გადაწყვეტილება №22756/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.10.2024
№ დოკუმენტი 22756/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22756/2/2024

18 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 2.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22756/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7514 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №083-56 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5498 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 871 599,95 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 461 865

დღგ - 20 790

საშემოსავლო გადასახადი - 440 448

ქონების გადასახადი - 627

ჯარიმა - 237 840

საურავი - 171 894,95

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების და საბანკო ანგარიშის ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება დიდი ოდენობით არაგონივრული სალაროს ნაშთები.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სალაროს არაგონივრული ნაშთები შესაბამის თვეებში ჩაითვალა დირექტორზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის და 154- ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების, საბანკო ანგარიშის ამონაწერის, საგადასახადო დოკუმენტების და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებისგან განსხვავებული მონაცემები.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე, 1601 , 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს უნდა დაუკორექტირდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხოს შესაბამისი ოდენობით დღგ. დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საწარმო დაექვემდებარა დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

პირველად სააღრიცხვო მონაცემებთან შედარებით, შემოწმებით განსაზღვრული ბრუნვების ნამეტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით გადახდილ თანხად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2022 წლის №083-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7514 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ჯამური შემოსავლების გაზრდის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერი (თანხების შესაძლო დუბლირების გათვალისწინებით) და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- სალაროს ნაშთის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების, საბანკო ანგარიშის ამონაწერის, საგადასახადო დოკუმენტების და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგენილი შემოსავლები გადაანაწილოს გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციების პროპორციულად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7514 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერის შესწავლით (14.12.2019, 6.03.2020, 29.10.2020, 21.11.2020, 11.08.2021, 31.12.2021, 10.01.2022 თარიღებში) დადგინდა რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის, შესაბამისად, სალაროს ნაშთმა განიცადა კორექტირება და შემცირდა 163 423,3 ლარით. გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთი არგუმენტის (გონივრული ნაშთის გაანგარიშებაში საკასო შემოსავალსა და ხარჯებში არ იქნა გათვალისწინებული დამატებით გაზრდილი შემოსავალი, რომელიც ჩაითვალა ნაღდი ფულით გაცემულ ხელფასად) და საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერის კორექტირებული თანხების გათვალისწინებით სალაროს ნაშთმა განიცადა კორექტირება.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება ჩამოყალიბდა განსხვავებული სახით.

აღნიშნული მითითების მიხედვით პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთის მიმართ. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. ვინაიდან სალაროში ნაღდი ფულის შესახებ განახლებული მეთოდური მითითების მიხედვით, საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთის მიმართ, უპროცენტო სესხად განხილულ თანხებთან დაკავშირებით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში დარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად შემცირებას, ხოლო 2022 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთი (1 245 245,36 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად და აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების და საგადასახადო დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის ნაწილი დაბეგრილი იყო დღგ-ით. შესაბამისად კორექტირება განიცადა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვებმა. საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერის კორექტირების შედეგად ასევე კორექტირება განიცადა პირველად სააღრიცხვო მონაცემებთან შედარებით შემოწმებით განსაზღვრულმა ბრუნვების ნამეტმა და დირექტორზე ხელფასის სახით გადახდილმა თანხამ. შესაბამისად, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადი. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №083-56 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5498 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სალაროს არაგონივრული ნაშთები შესაბამის თვეებში ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას აღნიშნული გადაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დირექტორზე გაცემული სესხის ხელფასად გადაკვალიფიცირება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანებით არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისათვის.

საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სალაროში არსებულ ფულის ნაშთთან დაკავშირებით შემოწმებას მიაწოდა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც ფულის ნაშთი შემოწმების ეტაპზე განხილულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ სესხად და გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებას არ ჰქონდა კვალიფიკაციის შეცვლისა და თანხების დამატებით დარიცხვის უფლება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის ნაცვლად, ხელფასად გადაკვალიფიცირების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერის შესწავლით დადგინდა რადიკალური გადახრა/განსხვავება დღის საშუალო ნავაჭრებს შორის, შესაბამისად, სალაროს ნაშთმა განიცადა კორექტირება და შემცირდა 163 423,3 ლარით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, სასაქონლომატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების და საგადასახადო დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის ნაწილი დაბეგრილი იყო დღგ-ით.

