გადაწყვეტილება №27375/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27375/2/2026
14 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 19.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27375/2/2026).
დავის საგანი:
1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2024 წლის №23087/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 29.04.2024 წლის №9916 ბრძანება;
3. საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2026 წლის №7082 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 327 420,1 ლარი.
პროცედურული გარემოებები
საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტზე, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის (327 420,1 ლარი) ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18771 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2.11.2023 წლის №20611/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18771 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2.11.2023 წლის №20611/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 29.04.2024 წლის №9916 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.09.2024 წლის №23087/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.04.2024 წლის №9916 ბრძანება. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს სადავო აქტების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 26.09.2024 წლის №23087/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2026 წლის №7082 ბრძანებით არ დაკორექტირდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) მიმართ 30.05.2023 წელს შედგენილი №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2026 წლის №7082 ბრძანება, 30.05.2023 წელს შედგენილი №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 29.04.2024 წლის №9916 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 16.12.2021 წლის №---/-- (რეგ. №--/21-10; 17.12.2021 წ.) და 20.12.2021 წლის №---/15-04-02 (რეგ. №---/21-10; 20.12.2021 წ.) მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 20.12.2021 წლის №39356 და 21.01.2022 წლის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 21.12.2021 წლიდან - 18.05.2023 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ქ. -----ში, -----ის ქუჩა №-ა-ში მდებარე, მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობების (WHS---- – GEA--; WHS-- – GEO--) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.
საბაჟო საწყობში (WHS-- – GEO--) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №WHS--3 18.05.2023), აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე): „---“ – 214 687 კოლოფი („--“ – 212 201 კოლოფი, „--“ – 500 კოლოფი, „--“ – 500 კოლოფი, „-- 29“ – 486 კოლოფი, „--“ – 1 000 კოლოფი) და „---“ – 98 309 კოლოფი.
ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 8.03.2022 წლის ექსპერტის №--- დასკვნით შეადგინა 327 420,1 ლარი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 327 420,1 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით (№27375/2/2026) მომჩივანი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 29.04.2024 წლის №9916 ბრძანებას და საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა მის მიმართ შედგენილი საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის მიერ 29.04.2024 წლის №9916 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.09.2024 წლის №23087/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2024 წლის №23087/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2026 წლის №7082 ბრძანების მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული დამატებითი შესწავლით დასტურდება, რომ:
– №---/---/--- საქონლის საბაჟო დეკლარაციით შპს ----ს (ს/ნ -----) მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ იქნა და შპს „----“-ის კუთვნილ საბაჟო საწყობში (WHS--- – GEA--) განთავსდა უცხოური საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „----“ (215 000 კოლოფი, 430 ყუთი).
– №---/----/----/2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით შპს „------“-ის (ს/ნ ----) მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ იქნა და შპს „-----“-ის კუთვნილ საბაჟო საწყობში (WHS---- GEA--) განთავსდა უცხოური საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „------“, 100 000 კოლოფი (200 ყუთი).
საბაჟო საწყობის პროცედურის განხორციელებისას საქონლის საბაჟო დეკლარაციის გრაფების შევსების წესი განსაზღვრულია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-17 მუხლით, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დეკლარაციის 44-ე გრაფა („დამატებითი ინფორმაცია“) „ივსება იმ შემთხვევაში, თუ 37-ე გრაფაში მითითებულია „7474“ და მიეთითება იმ საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი, საიდანაც ხდება საქონლის გამოტანა“, ხოლო მე-5 პუნქტი ადგენს დეკლარაციის 49-ე გრაფის („საწყობის დასახელება“) შევსების შემდეგ წესს: „გრაფის პირველ ნაწილში აღინიშნება საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის საიდენტიფიკაციო კოდი. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემისას ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდს ბოლოში ემატება – „/1„. გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის შენახვის ვადა დღეებში, ხოლო საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში – საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიეთითება შენახვის საერთო ვადა დღეებში“.
შესაბამისად, დასახელებულ საბაჟო დეკლარაციებში ასახული ინფორმაციით დეკლარირებულ იქნა, რომ საბაჟო საწყობში (WHS-----) შენახული საქონელი „----“ (215 000 კოლოფი, 430 ყუთი) შპს -----ს მიერ 729 კალენდარული დღით ხელახლა დასაწყობდა ამავე საბაჟო საწყობში (WHS----), ხოლო საბაჟო საწყობში (WHS---) შენახული საქონელი „---“ (100 000 კოლოფი, 200 ყუთი), საბაჟო საწყობში საკუთრების უფლების გადაცემის გზით, შეძენილ იქნა შპს „---“-ის მიერ და 725 კალენდარული დღით დასაწყობდა ამავე საბაჟო საწყობში (WHS-----).
საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 20 დეკემბრის №39356 და 2022 წლის 21 იანვრის №1120 ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებისას საბაჟო საწყობში (WHS---, GEA--) არ აღმოჩნდა დასახელებული საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი.
ამავე შემოწმების ფარგლებში სხვა საბაჟო საწყობში (WHS---, GEO--) გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი: „----“ – 214 687 კოლოფი და „------“ – 98 309 კოლოფი, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ იყო მიწოდებული/წარდგენილი საბაჟო ორგანოსთვის.
საბაჟო ორგანოსთვის ასევე არ იყო მიწოდებული №--/--/--/2019 და №--/--/--/2021 საბაჟო დეკლარაციებით დასაწყობებული და WHS--- საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის („---“, 215 000 კოლოფი, 430 ყუთი; „---“ 100 000 კოლოფი, 200 ყუთი) აქციზური მარკებით ნიშანდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. აქციზური მარკები არ იყო დატანილი არც WHS--- საბაჟო საწყობში გამოვლენილ არადეკლარირებული საქონელზე („--“ – 214 687 კოლოფი და „---“ – 98 309 კოლოფი) და, მოცემულ შემთხვევაში, საქონლის იდენტიფიცირებისათვის ასევე არ იყო გამოყენებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საქონელი – თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი) არ წარმოადგენს ისეთი კატეგორიის საქონელს, რომელიც შესაძლებელია იდენტიფიცირებულ იქნეს მასზე დატანილი და დეკლარანტის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებული უნიკალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ WHS--- საბაჟო საწყობში გამოვლენილი არადეკლარირებული საქონელი („--“ – 214 687 კოლოფი და „---“ – 98 309 კოლოფი) წარმოადგენს WHS-- საბაჟო საწყობში დასაწყობებული საქონლის („--“, 215 000 კოლოფი, 430 ყუთი და „--“, 100 000 კოლოფი, 200 ყუთი) ნაშთს/ნაწილს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ საქმესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენი, საქმე №-/--22, №--; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი, საქმე №-/--23 წ. №--; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განაჩენი, საქმე №--24, №----) დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ:
ა) WHS---- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არსებულ დახურულ შენობაში/არსებული დახურული შენობიდან საქონლის შეტანა/გატანა ხორციელდებოდა საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ განთავსებული შესასვლელი/გამოსასვლელი კარით;
ბ) WHS---- საბაჟო საწყობში ადმინისტრაციული შენობიდან საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შესასვლელი/ტერიტორიიდან გასასვლელი კარი განთავსებული იყო საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
გ) საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ადგილებზე მოწყობილი ჰქონდათ შესასვლელი და გასასვლელი კარი;
დ) საბაჟო საწყობების კონტროლის ზონა არ იყო გამოყოფილი არასაბაჟო კონტროლის ზონისგან იმგვარად, რომ გამორიცხული ყოფილიყო მასში შეღწევადობა;
ე) ირღვეოდა საბაჟო საწყობებში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების უწყვეტობა;
ვ) ზემოხსენებული კი საშუალებას იძლეოდა საბაჟო საწყობებიდან საქონლის გატანა და საბაჟო საწყობებში საქონლის შეტანა, ნაცვლად ამისათვის გამოყოფილი სპეციალური შესასვლელის/გასასვლელისა, მომხდარიყო არა საბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად შეეტანათ ან გაეტანათ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ იქნა კორექტირებული შპს „----“-ის (ს/ნ -----) მიმართ 2023 წლის 30 მაისს შედგენილი №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტები არის უკანონო და დაუსაბუთებელი და ის უნდა გაუქმდეს. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა (ა) შპს „------“-ის მონაწილეობით, (ბ) კვლავ თავიდან დაევალა შეესწავლა სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, (დ) უზრუნველეყო სადავო აქტების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ბარათზე. საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან არ შესრულებულა არც ერთი მითითება.
