გადაწყვეტილება №22917/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22917/2/2024
31 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 20.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22917/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №067-26 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.03.2024 წლის №5722 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 66 496,92 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 40 575
დღგ - 20 351
საშემოსავლო გადასახადი - 20 224
ჯარიმა - 20 336
საურავი - 5 585,92
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო მასალებით, ასევე მცირეფასიანი სამშენებლო ტექნიკითა და მისი ნაწილებით ვაჭრობა ქ. -----ში, იჯარით აღებულ ფართში.
აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 18.11.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების 75%-ს წარმოადგენს დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმებით დაკავშირებულ იქნა რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო და შეძენის ღირებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით, შედეგად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი 17%-ის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სულ 290 180 ლარის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით), კომპანია რეგისტრირებულია 18.11.2020 წელს ხოლო დღეის მდგომარეობით აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას.
2023 წელს საწარმოს განხორციელებული აქვს შეძენილი საქონლის უკან დაბრუნების ოპერაციები, ხოლო ამ პერიოდში შეძენა არ უფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი რიგ შემთხვევაში არ არის საქმიანობის ადგილი.
დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 175 022 ლარს. შემოწმების პროცესში გაიმიჯნა დოკუმენტური რეალიზაცია და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი 17%-ის ოდენობით, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელის მიერ დეკლარირებული პერიოდების პროპორციულად. ასევე, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირდა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით (სახელფასო განაცემები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დოკუმენტურად გაწეული ხარჯები), დადგინდა განკარგვადი თანხა 80 897 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულად, დაკვალიფიცირდა სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №067-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.03.2024 წლის №5722 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების 75%-ს წარმოადგენს დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმებით დაკავშირებულ იქნა რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო და შეძენის ღირებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით, შედეგად, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი 17%-ის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სულ 290 180 ლარის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დღეის მდგომარეობით აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. 2023 წელს საწარმოს განხორციელებული აქვს შეძენილი საქონლის უკან დაბრუნების ოპერაციები, ხოლო ამ პერიოდში შეძენა არ უფიქსირდება. ამასთან, სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი რიგ შემთხვევაში არ არის კომპანიის საქმიანობის ადგილი. გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 175 022 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოწმებით გამიჯნულ იქნა რეალიზაციები და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 17%- ის ოდენობით, რის საფუძველზეც გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული პერიოდების პროპორციულად. ასევე, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით და გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორს დღგ-ის ნაწილში დასაბეგრ ბრუნვად აღებული აქვს კომპანიის მიერ განხორციელებული რეალიზაცია, რომელიც გამოიყვანა სრული შეძენების თანხის „დოკუმენტურად დადასტურებული“ ფასნამატით 17 პროცენტით გაზრდით, შესაბამისად მიღებული გადასახდელი დღგ-ის თანხა შეპირისპირებული აქვს კომპანიის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის თანხებთან პერიოდების გათვალისწინებით და სხვაობით გაზარდა დამატებით დასადეკლარირებელი თანხა. რაც შეხება ამ ოპერაციით მიღებული/მისაღები თანხა აღიარა როგორც დირექტორზე (პასუხისმგებელ პირზე) ხელფასის სახით გაცემულ განაცემად და დამატებით დაბეგრა.
კომპანია სამშენებლო მასალებით ვაჭრობს ქ. -----ში, იჯარით აღებულ ფართში. რადგან კომპანია ვაჭრობს სამშენებლო მასალებით, შესაბამისად დამატებითი შეძენების გარეშე, საქონლის ნაწილი მიმართა იჯარით აღებული ფართის გარემონტებისთვის, რათა მაღაზია კეთილმოეწყო. შესაბამისად ეს მასალები არ უნდა იქნეს რეალიზაციაში შეყვანილი, და აუდიტორის მიერ დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრი მთლიანი რეალიზაცია უნდა შემცირდეს, რაც გამოიწვევს დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირებას. ეს ოპერაცია ასევე შეამცირებს ხელფასად აღიარებულ განაცემის ოდენობას და შეამცირებს დამატებით საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშების ბაზას.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე საჭიროა დასაბეგრი დღგ-ის თანხის და დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადის თანხის ხელახალი გაანგარიშება (მზად არის წარმოადგინოს რემონტისთვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია).