შესაბამისად კორექტირება განიცადა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვებმა. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ცხრილების საფუძველზე, სადაც გამიჯნული იყო დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები.

სამედიცინო პირბადეების ნაწილი გადაანგარიშებით დღგ-ით არ არის დაბეგრილი. სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამაში ასახული პირბადეების ნაწილი დაბეგრილია დღგ-ით, რადგან ვერ დგინდება აღნიშნული პირბადეების სეს ესნ კოდები, ხოლო შესყიდვის საგადასახადო დოკუმენტებში ასახული პირბადეები მომწოდებელ საწარმოებს დაბეგრილი აქვთ დღგ-ით, შესაბამისად, ასეთი საქონელი ვერ ჩაითვალა დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონლად. ანალოგიურად სხვა საქონელი, რომელიც მომწოდებელ საწარმოს და თავად შპს -----ს დაბეგრილი ჰქონდა დღგ-ით, შესაფერისი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ვერ ჩაითვალა დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონლად. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის დროს წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემებით, რომელსაც დაეყრდნო აუდიტორი, უტყუარად დასტურდება შემოწმებით დადგენილი შემოსავალი.

განსახილველ საჩივარს არ ახლავს სააღრიცხვო პროგრამაში ასახული არასანდო მონაცემების აღწერა და ხარვეზების გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი საკითხი, რომელიც გადასახადის გადამხდელს გასაჩივრების პირველ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორმა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გათვალისწინებული მითითება, განეხორციელებინა როგორც დღგ-ით დასაბეგრი ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციების შესწავლა, რის შედეგადაც დასაბეგრი ბრუნვიდან არ იქნა ამოღებული დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (მაგ: სამედიცინო პირბადე და სხვა). აუდიტორის მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდის ფისკალური ამონაწერები. კერძოდ, აუდიტორმა გაანგარიშებისას გაითვალისწინა მხოლოდ შეცდომით ამობეჭდილი ჩეკები და არ გაითვალისწინა თანხების დუბლირება. მაგალითად ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთიდაიგივე დროის მონაკვეთში ერთიდაიგივე თანხა გატარებულია როგორც სალარო აპარატით ასევე საბანკო ტერმინალით. ასევე შეცდომით ხდებოდა საბუღალტრო პროგრამაში შემოსავლების აღრიცხვა ხშირ შემთხვევაში საბანკო ტერმინალით გატარებული თანხები ორმაგად აისახებოდა საზოგადოების ბუღალტერიაში, კერძოდ, უნაღდო ანგარიშსწორების დროს პროგრამული ხარვეზის გამო შეცდომით აისახებოდა, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც აუდიტორმა დასკვნის მომზადებისას სრულად არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დაკისრებული დავალებები, მის მიერ მიღებული შედეგები არ შეესაბამება რეალობას, რის შედეგადაც სარევიზიო პერიოდში რეალიზებული საქონლის ფასნამატმა აუდიტორის გაანგარიშებით შეადგინა 50%, რაც საზოგადოების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არარეალურია. აღნიშნული დასტურდება როგორც საზოგადოების მიერ დოკუმენტალურად რეალიზებულ საქონელზე არსებული ფასნამატით, ასევე საკონტროლო შესყიდვის მონაცემებით, სადაც არსებული ფასნამატი მკვეთრად განსხვავდება ფაქტიურ ფასნამატთან.

საბუღალტრო პროგრამაში არსებული ხარვეზებისა და სრული ქაოსის გამო, აუდიტორის მიერ შეუძლებელია საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის რეალური სურათის დადგენა. აქედან გამომდინარე, რეალური ფასნამატის დადგენისას უნდა ვიხელმძღვანელოთ არაპირდაპირი მეთოდით, საზოგადოების მიერ დოკუმენტალურად დადასტურებულ რეალიზებულ საქონელზე არსებული ფასნამატით.

