ბრძანება N 3840

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.02.2026
№ დოკუმენტი 3840
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3840

19 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 21 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 21 იანვრის №100159/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №021-148 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებულ ფასნამატს. განმარტავს, რომ შემოწმების აქტში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი მოდელის ავტომობილების ნაწილების ფასნამატზეა აქცენტი გაკეთებული, რადგან ბაზარზე არის დეფიციტური ავტომობილების ნაწილები, რომელთა ფასნამატი გაცილებით მაღალია, ვიდრე, მაგალითად, ტოიოტას მარკის ავტომობილების. აცხადებს, რომ აქტში არ არის მითითებული ფასნამატის გაანგარიშების პერიოდი, რადგან ფასნამატი ყოველწლიურად იკლებს. ამასთან, მიაჩნია, რომ არასწორად არის გაანგარიშებული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, კერძოდ, შემოწმებით გათვალისწინებული არ არის გადამხდელის მიერ რეექსპორტზე გაყვანილი და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ავტომობილების რემონტისას გამოყენებული ავტონაწილები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს 165 000 ლარს. განმარტავს, რომ აღნიშნული თანხის გათვალისწინებით ფასნამატი იქნება 39%, რაც თანხვედრაშია გადამხდელის დოკუმენტურ ფასნამატთან. ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ნოემბრის №24811 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 17 მაისიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 დეკემბრის №28155 ბრძანება და ამავე თარიღის №021-148 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 100 700 ლარი, მათ შორის, გადასახადი 61 796 ლარი, ჯარიმა 26 469 ლარი, საურავი 12 435 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ახალი და მეორადი ავტონაწილების იმპორტი და ადგილობრივი რეალიზაცია, მეორადი მანქანების იმპორტი და რეალიზაცია (რეექსპორტი, ადგილობრივი). გადამხდელი ავტონაწილების იმპორტს ახორციელებს ძირითადად -------. ასევე, ზოგ შემთხვევაში იმპორტირებულ ავტომობილებს შლის და ახორციელებს მათი ნაწილების რეალიზაციას (შესამოწმებელ პერიოდში ჯამში 24 ავტომანქანა). შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე, წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით, გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანია არ აწარმოებს აღრიცხვას და არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, ხოლო საბოლოო სმფ-ების ნაშთი შეადგენს 750 000 ლარს, თუმცა, რადგან აღრიცხვა არ გააჩნია ვერ ახერხებს არსებული ნაშთის გაშიფვრას საქონლის დასახელებების და რაოდენობის მიხედვით. გადამხდელის მიერ შეძენილი ავტონაწილების ღირებულება ჯამში შეადგენს 2 094 109 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 645 993 ლარს, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი 22%-ს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები/რეალიზაციები და გადამხდელის მიერ დოკუმენტურად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 1 344 109 ლარის ოდენობით, რომელზეც გავრცელდა მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი (48%) და გაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვას და არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, ხოლო მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით საბოლოო სმფ-ების ნაშთი შეადგენს 750 000 ლარს, თუმცა, რადგან აღრიცხვა არ გააჩნია ვერ ახერხებს არსებული ნაშთის გაშიფვრას საქონლის დასახელებების და რაოდენობის მიხედვით. გადამხდელის მიერ შეძენილი ავტონაწილების ღირებულება ჯამში შეადგენს 2 094 109 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 645 993 ლარს, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი 22%-ს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადამხდელის მიერ დოკუმენტურად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და გავრცელდა მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი (48%).

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, შემოწმების მიერ აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ბუღალტრული პროგრამა, ან ექსელის ფაილები), შესაბამისად, შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა როგორც შეძენილი ავტონაწილების, ასევე, გაყიდული ავტონაწილების გამიჯვნა და იდენტიფიცირება, შესაბამისად, ვერ დადგინდა იმ ავტონაწილების რაოდენობა, ღირებულება და სახეობები რაც გამოყენებულ იქნა რეალიზებული მანქანების რემონტისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის მიერ დოკუმენტურად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა და აუდირებული ფასნამატის გავრცელება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ახალი და მეორადი ავტონაწილების იმპორტი და ადგილობრივი რეალიზაცია, მეორადი მანქანების იმპორტი და რეალიზაცია (რეექსპორტი, ადგილობრივი). ზოგ შემთხვევაში იმპორტირებულ ავტომობილებს შლის და ახორციელებს მათი ნაწილების რეალიზაციას. შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე, წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით, გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანია არ აწარმოებს აღრიცხვას და არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, ხოლო საბოლოო სმფ-ების ნაშთი შეადგენს 750 000 ლარს, თუმცა, რადგან აღრიცხვა არ გააჩნია ვერ ახერხებს არსებული ნაშთის გაშიფვრას საქონლის დასახელებების და რაოდენობის მიხედვით. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები/რეალიზაციები და გადამხდელის მიერ დოკუმენტურად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი და გაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 163; 164