ბრძანება N 32825

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.12.2023
№ დოკუმენტი 32825
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32825

26 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 7 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №84751/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №065-32 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მონაცემების ანალიზისა და გაანგარიშების შედეგად დადგენილი ფასნამატი ნაკლებია, როგორც კომპანიის მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე, ასევე ცალკეული ჯგუფების მიხედვით, რასაც ასევე ადასტურებს 13 დასახელების საქონლის საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი ფასნამატების ოდენობა. მიუთითებს, რომ კომპანიის საშუალო ფასნამატი 22%-ია. მომჩივანი ითხოვს მისი ჩართულობით ფასნამატის ცხრილის ხელახალ გავლას და გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6502 და 3 აგვისტოს №19047 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25057 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №065-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 262 227 ლარი, მათ შორის გადასახადი 145 957 ლარი, ჯარიმა 72 525 ლარი და საურავი 43 745 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა სამეურნეო-სამშენებლო საქონლის და ხე-ტყის რეალიზაციას, ასევე, ავეჯის დამზადებას მერქანბურბუშელოვანი ფილისგან და სხვადასხვა სამეურნეო-სამშენებლო ძირითადი საშუალებების იჯარას. კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია 2019 წელს, თუმცა საქმიანობა დაიწყო შესამოწმებელ პერიოდში. საწარმოს ფართი აღებული ჰქონდა იჯარით დირექტორისგან, -------, -------, სადაც განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტი და საწყობი. შემოწმების მიმდინარეობისას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N17349 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივად არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობის, თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა. აღნიშნული ღონისძიების შედეგად დადგინდა 2023 წლის პირველი ივლისისთვის სმფ-ების ნაშთი, რომლის თვითღირებულებამ სულ ჯამში შეადგინა 1 133 847 ლარი (დღგ-ის გარეშე). საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 12 ჯგუფზე (აბაზანის ინვენტარი, აპარატები და დანადგარები, აქსესუარები და სახარჯი მასალა, ბაღი და სპეც-ტანსაცმელი, გათბობა-გაგრილება, ელექტროობა და განათება, ინტერ-ექსტერიერის საფარი, ლაქ-საღებავები და დეკორი, სამშენებლო მასალა, ხელსაწყო, წყალმომარაგება და თბოიზოლაცია და სხვა.) დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაუკავშირდა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასს და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოითვალა ფასნამატი წლების ჭრილში. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატები ჯგუფების და წლების მიხედვით (2020 წლის დოკუმენტური საშუალო ფასნამატი 23.2%, 2021 წელი 28.3%, 2022 წელი 38.01%, 2023 წელი38.2%, ხოლო შესამოწმებელი მთლიანი პერიოდის საშუალო ფასნამატი 32%) და დაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რომელსაც დაემატა სარეალიზაციო საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, წარმოებული ავეჯის, ძირითადი საშუალებების, ხე-ტყის რეალიზაცია და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამდენად, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 12 ჯგუფზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაუკავშირდა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასს და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოითვალა ფასნამატი წლების ჭრილში. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატები ჯგუფების და წლების მიხედვით. ამასთან, დაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რომელსაც დაემატა სარეალიზაციო საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, წარმოებული ავეჯის, ძირითადი საშუალებების, ხე-ტყის რეალიზაცია და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დარიცხვის შედეგები გადასახადის გადამხდელის გადაეგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე. ფასნამატის გაანგარიშების დროს შემოწმებამ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის პოზიცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ორ ჯგუფში შემავალ საქონელთან (ცემენტი და სახურავი) დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო საუბრისას დირექტორი აცხადებდა, რომ არ ზოგადად ეთანხმებოდა ფასნამატს, თუმცა კონკრეტული არგუმენტი არ გააჩნდა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამის ჯგუფებზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატების განსაზღვრა და აღნიშნულის საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელება შესაბამისი ჯგუფების და წლების მიხედვით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა სამეურნეო-სამშენებლო საქონლის და ხე-ტყის რეალიზაციას, ასევე, ავეჯის დამზადებას მერქანბურბუშელოვანი ფილისგან და სხვადასხვა სამეურნეო-სამშენებლო ძირითადი საშუალებების იჯარას. კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. შემოწმების მიმდინარეობისას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივად არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობის, თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა. საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 2020 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161