გადაწყვეტილება №22279/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.07.2024
№ დოკუმენტი 22279/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22279/2/2024

17 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------16.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22279/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმის და საურავის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №261-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.01.2024 წლის №736 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 85 407,17 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 45 945

დღგ - 43 186

საშემოსავლო გადასახადი - 2 759

ჯარიმა - 23 053

საურავი - 16 409,17

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო მომსახურებების გაწევა, აღნიშნული მომსახურებები მიწოდებულია, როგორც კერძო პირებისთვის, ასევე სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში ------- მუნიციპალიტეტისთვის.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22357 ბრძანებით ჩატარდა მომჩივნის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის სრული გეგმური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 5.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, საბანკო ამონაწერები. აღნიშნული, ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები მომჩივნის მიერ დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებულ 18%-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების შედეგებს შორის.

მეწარმეს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების გზით მომსახურებები მიწოდებული აქვს ------- მუნიციპალიტეტის მერიისთვის და მიღებული აქვს შესაბამისი ანაზღაურება (აღნიშნული დასტურდება საბანკო ამონაწერებით). აღნიშნულ ოპერაციებზე არ არის გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი და არ არის ჩართული შესაბამისი პერიოდების დღგით დასაბეგრ ბრუნვებში. შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 1601 მუხლის პირველი ნაწილის, 1621 და 163-ე მუხლის პირველი ნაწილის და 164-ე მუხლების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში და შეეფარდა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე მომჩივნის მიერ მიწოდებული სატენდერო დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები. შედეგად მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდებოდა გარკვეული სახის შემოსავლები, რომლებიც არ არის დადეკლარირებული. საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის და 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დაანგარიშდა მცირე ბიზნესის სტატუსის ფარგლებში მიღებული შემოსავლები.

მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №30869 ბრძანება და №261-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.01.2024 წლის №736 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირადად აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და ინტერესი ან განზრახვა არ ჰქონია დაემალა რაიმე ოპერაცია. ამასთან შემოწმებას წარუდგინა ყველა საბანკო ამონაწერი და დოკუმენტაცია, რომელიც მოთხოვნილი იქნა. ასევე, თანხმობა აქვს განცხადებული შემოსავლების ელექტრონულ გვერდზე, როგორც სალარო აპარატებზე, ასევე საბანკო ანგარიშების წვდომაზე. ამგვარად, მას არ ჰქონდა ინტერესი რაიმე შემოსავლის დამალვის. თუ რომელიმე ოპერაცია უნდა შეესრულებინა და არ შეუსრულებია, მხოლოდ და მხოლოდ მისი საბუღალტრო საქმის უცოდინრობით, მაშინ როდესაც ეგონა, რომ პირნათელი იყო სახელმწიფოსთან საგადასახადო ვალდებულების ასახვის და გადარიცხვასთან დაკავშირებით.

დღემდე არ იცის თუ რამდენად სწორად დაერიცხა გადასახადები და ამბობს, რომ ვერც გაარკვევს სპეციალისტის დახმარების გარეშე. ითხოვს, დაკისრებული ჯარიმის და საურავის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს დაკისრებული ჯარიმის და საურავის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო მომსახურებების გაწევა, აღნიშნული მომსახურებები მიწოდებულია, როგორც კერძო პირებისთვის, ასევე სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, საბანკო ამონაწერები. აღნიშნული, ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები მომჩივნის მიერ დეკლარაციებში დაფიქსირებულ დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების შედეგებს შორის.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მომჩივანს დამატებით დაერიცხა საგადასახადო ვალდებულებები და შეეფარდა სანქცია.

 

გადაწყვეტილება

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)