მომჩივანი 2.10.2024 წლის დაზუსტებულ საჩივარში (№24035/2/2024) აღნიშნავს, რომ შპს --- არის აფთიაქების ქსელი ქ. ---ში და თავის საქმიანობას ეწევა ექვს სხვადასხვა მისამართზე არსებულ ობიექტებზე. 2022 წლის 30 სექტემბერს აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა შპს ---ის შემოწმების აქტი, შემოწმება შეეხო 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით არსებულ პერიოდს.

აღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 12 ოქტომბრის №083-34 მოთხოვნა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა 1 037 625 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 578 962 ლარი.

დამატებითი დარიცხვები განხორციელდა ხუთი საკითხის მიხედვით:

1. შემოწმების აქტით ფიზიკური პირების შემოსავლები სრულად არ იყო დაბეგრილი გადახდის წყაროსთან: საშემოსავლო გადასახადში ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 7 352 ლარი;

2. შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ პირებზე სრულად არ ხდებოდა განაცემების დეკლარირება: საშემოსავლო გადასახადში ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 13 769 ლარი;

3. არაგონივრული სალაროს ნაშთი:

საშემოსავლო გადასახადში ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 92 526 ლარი და მოგების გადასახადში - 249 219 ლარი;

4. არადეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი თანხები:

დღგ-ს ძირითად გადასახადში დაერიცხა 151 698 ლარი და შემცირებული შემოსავლების ნაწილში ასევე, საშემოსავლო გადასახადი - 63 711 ლარი.

5. ქონების გადასახადი: ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 443 ლარი.

აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანებით მიიღო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გადაწყვეტილება და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საკითხები (ზემოთ მითითებულიდან დარიცხვები მე-3 და მე-4 საკითხებში) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მითითებული გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 25 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რის შედეგადაც გამოიცა 2023 წლის 29 დეკემბრის №083-56 საგადასახადო მოთხოვნა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელზე დამატებით დარიცხულმა თანხებმა განიცადა კორექტირება და საგადასახადო მოთხოვნის თანხამ შეადგინა 871 599,95 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის ოდენობამ შეადგინა - 461 865 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში, დავის საგანი და საკითხები არ შეცვლილა, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტმა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანება შეასრულა მხოლოდ მცირე ნაწილში:

1. აუდიტს კომპანიის სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთზე შეცვლილი ჰქონდა კვალიფიკაცია (ნაცვლად პასუხისმგებელ პირზე გაცემული სესხისა, ეს თანხები განხილულ იქნა როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით), რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, ვინაიდან ასეთი მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს არ ჰქონია და აღნიშნული ქმედებით დამძიმდა გადასახადის გადამხდელის საგადამხდელო ვალდებულება;

2. მომჩივნის პოზიციით, არასათანადოდ იქნა შესწავლილი შეცდომით ამორტყმული ჩეკებისა და ფისკალისა და ბანკის მონაცემების დუბლირებების საკითხი, რამაც გაზარდა სალაროს არაგონივრული ნაშთი და გამოიწვია დამატებითი დარიცხვები;

3. არასათანადოდ იქნა შესწავლილი და გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი და დაუბეგრავი ოპერაციების გამიჯვნის საკითხი, ასევე, არასწორადაა ასახული უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორებები, რამაც გამოიწვია არასწორი დარიცხვები.

სწორედ საკითხების არასათანადოდ შესწავლის შედეგია ის, რომ შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის ფასნამატმა შეადგინა 50%, რაც სავსებით წარმოუდგენელი და არარეალურია. საწარმომ ასეთი ფასნამატით რომ იმუშაოს, ის ვერ შეძლებს ფუნქციონირებას, ვინაიდან ვერ გაუწევს კონკურენციას სხვადასხვა ბრენდულ ქსელურ აფთიაქებს და შესაბამისად, ძალიან მალე მოუწევს აფთიაქების ქსელის დახურვა.

