გადაწყვეტილება №80484/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№80484/1/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 21.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №80484/1/2023).
დავის საგანი:
გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებს შორის სხვაობის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2022 წლის №001-142 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5291 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 187 300 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 108 520
დღგ - 177
საშემოსავლო გადასახადი - 100 767
ქონების გადასახადი - 7576
ჯარიმა - 54 240
საურავი - 24 540,35
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 3 ივნისის №17501, 24 ივნისის №20513 და 2022 წლის 5 ივლისის №21900 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 1 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის დებიტორული მოთხოვნის და კრედიტორული დავალიანების შესახებ, კომპანიის უფლებამოსილი პირის განცხადებით წარმოდგენილი ინფორმაცია შესაძლოა არ ყოფილიყო რეალური. ამავე დროს, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი დააფიქსირა 0.91 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოხდა მესამე პირებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, შპს „----------“ (მომჩივანი) გადახდილ და მიღებულ თანხებზე. მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და საწარმოში ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა კომპანიის მიერ წარდგენილ დებიტორულ მოთხოვნასა და შემოწმებით გამოვლენილ დებიტორულ მოთხოვნას შორის. კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ფიქსირდება წინა პერიოდის დებიტორული მოთხოვნის შემცირება.
გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 26 ივლისის №19830 ბრძანება და ამავე თარიღის №001-142 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5291 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე,154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ ზოგიერთ კომპანიას შესყიდული საქონლის ღირებულება სრულად არ აქვს გადახდილი. კერძოდ, შპს „----------“ (ს/ნ ----------) დებიტორული დავალიანება დარჩენილი აქვს 358 906,3 ლარი. ასევე, ამხანაგობა „----------“ (ს/ნ ----------) დებიტორული დავალიანება შეადგენს 73 311,5 ლარს. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული თანხები მიჩნეულია მიღებულად, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არ არსებობს. შესაბამისად, იგი არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
,საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა შემოწმების შედეგად ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ზოგიერთი კომპანიის მიერ შესყიდული საქონლის ღირებულება სრულად არ არის გადახდილი და არ ეთანხმება თანხების გაანგარიშებას, რომლის საფუძველზეც გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №----------21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში, მომჩივანს დაევალა წარმოედგინა აღნიშნულ იურიდიულ პირებთან ურთიერთშედარების აქტები, თუმცა მას აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოუდგენია. აღნიშნულის შემდგომ, შპს „----------“-დან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დებიტორული დავალიანების შესახებ. წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით, 2021 წლის 1 ივნისის მდგომარეობით (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს) მომჩივნის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება, ნაცვლად 358 906 ლარისა, შეადგენს 51 962 ლარს. ასევე, ამხანაგობა „----------“ სცადა შემმოწმებელმა ინფორმაციის მოძიება, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ შესძელო. აღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავალსა (დებიტორებში გათვალისწინებულ იქნა შემოწმებით დადგენილი მონაცემები) და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა მომჩივნის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არც წარმოდგენილ საჩივარში და არც საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას, არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებს შორის სხვაობის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა შემოწმების შედეგად ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ზოგიერთი კომპანიის მიერ შესყიდული საქონლის ღირებულება სრულად არ არის გადახდილი და არ ეთანხმება თანხების გაანგარიშებას, რომლის საფუძველზეც გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში, მომჩივანს დაევალა წარმოედგინა აღნიშნულ იურიდიულ პირებთან ურთიერთშედარების აქტები, თუმცა მას აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოუდგენია. ერთი დებიტორისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დებიტორული დავალიანების შესახებ. წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით, 2021 წლის 1 ივნისის მდგომარეობით (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს) მომჩივნის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება, ნაცვლად 358 906 ლარისა, შეადგენს 51 962 ლარს. ხოლო მეორე დიბიტორთან დაკაშირება ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არც წარმოდგენილ საჩივარში და არც საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას, არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.