გადაწყვეტილება №25910/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25910/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25910/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ (ს/ნ ---------------)-ის 28.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25910/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოწმებით განსაზღვრული სალაროს ნაშთის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №044-22 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20842 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 209 896,34 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 129 790,71

დღგ - 70 961,67

მოგების გადასახადი - 24 506.08

საშემოსავლო გადასახადი - 34 322,96

ჯარიმა - 64 895,40

საურავი - 15 210,23

 

ფაქტების აღწერა

გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 21.02.2023 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 21.02.2023 წლიდან 1.05.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 27.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, ვერ იქნა წარდგენილი საბანკო ამონაწერები და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით. გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. მიღებული შემოსავლის მიხედვით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა საინვოისო ღირებულებები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დარჩენილმა ნაშთმა შეადგინა 171 615 ლარი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე 4.07.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15104 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №044-22 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.09.2025 წლის №20842 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა საინვოისო ღირებულებები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დარჩენილი ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა მხოლოდ ბუღალტრული პროგრამა ორისი, ხოლო შემოწმების მიერ მოთხოვნილი საბანკო ამონაწერები არ იქნა წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული პროგრამა არასრულყოფილია, კერძოდ, გადამხდელი არ აწარმოებს საქონლის ჩამოწერებს დადგენილი წესით, ასახული არ არის ინვენტარიზაციის შედეგები, შესაბამისად, არასწორია სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთები. შემოწმების პროცესში გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით კომპანიის დირექტორი არ იმყოფება საქართველოში, შესაბამისად, ვერ ხდება საბანკო ამონაწერების და ცნობების წარმოდგენა, დასასრულებელია ბუღალტრული პროგრამაც. კომპანია საქმიანობას აღარ ახორციელებს.

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს საქონლის იმპორტი ბოლოს უფიქსირდება 2024 წლის ივნისის თვეში. შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად შემოტანილია 812 973 ლარის საქონელი, რომლის ღირებულება შემოწმების მიერ სრულად არის გამოქვითული ფულის მოძრაობის ნაწილში, ხოლო ბუღალტრული (არასრულყოფილი) ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს მომწოდებელთან გადარიცხული აქვს 427 499 ლარი ბანკის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტი ავანსად გადარიცხული თანხის შესახებ არ დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს შეწყვეტილი აქვს საქმიანობა გაურკვეველია ავანსის გადარიცხვის (არსებობის შემთხვევაში) მიზნობრიობა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 6 ივნისს №13433 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის და ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N994-ის შესაბამისად ჩატარდა შპს "-------"-ის (-------- იურიდიული მის.----ის რ/ნ სოფელი ----) სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საინვენტარიზაციო კომისიამ წარმოადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა რაოდენობრივი ბუღალტრული ნაშთი 2024 წლის 6 ივნისის თვითღირებულებით 114 767 ლარის ოდენობით. კომისიის წევრების მიერ აღწერილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთისა და ბუღალტრული ნაშთის ურთიერთშედარებისას გამოვლინდა შემდეგი სხვაობები:

1) სასაქონლო მატერიალური ფასეულობათა დანაკლისი საბაზრო ფასებით - 163 864.32 ლარით (ფასნამატი 21 %-ით). გამოვლენილ სხვაობებზე 2024 წლის 16 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №------.

შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რის შედეგადაც სალაროში არსებულმა ნაშთმა შეადგინა 171 615 ლარი, შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი 34 322 ლარი და 17 161 ლარი ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის მიხედვით. აღნიშნული თანხა სალაროს ნაშთად ვერ იქნებოდა, ვინაიდან უცხოელ მომწოდებლებთან გადარიცხულია ავანსად თანხები, რომელიც ასახულია საბუღალტრო პროგრამის ჩანაწერებში. მომჩივანი ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მომჩივანი აღნიშნავს რომ შემოწმებით გამოვლენილი თანხა სალაროს ნაშთად ვერ იქნებოდა, ვინაიდან უცხოელ მომწოდებლებთან გადარიცხული იყო ავანსად და ეს ოპერაცია ფიქსირდებოდა ბუღალტრული პროგრამით.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა მხოლოდ ბუღალტრული პროგრამა ორისი, ხოლო მოთხოვნილი საბანკო ამონაწერები არ წარადგინა. ბუღალტრულ პროგრამაში გადამხდელი არ აწარმოებდა საქონლის ჩამოწერებს დადგენილი წესით, ასახული არ იყო ინვენტარიზაციის შედეგები, შესაბამისად, არასწორი იყო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთები. შემოწმების პროცესში გადამხდელის წარმომადგენლის მიერ სიტყვიერად და ასევე მეილით კომუნიკაციის სახით განიმარტა, რომ კომპანიის დირექტორი არ იმყოფება საქართველოში, შესაბამისად, ვერ ხდებოდა საბანკო ამონაწერების და ცნობების წარდგენა, დასასრულებელი იყო ბუღალტრული პროგრამაც. ასევე სიტყვიერი განმარტებით, კომპანია საქმიანობას აღარ ახორციელებდა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გავლენას მოახდენდა გაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20842 ბრძანება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით განსაზღვრული სალაროს ნაშთის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 21.02.2023 წლიდან 1.05.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 27.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, ვერ იქნა წარდგენილი საბანკო ამონაწერები და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით. გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. მიღებული შემოსავლის მიხედვით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა საინვოისო ღირებულებები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დარჩენილმა ნაშთმა შეადგინა 171 615 ლარი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15104 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №044-22 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №20842 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №20842 ბრძანება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 ,,ა“.2 „ა“ და „ბ“)