აღნიშნული სადაო საკითხებიდან შემოსავლების სამსახურმა, 2024 წლის 13 მარტის №5498 ბრძანებით, დააკმაყოფილა მხოლოდ პირველი საკითხი, რისი გადათვლაც აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა 2024 წლის 12 ივლისის №083-26 საგადასახადო მოთხოვნით. ამ საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად დამატებით დარიცხულმა თანხებმა შეადგინა 949 509,82 ლარი, ძირითადი გადასახადის თანხა შემცირდა მხოლოდ 4 831 ლარით და შეადგინა 457 034 ლარი.

გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5498 ბრძანება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, წინამდებარე საჩივარი წარმოადგენს სწორედ ამ საჩივრის დაზუსტებულ ვერსიას. შეცდომით ამორტყმულ ჩეკები, არასწორადა ასახული უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორებები, სალაროს არაგონივრული ნაშთები, მაღალი ფასნამატი (საშემოსავლო გადასახადი, დღგ): შეცდომით ამორტყმულ ჩეკებთან დაკავშირებით, აუდიტის გადაანგარიშებით, შემოწმების მთელი პერიოდიდან ამორჩეულ იქნა 7 ჩეკი, რაც ჩაითვალა რადიკალურ გადახრად (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის, თუმცა ამას გარდა რს-ზე არსებული საკასო აპარატების ამონაწერების თანახმად, ასევე დღის ნავაჭრის გაშიფვრისას არის ისეთი ჩეკები, რაც არარეალურია სააფთიაქო ქსელის საცალო რეალიზაციისათვის. ხშირად შეგვხვდება პირობითად 400 ლარს ზემოთ ამორტყმული ჩეკები, ასევე ათას, ორიათას, სამიათას, ოთხიათას ლარს გადაცილებულები ჩეკებიც, შეგვხვდა 2019 წლის 13 თებერვლის ჩეკის სახით 6 050 ლარის ოდენობის თანხაც, რაც ფაქტობრივად არ შეიძლება იყოს რეალური, ამის დანახვა მარტივია და ადვილად მისახვედრია, თუ ყოველდღიურ ნავაჭრში ჩაშლილ თანხებს დავაკვირდებით, აქ ამორტყმული ჩეკის თანხები ძირითადად ერთეული ლარებიდან ხუთ ათეული ლარების ფარგლებში მერყეობს.

შესაბამისად, გადახრები თვალსაჩინოა და მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურმა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა ასეთი რადიკალური გადახრები, შემოწმებას ასეთი ფაქტორები არ გაუთვალისწინებია. მტკიცების დასტურად წარმოადგენს საკასო აპარატებიდან რადიკალურად განსხვავებული თანხების შესახებ ამონაწერებს ყველა თვის ჭრილში მთელს შესამოწმებელ პერიოდზე. საშუალოდ თვეში არასწორად ამორტყმული ჩეკების თანხამ 2019 წელს შეადგინა 20 ათასი ლარი, 2020 წელს - 25 ათასი ლარი, 2021 და 2022-ის პირველ სამ თვეს - 22 ათასი ლარი. ის, რომ ჩეკები სისტემატურად არასწორად ირტყმება აფთიაქის თანამშრომლების მიერ, ამის დასტურია 2023-2024 წლებში ანულირებული ჩეკების რაოდენობაც, მარტო 2024 წელს სექტემბრამდე ანულირებულია 38 ჩეკი და მათი ანალიზიც მოგვცემს გარკვეულ სურათს (დანართი - ანულირებული ჩეკები 2023-2024 წლები), აქ ნებისმიერი თანხა შეიძლება ნახოთ 35 ლარიდან 17 ათას ლარამდე. ამასთან, 2022-ში სულ გაშვებულია მხოლოდ 4 განაცხადი ჩეკის გაუქმებაზე, 2023-ში - 5 განაცხადი, ხოლო 2024-ში სექტემბრამდე 38 განაცხადი. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ გადამხდელი ცდილობს მოაწესრიგოს საგადასახადო აღრიცხვა.

