუხედავად, გადამხდელი გამოთქვამს მზაობას დამატებით წარადგინოს დამატებით მტკიცებულობები, ვინაიდან დადგინდეს აღნიშნული თანხებიდან რა თანხები აისახა წინა საგადასახადო შემოწმების აქტში.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ხოლო მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 და მე-10 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

10. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო/სამონტაჟო საქმიანობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის ოდენობა საბაზრო ფასით განსაზღვროს. ამ ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესებს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ეს ნაწილი არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში; დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის №195 საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც განმარტავს, გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საკითხს, როდესაც ამ გარიგების ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, 2024 წლის პირველ იანვრამდე დადებულ გარიგებებზე, ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში. შესაბამისად, თუ 2024 წლის 1 იანვრამდე დადებული გარიგების მიხედვით, ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო სანაცვლოდ, საწარმოსგან საკუთრებაში იღებს ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილს, საწარმოს მიერ, აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ფიზიკური პირისთვის შენობა-ნაგებობის მიწოდების საანგარიშო პერიოდში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადაანგარიშების პროცესში, 2019 წლის 2 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებსა და საწარმოს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრა შპს „---სა“ და ---ს შორის 2020 წელს დადებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 1 კვ.მ ფასით (1 611 ლარი), ანალოგიური ფასები ფიქსირდება 2020 წლის საბანკო ამონაწერებით ფიზიკური პირების ---სა (53.10 კვ.მ ფართზე - ჩარიცხულია 86 388 ლარი) და ---ის (51,30 კვ.მ ფართზე - ჩარიცხულია 87 000 ლარი) მიერ შპს „---ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებში. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდში რეალიზებული ბინების ღირებულების ნაწილის ავანსის სახით დაბეგვრა შესამოწმებელ პერიოდამდე. ასევე, დადგინდა სესხის გარანტის სახით სასესხო ხელშეკრულებით გადაცემული ბინების რეალიზაცია.

შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლით გადამხდელს მიეცა ნებართვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურებაზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 26 მარტის №6830 ბრძანებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგნილი მტკიცებულებების შესწავლით განხორციელდა აქტით დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის თანხის კორექტირება. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში მითითებულ და საქმის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ პოზიციაზე, რომ ფიზიკურ პირს აქვს საწარმოსთვის ჩარიცხული თანხა (ავანსი), რომელიც დაბეგრილია წინა საგადასახადო შემოწმებით. აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე სადავო ქონება გადაფორმდა ---ს მიერ, რასთან დაკავშირებითაც აქვს შესაძლებლობა წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და აღნიშნული ავანსით შესამცირებელია დასაბეგრი ოპერაციის თანხები.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 26 მარტის №6830 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული, ამდენად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ოპერაციის მონაწილე ფიზიკური პირების სათანადო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებები). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ოპერაციის მონაწილე ფიზიკური პირების სათანადო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებები);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 26 მარტის №6830 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების მშენებლობა/რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებისათვის ვერ წარმოადგინა სამეურნეო ოპერაციების ამსახველი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აღნიშნა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს არასრულყოფილად. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდში რეალიზებული ბინების ღირებულების ნაწილის ავანსის სახით დაბეგვრა შესამოწმებელ პერიოდამდე. ასევე, დადგინდა სესხის გარანტის სახით სასესხო ხელშეკრულებით გადაცემული ბინების რეალიზაცია.

შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლით გადამხდელს მიეცა ნებართვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურებაზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის №6830 ბრძანებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგნილი მტკიცებულებების შესწავლით განხორციელდა აქტით დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის თანხის კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 26 მარტის №6830 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული, ამდენად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ოპერაციის მონაწილე ფიზიკური პირების სათანადო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებები). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 16 (1,2); 18; 14 (1); 73 (8); 159 (1); 160 (1,5); 163 (1,2); 164 (1) ; 101 (1); 154 (1,2).