გადაწყვეტილება №22250/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 22250/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22250/2/2024

11 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 14.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22250/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას სმფ-ის დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების (სრულად (მაქსიმალური ზედა და ქვედა ზღვრის)) გაუთვალისწინებლობა;

2. ძირითადი საშუალებების (ავტომობილების) შეძენაზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №066-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №928 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 368 927.72 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 213 187

დღგ - 121 286

საშემოსავლო გადასახადი - 91 901

ჯარიმა - 106 064

საურავი - 49 676.72

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ყვავილებით და სხვა მცენარეებით საბითუმო ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 6.09.2023 წლის №21759 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 10.08.2023 წლის ჩათვლით გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29422 ბრძანება და ამავე თარიღის №066-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 30.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №928 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელ თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №928 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას სმფ-ის დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების (სრულად (მაქსიმალური ზედა და ქვედა ზღვრის)) გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და მისი ახსნა-განმარტებით საწარმოს არ გააჩნია დებიტორული-კრედიტორული დავალიანება და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და პერიოდის ბოლოს. გადამხდელის წერილობითი პოზიციით ყვავილებით ვაჭრობის ნაწილში სტანდარტული ფასნამატი შეადგენს 10%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის №19511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიხედვით ნაშთი შეადგენდა 0 ლარს, ხოლო 9.08.2023 წლის №19633 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის მიხედვით სმფ-ის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს, ხოლო ძირითადი საშუალებების ნაშთი პირველადი ღირებულებით 384 000 ლარს. გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია უფიქსირდება 882 146 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმების შედეგად ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრულია რეალიზებული სმფ-ის თვითღირებულება და აღნიშნულზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების მიხედვით ძირითად ჯგუფებზე 10-17% ინტერვალში. შედეგად შემოწმების შედეგად დამატებით განსაზღვრული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სატრანსპორტო მომსახურების ნაწილში საბაჟო დეპარტამენტიდან (საზღვრის კვეთა) და გადამხდელისგან მიღებული ინფორმაციის (ინვოისები) საფუძველზე კორექტირებულია გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი და დღგ-ით გათავისუფლებული ბრუნვა.

ამასთან, შემოწმებით დაანგარიშებულ (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით) შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს (იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხის გათვალისწინებით) შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად საგადასახადო კოდექსის 80-ე, 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. ასევე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 6 285 190 ლარს. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის საფუძველზე, რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულების განსაზღვრა და აღნიშნულზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება ჯგუფების მიხედვით განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა იმპორტირებული ყვავილებით ვაჭრობა და საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით საერთაშორისო/ადგილობრივი ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა. კომპანიას ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უშუალო ადგილი ან სასაწყობე ობიექტი არ გააჩნდა. საქონლის რეალიზაციას ახდენდა დისტრიბუციის საშუალებით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აუდიტორების მიერ გაგზავნილ გაანგარიშებაში იმპორტირებული სმფ-ების ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენდა 6 285 190 ლარს, მაშინ როცა RS.GE-ზე არსებული მონაცემების მიხედვით იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 6 268 887 ლარს. ასევე, არ ემთხვეოდა აუდიტორების გაანგარიშებაში მითითებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. გაგზავნილი ინფორმაციით დგინდებოდა, რომ ჩასათვლელი დღგ იმპორტირებულ საქონელზე შეადგენდა 1 154 980 ლარს, მაშინ როცა იმპორტირებულ საქონელზე შესამოწმებელ პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა ჯამში შეადგენდა 1 174 167 ლარს. აღნიშნული უზუსტობა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ აუდიტორებს არ ჰქონდათ გათვალისწინებული სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელების იმპორტი და მასზე ჩასათვლელი დღგ სრულად. კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული იყო 274 000 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებების იმპორტი, რაზეც გადახდილი და შესაბამისად ჩასათვლელი დღგ შეადგენდა 49 320 ლარს.

მეწარმეს უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის საფუძველზეც გამოთვლილი იყო ცალკეული ჯგუფების მიხედვით საშუალო შეწონილი ფასნამატები. ასევე, გამოთვლილი იყო ზედნადებით რეალიზებული საქონლის თვითღირებულებები, თუმცა აღნიშნული თვითღირებულებები არ იყო გამოყენებული აუდიტორების გაანგარიშებაში და ზედნადებით რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გამოსაანგარიშებლად გამოყენებული იყო ზემოთ აღნიშნული ფასნამატები. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით ითხოვდა, რომ აუდიტორების მიერ გამოთვლილი დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულებები გამოყენებული ყოფილიყო გაანგარიშებაში. მართალია მიზეზი იმისა თუ რის გამოც აუდიტორების მიერ არ მოხდა აღნიშნული თვითღირებულების გამოყენება იყო ის, რომ რიგ შემთხვევაში რეალიზაცია ხდებოდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ამის პასუხად აღნიშნავდა, რომ ყვავილები წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს, ადვილად კარგავდა თავდაპირველ იერსახეს, ხშირ შემთხვევაში კი გადასაყრელიც იყო, რის გამოც უწევდა საქონლის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. რაც შეეხება, კანონმდებლობის შესაბამისად საქონლის ჩამოწერის პროცედურას, აღნიშნავს, რომ გაფუჭებული ყვავილების შეგროვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თუმცა ეს რომც მოხერხებულიყო, ჩამოწერის პროცესში საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ შეუძლებელი იქებოდა საქონლის დათვლა, საქონლის საშინელი ფიზიკური მდგომარეობის გამო. სწორედ, აღნიშნული მიზეზის გამო ხდებოდა საქონლის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, თუმცა კომპანიას ამასთანავე, მაინც ჰქონდა მნიშვნელოვანი დანაკარგები გაფუჭებული საქონლის სახით, დაახლოებით, იმპორტირებული საქონლის 10%-დან 15%- მდე გადაყრა უწევდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვდა, რომ გათვალიწინებული ყოფილიყო ზემოთ მითითებული გარემოებები და მომხდარიყო საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ბრძანების მიღებიდან 15 დღეში აუდიტორებს წარედგინა დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულად, რაზეც ელოდება, რომ მოხდება საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება.