სწორედ არასწორად ამორტყმული ჩეკები იძლევა იმ შედეგს, რომ ფასნამატი აღმოჩნდა არარეალური 53%. შესაძლებელია გადამოწმდეს ასევე, კომპანიის მიმართ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების მონაცემებიდანაც (დანართი - ფასნამატი საკონტროლო შესყიდვისას). ანულირებულ ჩეკებთან დაკავშირებით წინამდებარე საჩივარზე თანდართული მასალების თანახმად, მთელ შესამოწმებელ პერიოდზე 400 ლარს ზემოთ ამორტყმული ჩეკების თანხობრივი ჯამი შეადგენს დაახლოებით 900 ათას ლარამდე თანხას. იგივე პერიოდზე ამოღებულია 400 ლარს ზემოთ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების სია, მათი თანხობრივი ჯამი დაახლოებით 51 500 ლარია. კომისიამ არასწორად ამორტყმულ ჩეკებთან დაკავშირებით გაითვალისწინოს არსებული ანალიზი და რეალიზაციაზე გამოწერილი ზედნადებების გათვალისწინებით (გამოკლებით) მოახდინონ შემოსავლების კორექტირება.

სალაროს არაგონივრული ნაშთის დათვლისას ასევე არადეკლარირებული იჯარის თანხები არ არის სრულად გათვალისწინებული, ნაცვლად 113 100 ლარისა, გამოქვითულია 26 400 ლარი. სულ კომპანიას არადეკლარირებული ჰქონდა 4 ფართის იჯარა კერძო პირებზე, რისის ხარჯიც სალაროდან გადიოდა, კერძოდ: ფართი 1. 700 ლარი*39 თვე=27 300 ლარი ფართი 2. 600 ლარი*39 თვე= 23 400 ლარი ფართი 3. 800 ლარი*39 თვე= 31 200 ლარი ფართი 4. 800 ლარი*39 თვე= 31 200 ლარი სულ = 113 100 ლარი.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის გამოყვანისას ორმაგად მონაწილეობს გაყიდული ვაუჩერებისგან შემოსული თანხები (მედიკამენტების ღირებულება+ვაუჩერების ღირებულება). მაგალითისთვის წარმოდგენილია დანართი - ვაუჩერები.

ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია ფასნამატის ისეთი მაღალი მაჩვენებელი, რაც დაფიქსირებულია შემოწმების აქტით და შეადგინა არარეალური 50%. სალაროს არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით და ბრუნვის (ამონაგების) გაზრდის გამო დამატებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაუგებარია საშემოსავლო გადასახადში მეორე და მესამე გადაანგარიშებების გამო გამოწვეული სხვაობები, კერძოდ: თავდაპირველი აქტით საშემოსავლო გადასახადში ძირი თანხის სახით სულ დაერიცხა 177 418 ლარი. საბოლოო გადაანგარიშებით ამ დარიცხვამ შეადგინა 215 880 ლარი, მაშინ როცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშებების საფუძველზე ორ ეპიზოდში უნდა მომხდარიყო საშემოსავლო გადასახადის შემცირება: დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირების ნაწილში (დღგ-ის ძირი თანხა შემცირდა 130 908 ლარით და შესაბამისად, ამ თანხაზე საშემოსავლო გადასახადიც უნდა შემცირებულიყო) და არასწორად ამორტყმული ჩეკების ნაწილში (163 423,31 ლარით შემცირდა ამონაგები, შესაბამისად ამის წილი საშემოსავლო გადასახადიც უნდა შემცირებულიყო). უნდა გაუქმდეს 2023 წლის 29 დეკემბრის №083-56 და 2024 წლის 12 ივლისის №083-26 მოთხოვნები, რაც ეფუძნება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებას მის დაუკმაყოფილებელ ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7514 ბრძანებით, ჯამური შემოსავლების გაზრდის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის საკონტროლოსალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერი (თანხების შესაძლო დუბლირების გათვალისწინებით) და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის.

