ბრძანება N 18941
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18941
21 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 25 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 25 ივლისის №103657/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივნისის №067-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და დარიცხულ გადასახადს. აცხადებს, რომ რეალიზებულ საქონელს წარმოადგენს ბუნებრივად მოპოვებული მცენარე, რომლის მიმართაც ხორციელდება ხელით შეკვრის მარტივი პროცედურა. განმარტავს, რომ საქმიანობას ახორციელებს პირადად და არ გააჩნია საწარმო, საწყობი, სპეციალური დანადგარები ან დასაქმებული პირები. ამასთან, აღნიშნავს, რომ საქმიანობის დაწყებიდან არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რათა გაერკვია წარმოადგენდა თუ არა მოცემული საქმიანობა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რაზეც განემარტა, რომ მოცემული საქმიანობა არ იბეგრებოდა დღგ-ით. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არასწორად გააიგივა ხელით შეკრული მინდვრის ცოცხი სამრეწველო წესით დამზადებულ მზა პროდუქციასთან. განმარტავს, რომ მისი საქმიანობა შემოიფარგლება ბუნებრივად მზარდი მცენარეების შეგროვებით, მისი მარტივი შეკვრითა და რეალიზაციით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე მითითებით, ითხოვს საგადასახდო მოთხოვნის ბათილობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის №10237 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 24 ივნისის №13940 ბრძანება და ამავე თარიღის №067-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 29 166 ლარი, მათ შორის, გადასახადი 22 561 ლარი, ჯარიმა 6 266 ლარი, საურავი 339 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 251 358 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის 417 095 ლარის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ------- აწარმოებს მინდვრის ცოცხებს, რომლითაც ამარაგებს საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს. მეწარმის ახსნა-განმარტების მიხედვით, მინდვრის ცოცხის წარმოება და მოპოვება ხორციელდება შემდეგნაირად: მცენარე, რომლისგანაც მზადდება ცოცხი იზრდება მინდორში, ბუნებრივად, ადამიანის ჩარევის გარეშე, სეზონურად (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის თვეში), ამასთან, მისი მოპოვებაც ხდება მინდორში. ასევე, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მოსახლეობისგან შესყიდვის აქტით ყიდულობს (იბარებს) ცოცხს. შესყიდვის დროს სეზონზე აღებულ ცოცხს ასაწყობებს მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში და მომდევნო სეზონამდე ინახავს, რათა მთელი წლის განმავლობაში ჰქონდეს მარაგი და მოთხოვნის შესაბამისად განახორციელოს დამკვეთისთვის მიწოდება. შემოწმების პროცესში დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ 100 000 ლარიან ზღვარს გადააჭარბა 2025 წლის 7 მაისს. შესაბამისად, მოცემული თარიღიდანვე წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად არ აქვს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება.შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 125 339 ლარი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული საბანკო ამონაწერები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ 100 000 ლარიან ზღვარს გადააჭარბა 2025 წლის 7 მაისს. შესაბამისად, მოცემული თარიღიდანვე წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 125 339 ლარი. შედეგად, პირს დარიცხა კუთვნილი გადასახადი და შეეფარდა სანქცია.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მეწარმის ახსნა-განმარტების თანახმად, მცენარე, რომლისგანაც მზადდებოდა ცოცხი იზრდებოდა სეზონურად (აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში) მინდორში, ბუნებრივად, ადამიანის ჩარევის გარეშე, ხოლო მისი მოპოვებაც ასევე ხდებოდა მინდორში. ამასთან, პროდუქციის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მოსახლეობისგან შესყიდვის აქტებით ყიდულობდა ცოცხებს, რომელსაც ასაწყობებდა მის საკუთრებაში არსებულ შენობანაგებობაში და ინახავდა მომდევნო სეზონამდე, რათა მთელი წლის განმავლობაში ჰქონოდა მარაგი და მოთხოვნის შესაბამისად განეხორციელებინა დამკვეთისთვის მიწოდება. შემოწმება ასევე, აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სასაქონლო კლასიფიკაციის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პროდუქცია კლასიფიცირებულია №9603 10 000 00 სასაქონლო კოდში, რომლის მიმართაც განსაზღვრულია დღგ-ის 18%-იანი განაკვეთი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი აწარმოებს მინდვრის ცოცხებს, რომლითაც ამარაგებს საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს. შემოწმების მიერ გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვას შორის. შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 159; 163; 164; 269(7)