რაც შეეხება, სხვა საკითხებს, ითხოვს, რომ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებები გათვალისწინებული იქნას გაანგარიშების პროცესში. როგორც თავდაპირველ საჩივარში აღნიშნავდა, ყვავილები წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს, ადვილად კარგავს თავდაპირველ იერსახეს, ხშირ შემთხვევაში კი გადასაყრელიც არის, რის გამოც უწევს კომპანიას საქონლის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. ასევე, შეუძლებელია ჩამოწერის პროცედურის განხორციელება საქონლის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კერძოდ იმდენად იცვლის იერსახეს გაფუჭებული ყვავილები, რომ მისი დათვლა ან აწონვით რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დავის პირველ ეტაპზე ითხოვდა და ახლაც ითხოვს აუდიტორების მიერ გამოთვლილი დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულებები გამოყენებული ყოფილიყო გაანგარიშებაში. რის გამოც, შემმოწმებლის მიერ აღნიშნული თვითღირებულების გამოყენება არ მოხდა არის ის, რომ რიგ შემთხვევაში რეალიზაცია ხდებოდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რის პასუხადაც აღნიშნავს, რომ ყვავილები წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს, ადვილად კარგავდა თავდაპირველ იერსახეს, ხშირ შემთხვევაში კი გადასაყრელიც იყო, რის გამოც უწევდა საქონლის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. რაც შეეხება, კანონმდებლობის შესაბამისად საქონლის ჩამოწერის პროცედურას, აღნიშნავს, რომ გაფუჭებული ყვავილების შეგროვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, კომპანიას ჰქონდა მნიშვნელოვანი დანაკარგები გაფუჭებული საქონლის სახით, დაახლოებით, იმპორტირებული საქონლის 10%-დან 15%-მდე გადაყრა უწევდა.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, გადამხდელს საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ აქვს წარდგენილი, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული სმფ-ის თვითღირებულება და აღნიშნულზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების მიხედვით. ამასთან, შემოწმებით დაანგარიშებულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ძირითადი საშუალებების (ავტოსატრანსპორტო საშუალებების) შეძენაზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აღნიშნულ სადავო საკითხზე ფაქტობრივი გარემოებები შემოწმების აქტში არ არის ასახული.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

აღნიშნული სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურში არ გასაჩივრებულა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორების მიერ გაანგარიშებაში არ იყო სრულად გათვალისწინებული იმპორტირებული ძირითადი საშუალებები (ავტოსატრანსპორტო საშუალებების) და მათზე გადახდილი დღგ-ის თანხა, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებულია 274 000 ლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 6 ცალი სხვადასხვა დასახელების ავტოსატრანსპორტო საშუალება, ამასთან კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 7 ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ნაწილზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ნაწილი კი სხვადასხვა გზითაა შეძენილი. აუდიტორებს კი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილში, ხარჯების ნაწილში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის ჯამურ ღირებულებაში მითითებული აქვთ 283 674 ლარი, მაშინ როცა მარტო იმპორტითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილია 326 000 ლარის ღირებულების 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც შეეხება, დარჩენილ 4 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ის სხვადასხვა საშუალებებითაა შეძენილი.

ითხოვს სრულად იქნას გათვალისწინებული ავტომობილების შეძენაზე გაწეული ხარჯები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

მომჩივანი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილში, ხარჯების ნაწილში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის ჯამურ ღირებულებაში მითითებულია 283 674 ლარი, მაშინ როცა მარტო იმპორტითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილია 326 000 ლარის ღირებულების 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც შეეხება, დარჩენილ 4 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ის სხვადასხვა საშუალებებითაა შეძენილი. ითხოვს სრულად იქნას გათვალისწინებული ავტომობილების შეძენაზე გაწეული ხარჯი.

საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე ვინაიდან, იგი სადავოს არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურში 30.12.2023 წელს წარდგენილი საჩივრით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას სმფ-ის დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გაუთვალისწინებლობა;

2. ძირითადი საშუალებების (ავტომობილების) შეძენაზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და მისი ახსნა-განმარტებით საწარმოს არ გააჩნია დებიტორული-კრედიტორული დავალიანება და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და პერიოდის ბოლოს.

ვინაიდან შემოწმების შედეგად ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, განსაზღვრულია რეალიზებული სმფ-ის თვითღირებულება და აღნიშნულზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების მიხედვით. შემოწმებით დამატებით განსაზღვრული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, შემოწმებით დაანგარიშებულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

მეორე სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურში არ გასაჩივრებულა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ პირველ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი მეორე ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 302(3); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161