ბრძანება N 3374
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3374
19 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: ------------------------;
იურ. მის.: --------------------------)
2024 წლის 17 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) 2024 წლის 17 იანვრის №86852/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №085-27 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გაანგარიშებას. აცხადებს, რომ საქონლის ჯგუფებში შემოწმების მიერ ბევრი საქონელი ვერ დაკავშირდა, ვერ მოიძებნა საქონლის შეძენის დოკუმენტი და შესაბამისად ვერ დაადგინა კონკრეტული საქონლის თვითღირებულება, რამაც საბოლოოდ იმოქმედა კონკრეტული საქონლის ჯგუფის საშუალო ფასნამატზე. მაგალითისთვის მომჩივანი მიუთითებს პურის და ზეთის ჯგუფებზე და აღნიშნავს, რომ პურის ჯგუფის შემთხვევაში შემოწმების მიერ დადგენილია მხოლოდ 3 პოზიცია, მათ მიერ კი განსაზღვრულია 7 პოზიცია. აცხადებს, რომ აღნიშნულმა განაპირობა საშუალო ფასნამტის სხვაობა. კერძოდ, შემმოწმებით პურზე საშუალო ფასნამატი დადგინდა 21%, ხოლო რეალურად ინვენტარიზაციით დადგენილი რეალიზაციის ფასების მიხედვით ფასნამტი არის 18%. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ფასნამატის გაანგარიშების დამატებით შესწავლას მისი მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 სექტემბრის №22914 და 6 დეკემბრის №30488 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 15 თებერვლიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2023 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 19 დეკემბრის №32063 ბრძანება და 20 დეკემბრის №085-27 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 302 265 ლარი, მათ შორის, გადასახადი 192 652 ლარი, ჯარიმა 96 326 ლარი, საურავი 13 287 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ●შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გამოწერილი და მიღებული ელექტრონული დოკუმენტების მიხედვით საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმითა და სხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის N23006 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 67 423 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი, რეალიზებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონლის კატეგორიზაცია (სულ საქონელი დაიყო 41 კატეგორიად). კატეგორიზაციის შემდგომ, ინვენტარიზაციის მასალების შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა თითოეული საქონლის ფასნამატი. სმფ-ს საწყისი ნაშთის, შეძენებისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ საბოლოო ნაშთზე დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიის მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 158-ე და 159-ე მუხლების თანახმად, გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად რეალიზებულად. შედეგად საწარმოს გაეზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა სულ 666 067 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
● საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 15 სექტემბრის N22678 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც საწარმოს სალაროში აღმოაჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი 1000 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით გადამხდელს უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი აქვს დაუბეგრავად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 67 423 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი, რეალიზებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონლის კატეგორიზაცია (სულ საქონელი დაიყო 41 კატეგორიად). კატეგორიზაციის შემდგომ, ინვენტარიზაციის მასალების შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა თითოეული საქონლის ფასნამატი. სმფ-ს საწყისი ნაშთის, შეძენებისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ საბოლოო ნაშთზე დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიის მიხედვით. შედეგად საწარმოს გაეზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.
ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციებისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგების (გადამხდელს სალაროში ჰქონდა ფულის ნაშთი 1000 ლარის ოდენობით) და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ითხოვს ფასნამატის გაანგარიშების დამატებით შესწავლას მისი მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22914 და №30488 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 15 თებერვლიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2023 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32063 ბრძანება და №085-27 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა 302 265 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N23006 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 158-ე და 159-ე მუხლების თანახმად, გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად რეალიზებულად. შედეგად საწარმოს გაეზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ასევე,საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N22678 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც საწარმოს სალაროში აღმოაჩნდა ნაღდი ფულის,რომელიც გადამხდელს სალაროდან გატანილი აქვს დაუბეგრავად. შემოწმების მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“,9 „ბ“); 101(1); 154(1„ა“, 2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“); 163(1); 164;