- სალაროს ნაშთის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერის შესწავლით (14.12.2019, 6.03.2020, 29.10.2020, 21.11.2020, 11.08.2021, 31.12.2021, 10.01.2022 თარიღებში) დადგინდა რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის, შესაბამისად, სალაროს ნაშთმა განიცადა კორექტირება და შემცირდა 163 423,3 ლარით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტის და საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერის კორექტირებული თანხების გათვალისწინებით სალაროს ნაშთმა განიცადა კორექტირება. უპროცენტო სესხად განხილულ თანხებთან დაკავშირებით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში დარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად შემცირებას, ხოლო 2022 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად და აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შესწავლის მიზნით გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან 4.05.2023 წელს ელექტრონულ ფოსტაზე ფოსტაზე გაგზავნილ იქნა წერილი. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა 10.07.2023 წელს ელექტრონული ფოსტით გამოგზავნა წერილი და შეცდომით ამობეჭდილი ჩეკების მონაცემები.

დასკვნის მომზადების დროს აღნიშნული თანხები გათვალისწინებულ იქნა, ხოლო „დუბლირებულ“ თანხებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი, რადგან ასეთი შემთხვევების იდენტიფიცირება და დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია.

საკონტროლოსალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში შეცდომით ასახულ თანხებად ჩათვლილი მონაცემები ასევე შეცდომით არ არის ასახული სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემებში, შესაბამისად კორექტირებას არ ექვემდებარება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

საგულისხმოა, რომ 8.10.2015 წლიდან 28.06.2024 წლამდე პერიოდში შპს „---ში“ (სნ ---) განხორციელდა 63 საკონტროლო შესყიდვა, რის შედეგადაც გამოვლინდა საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 12 სამართალდარღვევა (მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა 18 საკონტროლო შესყიდვა და გამოვლინდა 4 სამართალდარღვევა, შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში განხორციელდა 10 საკონტროლო შესყიდვა და გამოვლინდა 2 სამართალდარღვევა, შემოწმების დასრულების თარიღიდან 28.06.2024 წლამდე პერიოდში განხორციელდა 12 საკონტროლო შესყიდვა და გამოვლინდა 1 სამართალდარღვევა).

სწორედ აღნიშნული გარემოების გამო აღემატება სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემები საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერების და საბანკო ანგარიშის მონაცემებს. საკონტროლო-სალარო აპარატების ფისკალურ მეხსიერებაში და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში თანხების დუბლირების დასადასტურებლად 2024 წლის 23 აპრილს №69332/01 განცხადებით წარმოდგენილია ელექტრონული ცხრილი. განცხადებაზე თანდართულ ელექტრონულ ცხრილში ასახულია 2019 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საწარმოს საკუთრებაში არსებული 6 საკონტროლო-სალარო აპარატიდან ერთ-ერთი საკონტროლო სალარო აპარატის (DY---) ფისკალური მეხსიერებიდან ამონაწერის ფრაგმენტი, საკონტროლო-სალარო აპარატების (DY---) ფისკალური მეხსიერებიდან ამონაწერის ფრაგმენტების და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის ფრაგმენტის შედარება.

საკონტროლო-სალარო აპარატიდან ერთ-ერთი საკონტროლო სალარო აპარატის (DY-----) ფისკალური მეხსიერებიდან ამონაწერის ფრაგმენტში ასახულია ჯამში 73 656 ლარის ოპერაცია, ამასთან ყველა ჩეკის თანხა არის 99-ის ტოლი. აღნიშნულ ამონაწერში ერთი და იგივე თარიღებში მრავალჯერ ფიქსირდება ერთი და იგივე თანხა (99 ლარი), ამასთან ჩეკის ამობეჭდვის დროებში (საათი და წუთი) არის როგორც აცდენა, ასევე დამთხვევა. საკონტროლოსალარო აპარატების (DY----) ფისკალური მეხსიერებიდან ამონაწერის ფრაგმენტების და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის ფრაგმენტის შედარების ცხრილში ასახულია ჯამში 399,5 ლარის ოპერაცია.

აღნიშნულ ამონაწერში ჩეკის ამობეჭდვის და საბანკო ტრანზაქციის დროებს (საათი და წუთი) შორის არის აცდენა.

