ბრძანება N 28799
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28799
22 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2023 წლის 29 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------ს“ (ს/ნ ----) 2023 წლის 29 იანვრის №78673/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №002-246 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ დებიტორზე თანხის გადახდევინების მოთხოვნის შედეგად საწარმომ პასუხად მიიღო ------ში არსებული მდგომარეობა და სიტუაცია (საომარი მდგომარეობა) ასევე შეზღუდვები, ქვეყნიდან თანხის გადინებასთან დაკავშირებით, რადგან აიკრძალა -----ში უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები. შემოწმების პროცესში წარადგინა მის ხელთ არსებული ყველა საჭირო პირველადი დოკუმენტაცია, როგორიცაა შესყიდვის აქტები (ვინაიდან ექსპორტირებული საქონელი აქვს შესყიდული ადგილობრივ სოფლებში, დაბებში), შესყიდვის აქტის სისწორის და უტყუარობისათვის მან ასევე წარადგინა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გამყიდველის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მიწების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ მიწის ფართობი იძლეოდა შესაძლებლობას ფართობზე მოეყვანა შესყიდული საქონელი. ასევე საწარმომ შემოწმების პერიოდში წარადგინა ------ს რეზიდენტ საწარმოებთან შედარების აქტები, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. მომჩივანი ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის თარიღით გაფორმებული განმეორებითი შედარების აქტების გათვალისწინებას, რადგან დებიტორული დავალიანება საწარმოს რეალურად არ მიუღია და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე იმყოფება ძალიან დიდი ფინანსური კრიზისის და პრობლემის წინაშე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 იანვრის №1098 და 25 თებერვლის №4859 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 12 ივლისიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 8 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32514 ბრძანება და 23 დეკემბრის №002-246 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 391 707 ლარი, მათ შორის, გადასახადი 230 665 ლარი, ჯარიმა 116 939 ლარი, საურავი 44 103 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 5 ივნისის №12370 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 10 ოქტომბრის №20054/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12370 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ოქტომბრის №20054/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, ვინაიდან პროცენტის მიზნებისთვის სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები, საგადასახადო ორგანოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, დებიტორული დავალიანების გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიცირების საფუძველი არ არის დასაბუთებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ხილ-ბოსტნეულის შეძენა და ექსპორტზე რეალიზაცია, კომპანია ექსპორტს ახორციელებს მხოლოდ -----ში. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა ------ს რეზიდენტ იურიდიულ პირებთან. აღნიშნული დებიტორული მოთხოვნა შეადგენს 980 145 ლარს. გადამხდელმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტი დებიტორული მოთხოვნის ნამდვილობის დადასტურების მიზნით. თუმცა, შპს „-----ს“ დებიტორული მოთხოვნის მიღების მიზნით არ დაუწყია სამართლებრივი დავა, ან/და რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურები თანხის მიღების მიზნით. შემოწმებით გაანალიზდა ფულის მოძრაობა, რომლის დროსაც გათვალისწინებულია მიღებული შემოსავლები და შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასი შეადგენს სულ 14 734 ლარს. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა როგორც ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა -----ს რეზიდენტ იურიდიულ პირებთან. გადამხდელის მიერ წარდგენილია ურთიერთშედარების აქტი დებიტორული მოთხოვნის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, თუმცა, დებიტორული მოთხოვნის მიღების მიზნით მას არ დაუწყია სამართლებრივი დავა, ან/და რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურები თანხის მიღების მიზნით. შემოწმებით, ფულის მოძრაობის ანალიზისას მიღებული შემოსავლების და შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების, გაცემული ხელფასების გათვალისწინებით აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმებით მიერ ჩაითვალა, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანება მიღებული აქვს გადასახადის გადამხდელს და გაცემული აქვს ანგარიშვალდებულ პირზე სესხად. შემოწმებით დაკვალიფიცირებულ ოპერაციის შინაარს არ დაეთანხმა გადამხდელი და განაცხადა, რომ დაადასტურებდა დებიტორულ დავალიანებას. შემოწმებით აღნიშნული თანხა ფორმა შინაარის მიხედვით დაიბეგრა ფიზიკურ პირზე (დამფუძნებელზე) გაცემულ სესხად. დავის ეტაპზე დებიტორული დავალიანების სათანადო წესით (აპოსტილით) დამოწმებული შედარების აქტის წარმოდგენის შემთხვევაში ჩაითვლებოდა, როგორც მიუღებელი შემოსავალი, თუმცა გადამხდელის მიერ შესაბამისი სახის მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ხილ-ბოსტნეულის შეძენა და ექსპორტზე რეალიზაცია. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან. აღნიშნული დებიტორული მოთხოვნა შეადგენს 980 145 ლარს. გადამხდელმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტი დებიტორული მოთხოვნის ნამდვილობის დადასტურების მიზნით. თუმცა, მომჩივანს დებიტორული მოთხოვნის მიღების მიზნით არ დაუწყია სამართლებრივი დავა, ან/და რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურები თანხის მიღების მიზნით. შემოწმებით გაანალიზდა ფულის მოძრაობა, რომლის დროსაც გათვალისწინებულია მიღებული შემოსავლები და შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასი შეადგენს სულ 14 734 ლარს. შემოწმებით, აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა როგორც ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 97(1"ბ"), 982(1"ბ")(3"ზ")(8).