შემოსავლების სამსახურში გადაგზავნილი იყო საჩივარი (წერილი №--; საქმის ნომერი ----/1/2024), რომელიც არ დაკმაყოფილდა და არ დაკმაყოფილების ერთერთი მიზეზი იყო, რომ ,,მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საჩივარში მოყვანილი არგუმენტის საფუძველზე ითხოვდა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხების გადაანგარიშებას, ამავდროულად ითხოვდა საქმის განხილვის პროცესში დასწრებას და ნებისმიერი მტკიცებულებას, რომელზეც ისაუბრებდა მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენდა. სამწუხაროდ დავების საბჭომ დასწრების გარეშე განახორციელა საქმის განხილვა (რამდენადაც იცის კანონმდებლობით ეს შესაძლებელია) და თუ ფიქრობდნენ, რომ განხილვისთვის საჭირო იყო დოკუმენტების წარდგენა, განმარტებული ქონდა, რომ ამის შესახებ ეცნობებინათ და მყისიერად წარადგენდა. სხვა შემთხვევაში ფიქრობდა, რომ ეს დოკუმენტაცია უნდა გადაეგზავნა აუდიტორისთვის, როცა საგადასახადო მოთხოვნაში განსაზღვრული თანხების ხელახალ გაანგარიშებას განახორციელებდა.
ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას, წარმოადგენს იმ დოკუმენტაციას, რაც საბჭოს მტკიცებულებად სჭირდებათ საჩივარში მომჩივნის მიერ მოყვანილი ფაქტების განსამტკიცებლად და შემდეგ გამოიცეს ახალი გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საჩივრის განხილვის ეტაპზე მომჩივნის მიერ დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაახლოებით 75% იყო დოკუმენტური რეალიზაცია, რაც მომჩივნის დოკუმენტური სარეალიზაციო ფასების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით არც შემოწმების და არც დავის ეტაპზე დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი. აღნიშნული არგუმენტი საგადასახადო დავის დროს მიუთითა. იჯარის ხელშეკრულებაში რემონტის შესახებ დაფიქსირებული არ არის, ასევე არ არის მითითება იჯარის თანხის რემონტის გათვალისწინებით შემცირებაზე.
იჯარით აღებული ფართის მომჩივნის მიერ საკუთარი მასალებით გარემოენტებასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც იძლევა შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილავასთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასების გაკეთების შესაძლებლობას.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 18.11.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების 75%-ს წარმოადგენს დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმებით დაკავშირებულ იქნა რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო და შეძენის ღირებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით, შედეგად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი 17%-ის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სულ 290 180 ლარის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით), კომპანია რეგისტრირებულია 18.11.2020 წელს ხოლო დღეის მდგომარეობით აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას.
2023 წელს საწარმოს განხორციელებული აქვს შეძენილი საქონლის უკან დაბრუნების ოპერაციები, ხოლო ამ პერიოდში შეძენა არ უფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი რიგ შემთხვევაში არ არის საქმიანობის ადგილი.
დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 175 022 ლარს. შემოწმების პროცესში გაიმიჯნა დოკუმენტური რეალიზაცია და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი 17%-ის ოდენობით, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელის მიერ დეკლარირებული პერიოდების პროპორციულად. ასევე, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირდა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით (სახელფასო განაცემები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დოკუმენტურად გაწეული ხარჯები), დადგინდა განკარგვადი თანხა 80 897 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულად, დაკვალიფიცირდა სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №067-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №5722 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.5 „ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“. 2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1);