გადაწყვეტილება №21629/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21629/2/2023
02 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21629/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობის (სხვა ხარჯების გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №006-593 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31601 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 36 820 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 23 840
ჯარიმა - 11 920
საურავი - 1 060
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა ღვინის წარმოება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება მოგების ყოველთვიური და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მეშვეობით სპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") მიაწოდა 989 000 ლარის ღირებულების ღვინო. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, რეალიზებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის მიხედვით, ფულის ნაშთი შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს.კომპანიამ მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით (სიტუაციური სახელმძღვანელო №0256), სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა (სხვა ხარჯების გათვალისწინებით), ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.11.2023 წლის №29471 ბრძანება და №006-593 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31601 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ არაპირდაპირი მეთოდის და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებისა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნვას, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი იმგვარი სახის არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლის წინ კუთვნილი ავტომანქანის გაქურდვის გამო დაიკარგა ძვირადღირებული ნივთები, კომპიუტერი, დოკუმენტები, მეხსიერების ბარათი, რაზეც ეცნობა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, რის დამადასტურებლადაც წარმოადგენს შესაბამის ცნობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ წარმოადგენს ყურძნის შესყიდვის შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს. რომ არ მომხდარიყო გაქურდვის ფაქტი შეძლებდა შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენას, რაც გამორიცხავდა ხარჯის 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. ასევე, მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და მანქანის გაქურდვის ფაქტზე მითითებით გადასახადის ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით (სიტუაციური სახელმძღვანელო №0256), სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა (სხვა ხარჯების გათვალისწინებით), ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საჩივარში თავადვე განმარტავს, რომ ვერ წარმოადგენს საქონლის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტებს, საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობის (სხვა ხარჯების გათვალისწინებით), საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მეშვეობით სპს-ს მიაწოდა 989 000 ლარის ღირებულების ღვინო. გადამხდელის განმარტებით, რეალიზებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის მიხედვით, ფულის ნაშთი შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს. კომპანიამ მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. გადამხდელს წარმოდგენილი ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები ნულოვანი ფორმით.ვინაიდან გადამხდელს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით,სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობის,საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154.