2024 წლის 2 ოქტომბერს №24035/2/2024 განცხადებით წარმოდგენილია ელექტრონული ცხრილები. განცხადებაზე თანდართულ ელექტრონულ ცხრილში ასახულია არაშესამოწმებელ პერიოდში 2023-2024 წლებში შემოსავლების სამსახურში წარდგენილი შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ფაქტის დაფიქსირების აქტების ნაწილი (33 აქტი), შპს----ს (სნ ---- მიერ გამოწერილი სასაქონლო-ზედნადებების რეესტრი, შემოწმებულ პერიოდში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის მონაცემები (აღნიშნული მონაცემებით გადამხდელის წარმომადგენლის ანგარიშით ფასნამატები შეადგენს - (-70); (-46,59); 0,5; 0,67; 9,28; 10,13; 11,11; 11,11; 15; 20; 20,57; 25; 25; 32,2; 42,86; 51,52; 55,81; 69,23; 172,73; 172,73 პროცენტს), საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერების მონაცემები.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით შემოწმებულ პერიოდში შპს ---ის (ს/ნ ---) მიერ არ განხორციელებულა „მომხმარებელზე ფულის დაბრუნების ან შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ფაქტის დაფიქსირების აქტების“ წარმოდგენა. შპს ---ს (ს/ნ ---) წარმომადგენლების მიერ არც შემოწმების მიმდინარეობის დროს და არც აღნიშნული საჩივრის წარმოდგენის დროს არ განხორციელდა შემოწმებული პერიოდის „მომხმარებელზე ფულის დაბრუნების ან შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ფაქტის დაფიქსირების აქტების“ წარმოდგენა.

სალაროში თანხის მოძრაობის ცხრილში სრულად არის გათვალისწინებული საიჯარო გადასახდელები. საწარმოს ფართები იჯარით ჰქონდა აღებული 6 პირისგან (შპს „----). შპს „----ის“ და ----თვის საიჯარო გადასახდელები ანაზღაურებულია საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვის გზით. ---თვის და ---ძისთვის საიჯარო გადასახდელები ანაზღაურებულია ნაღდი ანგარიშსწორების გზით და გადახდილი თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

სალაროში თანხის მოძრაობის ცხრილში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი განაცემები, რომლებიც ანაზღაურებულია ნაღდი ანგარიშსწორებით, არ არის გამიჯნული ხელფასად და საიჯარო გადასახდელად, ცხრილში შესაბამის სვეტს აწერია ხელფასი, სადაც ჩართულია ---თვის და ---თვის გადახდილი თანხები. ----თვის და ----სთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი საიჯარო გადასახდელები არ იყო გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი, შესაბამისად მეიჯარეებისთვის გადახდილი თანხები სალაროში თანხის მოძრაობის ცხრილში ასახულია განცალკევებით, როგორც არადეკლარირებული იჯარა.

საგულისხმოა, რომ საჩივარში ასახული საიჯარო გადასახდელების შესახებ მონაცემები არასწორია, რადგან ყოველთვიური საიჯარო გადასახდელი ხელშეკრულებით ორ პირთან განსაზღვრულია 500 ლარის ოდენობით, ხოლო ორ პირთან 600 ლარის ოდენობით. 2024 წლის 2 ოქტომბერს წარმოდგენილ დაზუსტებულ №24035/2/2024 საჩივარს დანართად არ ახლავს ვაუჩერების შესახებ მტკიცებულებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის ნაცვლად, ხელფასად გადაკვალიფიცირების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5498 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სალაროს არაგონივრული ნაშთები შესაბამის თვეებში ჩაითვალა დირექტორზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის და 154- ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების, საბანკო ანგარიშის ამონაწერის, საგადასახადო დოკუმენტების და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებისგან განსხვავებული მონაცემები.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე, 1601 , 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს უნდა დაუკორექტირდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხოს შესაბამისი ოდენობით დღგ.

პირველად სააღრიცხვო მონაცემებთან შედარებით, შემოწმებით განსაზღვრული ბრუნვების ნამეტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით გადახდილ თანხად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73 (9); 101; 154.