ბრძანება N 20349
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20349
16 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ -----------)
(მის.:-----------------------------)
2026 წლის 31 ივლისის, 14 და 19 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12, 20 აგვისტოსა და 2 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №--, №-- და №--) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ -----------) 2026 წლის 31 ივლისის №--/21, 14 აგვისტოს №-- (რეგ. №--/21) და 19 აგვისტოს №-- (რეგ. №-/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №021-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და მიუთითებს, რომ არასწორი არითმეტიკული გათვლების საფუძველზეა გაანგარიშებული, კერძოდ:
. აცხადებს, რომ მარტის თვეში შპს „----ის“ მიერ ჩამორიცხულმა თანხამ შეადგინა 3 600 ლარი, ხოლო ფაქტობრივად წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 1 948 ლარზე;
. აპრილის თვეში შპს „---ის“ მიერ ჩამორიცხულია იჯარის ღირებულება 97 157 ლარის ოდენობით. აგრეთვე, ჩამორიცხულია 15 688 ლარი, მარტის კომუნალური მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა. კომპანიის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 113 833 ლარზე. შემოწმებისას კი შემოსავალში აღებულია 113 833 და 15 688 ლარი, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მოცემულია იჯარის და კომუნალური მომსახურების თანხა ჯამში 113 833 ლარი და გაუგებარია 15 688 ლარი ზედმეტად რა საფუძვლით დაამატა შემოწმებამ;
. აპრილის საანგარიშო პერიოდის შემოსავალში შემმოწმებელმა გაითვალისწინა სახელმწიფო ხაზინის მიერ უკან დაბრუნებული 1 015 ლარი, რომელზეც დარიცხული დღგ აღრიცხული ჰქონდა თანხის მიღების დროს წინა საანგარიშო პერიოდში და ახლა კი სახელმწიფო ხაზინის მიერ დაბრუნებული თანხის ახალ შემოსავლად მიჩნევა არამართლზომიერია.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლებში ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადახდილი დღგ-ის თანხის გათვალისწინებას (7 359 ლარი). მიუთითებს, რომ მოწოდებული ელექტროენერგია აუცილებელია ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად და მინდობილი მესაკუთრე შპს „----თვის“ გამოიყენება საკუთრების მინდობის ხელშეკრულების თანახმად გაწეული ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №8995, 2026 წლის 9 ივნისის №12675 და 22 ივნისის №13603 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2026 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივლისის №14820 ბრძანება და ამავე თარიღის №021–72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 20 009 ლარი, მათ შორის გადასახადი 14 476 ლარი, ჯარიმა 5 170 ლარი და საურავი 363 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უძრავი ქონების მართვა გასამრჯელოს ან ხელშეკრულებების საფუძველზე. კომპანია დღგ-ის გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 7 თებერვალს. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. შემოწმების შედეგად დასაბეგრ ბრუნვად განისაზღვრა - 525 804 ლარი. ამასთანავე, კომპანია დეკლარაციაში უთითებდა ჩასათვლელ თანხად 12 636 ლარს, ხოლო მიღებული დოკუმენტების მიხედვით, დღგ-ის თანხა შეადგენდა 5 267 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას უფიქსირდებოდა დოკუმენტის გარეშე ჩათვლა.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა და ასევე, დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ, ასევე, უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის -- აგვისტოს --:-- საათსა და -- აგვისტოს --:-- საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადებების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრების განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის -- სექტემბერს --:-- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების განხილვაზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. შემოწმების შედეგად დასაბეგრ ბრუნვად განისაზღვრა - 525 804 ლარი.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ გაანგარიშებისას გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერები. საგადასახადო შემოწმების დროს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ იქნა წარმოდგენილი სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ხელშეკრულება/დოკუმენტაცია) და ახსნა-განმარტება (გადამხდელი გამოგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში აღნიშნავდა, რომ არ ჰქონდა სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა). საწარმოს დირექტორთან არაერთი სატელეფონო საუბრისა და ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი გაანგარიშების მიუხედავად (დადასტურებულია მიღება), არ იქნა წარმოდგენილი დამატებით დარიცხვასთან დაკავშირებული პოზიცია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საწარმოს დეკლარაციაში ჩასათვლელ თანხად მითითებული ჰქონდა 12 636 ლარი, ხოლო მიღებული დოკუმენტების მიხედვით, დღგ-ის თანხა შეადგენდა 5 267 ლარს. შესაბამისად, შემოწმებით, გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საწარმო დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებს წარადგენდა ხელით. კომპანიას არ ჰქონდა მიღებული ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები. საჩივრის დანართად წარმოდგენილია წერილი, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის მიმწოდებელი აღნიშნავს, რომ მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება არა შპს „-----ზე“, არამდე შპს „------ზე“.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------ის“ (ს/ნ -----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.ითხოვს დღგ-ის ჩათვლებში ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადახდილი დღგ-ის თანხის გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ მოწოდებული ელექტროენერგია აუცილებელია ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8995, №12675 და №13603 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2026 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14820 ბრძანება და №021–72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 20 009 ლარი, მათ შორის გადასახადი 14 476 ლარი, ჯარიმა 5 170 ლარი და საურავი 363 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. შემოწმების შედეგად დასაბეგრ ბრუნვად განისაზღვრა - 525 804 ლარი. ამასთანავე, კომპანია დეკლარაციაში უთითებდა ჩასათვლელ თანხად 12 636 ლარს, ხოლო მიღებული დოკუმენტების მიხედვით, დღგ-ის თანხა შეადგენდა 5 267 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას უფიქსირდებოდა დოკუმენტის გარეშე ჩათვლა.შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა და ასევე, დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და ,,ბ“); 163(1.2); 164(1); 168(1); 174(1.2.3); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 „ა“ და „ბ“); 180(1);