გადაწყვეილება №22172/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2024
№ დოკუმენტი 22172/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№22172/2/2024

07 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "------"(ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------"-ის 6.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22172/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25754 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №006-624 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32972 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 16 016 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 8 994

ჯარიმა - 3 789

საურავი - 3 233

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის სახით თანხის გაცემა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივნისის №16839 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 2 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 32 უძრავი ქონება. აღნიშნული ქონებების ჯამური ღირებულება აღემატება 100 000 ლარს. მომჩივნის მიერ ჯამურად უძრავი ქონების უკან დაბრუნებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 288 268 ლარს, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 175 533 ლარს. საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით, "------"-ს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 25 იანვარი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 153-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ნოემბრის №27980 ბრძანება და №006-493 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 52 320 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 5 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანება 10.05.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.06.2023 წლის №19658/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.06.2023 წლის დასკვნა, 22.06.2023 წლის №14378 ბრძანება და №006-279 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 23 585 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 22 362 ლარი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14136 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას მომჩივანი ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე. საგამოძიებო მასალების შესწავლით დგინდება, რომ სესხით გაცემული თანხებიდან მიღებულმა საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 37 892 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-9, 79-ე მე-80 და მე-100 მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14345 ბრძანება და №006-278 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 14 267 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №006-279 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (ახლად გამოვლენილი გარემოებებით) და 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, შესაძლებლად მიიჩნია დავის დაწყება ახლად გამოვლენილი გარემოებებით და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანება 24.10.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.12.2023 წლის №21144/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25754 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2023 წლის დასკვნა, 14.11.2023 წლის №28034 ბრძანება და №006-567 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 9 742 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 10 505 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 26 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 დეკემბრის №30911 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 22.12.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25754 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2023 წლის დასკვნა, 11.12.2023 წლის №30990 ბრძანება და №006- 624 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 26 დეკემბრის №32972 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 6.02.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ამასთან, 23.02.2024 წელს შემოსავლების სამსახურიდან, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გადმოგზავნილია გადასახადის გადამხდელის საჩივარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანების შესაბამისად გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები არ შემცირდა. შემოწმების მიერ, სრულად იქნა შესწავლილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, ვინაიდან 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნა შესაბამისობაშია წარდგენილი დოკუმენტებთან, მისი კორექტირება არ მომხდარა, ხოლო 2023 წლის 22 ივნისის №006-279 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა დაკორექტირდა (შემცირდა) საგამოძიებო სამსახურის მიწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად და გათვალისწინებულ იქნა იმ პირთა მიერ გადახდილი პროცენტები, რომლის შესახებ ინფორმაცია ასახული იყო საგამოძიებო სამსახურის მასალებში, რაზეც გამოიცა 2023 წლის 14 ნოემბრის №006-567 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანების შესაბამისად შემოწმების მიერ სრულად იქნა შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელწერილები და აღსანიშნავია, რომ პირების უმეტესობა გამოკითხულია საგამოძიებო სამსახურის მიერ.

იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2023 წლის 14 ნოემბრის №006-567 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც განხორციელდა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება, ხოლო 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები სრულად თანხვედრაში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციასთან, რის შედეგებზეც შედეგად გამოიცა 2023 წლის 11 დეკემბრის №006-624 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანების აღსრულება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება/საკითხი, რომელიც თავდაპირველი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა აღსასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც მომჩივნისთვის არის ცნობილი, საგამოძიებო სამსახურს არ დაუკითხავს ყველა ის პირი, ვისთანაც დადებულია სადავო ხელშეკრულებები. შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფინანსთა სამინისტროში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, გაითვალისწინოს ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლებითაც პირები აღიარებენ, რომ კონკრეტული სადავო ხელშეკრულებების საფუძველზე არანაირი პროცენტი მომჩივნისთვის არ გადაუხდიათ.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32972 ბრძანება.

23.02.2024 წლის საჩივარში კი აღნიშნულია, რომ ითხოვს დავის დაწყება საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის საფუძველზე. კერძოდ, 2024 წლის 10 იანვრის და 2023 წლის 3 ოქტომბრის ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილების შედეგად დადგენილი/აღმოჩენილი ახალი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №006-278 და 2023 წლის 22 ივნისის №006- 279 საგადასახდო მოთხოვნებით დარიცხული თანხების კორექტირება. ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილების საფუძველზე, რომლებიც არ არსებობდა აღნიშნული საგადასახდო მოთხოვნების გამოცემის დროს, პირები აღიარებენ, რომ კონკრეტული სადავო ხელშეკრულებები საფუძველზე არანაირი პროცენტი არ გადაუხდიათ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოწმების მიერ სრულად იქნა შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნა სრულად თანხვედრაშია აღნიშნულ მასალებთან. შედეგად, ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა. ამასთან, 2023 წლის 22 ივნისის №006-279 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა დაკორექტირდა მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე. კერძოდ, პირები, რომელთა გადახდილ პროცენტებზე ინფორმაცია ასახული იყო საგამოძიებო მასალებში, დაკორექტირდა მიწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 9 742 ლარით.

ამასთან, საქმეში არსებული მასალების შესწავლის/ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხელწერილების გათვალისწინების საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32972 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 25 იანვარი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, გადამხდელს არ წარუდგენია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 153-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ნოემბრის №27980 ბრძანება და №006-493 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 52 320 ლარი.

გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას მომჩივანი ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე.საგამოძიებო მასალების შესწავლით დგინდება, რომ სესხით გაცემული თანხებიდან მიღებულმა საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 37 892 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-9, 79-ე მე-80 და მე-100 მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304.