გადაწყვეტილება №21454/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21454/2/2023
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 29.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21454/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. საშემოსავლო გადასახადში დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №048-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27762 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 179 637 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 103 294
დღგ - 61 181
საშემოსავლო გადასახადი - 41 536
ქონების გადასახადი - 577
ჯარიმა - 47 591
საურავი - 28 752
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სიგარეტითა და ალკოჰოლით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 21.07.2023 წლის №17758 ბრძანება და 24.07.2023 წლის №048-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27762 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა პროდუქციის შეძენისა და რეალიზაციის აღრიცხვის პროგრამა. აღნიშნული პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის აღრიცხვა ხორციელდებოდა არასრულად, კერძოდ, ფიქსირდებოდა უსაბუთო შეძენები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასა და მოწოდებულ პროგრამას შორის დადგინდა რიგი უზუსტობები, რაც განპირობებული იყო უდოკუმენტო შეძენებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ რეალიზაციის პროგრამას შორის ვერ დადგინდა კავშირი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონელი არ იყო ასახული პროგრამაში. ამასთან, ვერ დადგინდა კავშირი შეძენისა და რეალიზაციის პროგრამებს შორის.
ამდენად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატით, რომელიც შესაბამისობაში იყო გადასახადის გადამხდელის მიერ აცხადებულ ფასნამატთან, კერძოდ: 2020 წლისთვის ფასნამატი შეადგენდა - 16.2%-ს, 2021 - 18.8%, 2022-ში - 20%, ხოლო 2023-ში - 18.8%. შესაბამისად, დადგენილი ფასნამატები გავრცელდა შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყურადღება გაამახვილა შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, განმარტა, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან.
ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების, ისიც სხვა მეწარმეების აუდირებული ფასნამატის მიხედვით, შემოსავლების დათვლის საჭიროება შემთხვევაში არ დგას, რადგანაც საქმიანობის პროცესში იყენებდა აღრიცხვის პროგრამას, რომლის მიხედვითაც ყველა ოპერაციის აღრიცხვა ხდებოდა დეტალურად, თითოეული ოპერაციის იდენტიფიცირება შესაძლებელია დასახელების, რაოდენობის, ფასის, სრული ღირებულების და დროის (წამების სიზუსტით) მიხედვით გატარებების დრო ნაწილდებოდა 8:00 საათიდან 19:00 საათამდე, (მაღაზიის მუშაობის დრო), რაც მიუთითებდა მათ ნამდვილობაზე და გამორიცხავს ხელოვნურობას. აღნიშნული მონაცემები ასევე შესაბამისობაში იყო სალარო აპარატის ბრუნვებთან, უმნიშვნელო ტექნიკური ხასიათის ცდომილებების გათვალისწინებით. ის ფაქტი, რომ პროგრამაში მოხვდა უსაბუთო შეძენები, მეტყველებს მის კეთილსინდისიერებაზე და არა პირიქით. როგორც იცის უსაბუთო შეძენის არსი მდგომარეობს ოპერაციის არ ასახვასა და მათ შესაბამისად მიღებულ შემოსავლების დამალვაში, მის შემთხვევაში პირიქით, აღნიშნული ოპერაციები მოახვედრა პროგრამაში და საგადასახადო ორგანოს ჰქონდა საშუალება დაეწესებინა კონტროლი მათ დაწყებასა, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, ამიტომაც ის არ შეიძლება გახდეს არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების დათვლის საფუძველი.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მეორე არგუმენტი გახდა ის, რომ ზედნადებებით რეალიზებული საქონელი არ იყო ასახული პროგრამაში. რასთან დაკავშირებითაც ასევე განმარტავს, რომ გამოწერილი ზედნადები იძლევა საშუალებას ოპერაციის ყოველმხრივი იდენტიფიკაციისა. ბუღალტერიაში არ ასახული ზედნადების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დამატება ერთობლივ შემოსავალზე ნაცვლად აღრიცხვის პროგრამის სრულად უგულებელყოფისა. რაც შეეხება მიზეზს თუ რატომ მოხდა ეს და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას მიღებულ შემოსავალზე, აცხადებს, რომ ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებით რეალიზებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 11 150 ლარს და ეს მთლიან შემოსავლებთან მიმართებაში ძალიან უმნიშვნელო რიცხვია (სულ ჯამური ბრუნვა შეადგენს 2 331 167 ლარს) სწორედ ამის გამო მოხდა ამ ოპერაციების მხედველობიდან გამორჩენა, მოლარე-ოპერატორებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ რადგან ზედნადებს წერდნენ, ამ პროდუქციის პროგრამაში გატარება არ იყო საჭირო, ოპერაციის დუბლირების თავიდან აცილების გამო. ყურადღების არედან გამორჩა იმის გამო, რომ იყო ძალიან იშვიათი და ამავე დროს მცირე ღირებულების (საშუალოდ თვეში ორჯერ 145 ლარის ოპერაცია) გამეორდება, რომ არ ამტკიცებს, თითქოს რაც ზედნადებების ნაწილში მოხდა სწორი იყო. ამ ოპერაციაზე თანახმა არის დაერიცხოს შესაბამისი ვალდებულებები. ასევე, თამბაქოს პროდუქციაზე ფასნამატი ჰქონდა 6%, ანუ 2020-წლიდან 2023-წლამდე გაყიდული აქვს 241 784 ლარის სიგარეტი 6%-იანი ფასნამატით, გაანგარიშებული აქვს ფასნამატი ყველა რეალიზებულ პროდუქციაზე საშუალოდ 20%. მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვა არის სრულიად არასამართლიანი.
ითხოვს მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება, კერძოდ, შემოსავლების დათვლა მოხდეს პირდაპირი მეთოდით, მის მიერ წარდგენილი აღრიცხვის პროგრამის მონაცემებისა და გაწერილი ზედნადებების, ასევე სხვა ნებისმიერი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც იქნება შემოწმების ხელთ. ეს ოპერაციები თანახმაა დაჯამდეს და მცირე სხვაობების გამო არ მოხდეს არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვა.
2. საშემოსავლო გადასახადში დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების შესწავლისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები შევსებული იყო ტექნიკური ხარვეზით, კერძოდ მე-18 გრაფაში არ იყო ასახული ერთობლივი შემოსავალი. აღნიშნულის შედეგად, ყოველი წელი დასრულებული იყო ზარალით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გამოქვითული იყო სესხის პროცენტის და ამორტიზაციის ხარჯი, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ვერ დადასტურდა. შემოწმების შედეგად გამოსაქვით ხარჯებში დამატებით ასახვას დაექვემდებარა ბანკის საკომისიოები და კომუნალური ხარჯები. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავლებისა და გამოქვითვების (შემოწმებით ხარჯებში გათვალისწინებული იქნა მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები) გათვალისწინებით, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი. შედეგად მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ ერთობლივი შემოსავლის მე-15 გრაფაში ჩაწერა შესაბამისი რიცხვი, მაგრამ მე-18 გრაფაში არა (კარგი იქნებოდა, ამის საშუალება პროგრამულად არ ყოფილიყო) სახეზეა ტექნიკური ხარვეზი, მაგრამ აშკარაა, რომ ეს არ მომხდარა დეკლარაციაში გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით (ეს რომ სდომოდა, არც მე-15 გრაფაში ჩაწერდა) ამ შემთხვევაში ეთანხმება კუთვნილ გადასახადს (მხოლოდ პირდაპირი მეთოდით დათვლილს) და ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად.
ის ფაქტი, რომ არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დასტურდება იმით, რომ არასდროს ყოფილა დაჯარიმებულები საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე, სამეწარმეო საქმიანობის პროცესს ახორციელებდა რაიონში, კერძოდ თეთრიწყაროში, მიუხედავად ამის ცდილობდა წესრიგი ჰქონოდა საქმეში და ამის გამო ჰქონდა აღრიცხვის პროგრამაც, (ერთერთი არაბრენდირებული მაღაზია იყო რაიონში, რომელიც რეალიზაციას გატარების სისტემით ახორციელებდა) ეს არც ისე ხშირია დიდ ქალაქებშიც კი, სამწუხაროდ, უკვე 6 თვეა მაღაზია გაკოტრდა და აღარ ფუნქციონირებს.
მიუხედავად ყველაფრისა თუ მაინც არაპირდაპირი მეთოდით მოხდება შემოსავლის დათვლა და ისიც სხვისი ფასნამატით და დაეკისრება ამხელა ჯარიმები ეს ძალიან დიდი ანტისტიმული იქნება არამხოლოდ მისთვის არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მეწარმეობას ეწევა და მის ამბავს შეიტყობს. არის ეპილეფსიით დაავადებული, ღებულობს ყოველდღიურად ორი სახის წამალს, ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და დღე-დღეზე ელოდება მესამეს. დღესდღეობით მისი ოჯახის შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს, ყველამ იცის, რამდენია საჭირო ხუთსულიანი ოჯახის შესანახად, წამლების, კომუნალურებისა და ელემენტარული საკვების შესაძენადაც კი ძლივს ყოფნის ხელფასი. ამხელა ჯარიმის გადახდა კი არის სრულიად წარმოუდგენელი და სიკვდილის ტოლფასი, გამოდის, რომ მისი ოჯახი შიმშილისთვის იქნება განწირული და ყოველივე ამის შემდეგ ფიქრობს, რომ მის სიცოცხლეს ფასიც აღარ ექნება.
მომჩივანი ითხოვს წარდგენილ წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების ნაწილში მოხდეს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27762 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. საშემოსავლო გადასახადში დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა პროდუქციის შეძენისა და რეალიზაციის აღრიცხვის პროგრამა. აღნიშნული პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის აღრიცხვა ხორციელდებოდა არასრულად, კერძოდ, ფიქსირდებოდა უსაბუთო შეძენები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასა და მოწოდებულ პროგრამას შორის დადგინდა რიგი უზუსტობები, რაც განპირობებული იყო უდოკუმენტო შეძენებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ რეალიზაციის პროგრამას შორის ვერ დადგინდა კავშირი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონელი არ იყო ასახული პროგრამაში. ამასთან, ვერ დადგინდა კავშირი შეძენისა და რეალიზაციის პროგრამებს შორის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.