შპს „----“ არ ყოფილა მიწვეული და მისი მონაწილეობით არ ჩატარებულა რაიმე განხილვა და მისთვის არც მოსაზრებების და პოზიციის წარდგენის წინადადებით მიუმართავს საბაჟო ორგანოს. შესაბამისად, უმთავრესი მოთხოვნა, რაც გულისხმობდა შპს „---“-ის მონაწილეობას საქმის განხილვაში, დაირღვა, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
მეორე მითითება საბაჟო ორგანოს მიმართ უკავშირდებოდა სადავო საკითების თავიდან შესწავლას. საბაჟო ორგანოს მხრიდან დაირღვა აღნიშნული მოთხოვნაც. თავდაპირველად, 3 წლის წინ, 2023 წელს გამოცემული სამართალდარღვევის ოქმის მიმართ კომპანიის მიერ უკვე წარმოდგენილი იყო დასაბუთებული საჩივარი, რაც უკვე 2-ჯერ გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების საბჭომ, რომ შპს „----“ არ ეთანხმებოდა სამართალდარღვევის ოქმში მოყვანილ ფორმულირებებს. კერძოდ, საბჭოს მიერ შპს „---“-ის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა შემდეგი გარემოებები:
შპს „------“ არ ეთანხმება 30.05.2023 სამართალდარღვევის ოქმში EL211274, მოყვანილ ფორმულირებას. ნანახი იქნა აქციზური მარკების გარეშე არადეკლარირებული სიგარეტი (---- – 214 687 კოლოფი, ფილტრიანი სიგარეტი --- – 98 309 კოლოფი) ვინაიდან 214 687 კოლოფი სიგარეტი ----- ეკუთვნის შპს ----ს (ს/ნ -----) (2019 წლის 23 დეკემბრის ---/--- საბაჟო დეკლარაცია), ხოლო 98 309 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი ---- ეკუთვნის შპს „----“-ს (ს/ნ -----) (2021 წლის 12 იანვრის ----/---- საბაჟო დეკლარაცია).
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეფუძნება ინდივიდუალიზაციის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქმედების ჩამდენ პირს (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილი), ხოლო თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით სამართალდარღვევად მიიჩნევა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
აქედან გამომდინარე, კანონი ერთი მხრივ განასხვავებს 3 ტიპის დამოუკიდებელ და განსხვავებულ შემადგენლობას და ზღვარს ავლებს განკარგვას, დაკარგვას და განადგურებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, სამართალდარღვევად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მხოლოდ უკანონო ქმედება.
საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (სუსგ №ბს-552(კ-20)) ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“. ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე ცნობილი იყო როგორც ტვირთის არსებობის თაობაზე (შესაბამისად ცნობილი იყო ისიც, რომ ტვირთი ვერ იქნებოდა განკარგული, დაკარგული ან განადგურებული) და ცნობილი იყო ასევე ტვირთის მესაკუთრის თაობაზეც (რადგანაც მიუთითებს როგორც ტვირთმფლობელს, ისე დროებითი შენახვის დეკლარაციას).
სამართალდარღვევის ოქმი არ ახდენს არც იმის დაკონკრეტებას თუ კონკრეტულად რომელი შედეგი დადგა - განკარგვა, დაკარგვა თუ განადგურება (რაც რეალურად არ მომხდარა და თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს ტვირთის არსებობას) და არც იმას მიუთითებს იყო თუ არა ეს არარსებული ქმედება უკანონო.
როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა მიუთითებს (სუსგ №---(---)), „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“
გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის თანახმად (სუსგ №ბს-845(კ21)), როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს.
საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (სუსგ №ბს-552(კ-20)) ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი დრო, ადგილი, ვითარება“. გარდა ამისა, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით (სუსგ №ბს-1163-1157(2კ-17)) „საქონლის განკარგვა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე“, რომელი მტკიცებულებებიც „უტყუარად უნდა ადასტურებდეს“ სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტს.
იმ ვითარებაში კი, როდესაც ტვირთის არც განკარგვა, არც დაკარგვა და არც განადგურება მომხდარა იმთავითვე ცხადია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერც არარსებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახეს, საქონლის განკარგვის ფაქტის დროს, ადგილს და ვითარებას ვერ დაადგენდა და ვერც კონკრეტულ უტყუარ მტკიცებულებებს და გარემოებებს დაეყრდნობოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიის მიმართ გამოცემულ იქნა სრულიად უკანონო სამართალდარღვევის ოქმი.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე.“ გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით (სუსგ №ბს-845(კ-21)) „საქონლის განკარგვა უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მფლობელისათვის უნდა იყოს ზიანის მომტანი“. ხოლო, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი.
საქონლის ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „-----“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა. შესაბამისად, შეუძლებელია ვისაუბროთ ტვირთის რაიმე ფორმით დაკარგვაზე, განკარგვაზე ან მის განადგურებაზე.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
დავების განხილვის საბჭომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითა მასზედ, რომ „მომჩივანი განმარტავს, რომ ნანახი იქნა აქციზური მარკების გარეშე არადეკლარირებული სიგარეტი („---“ - 214 687 კოლოფი, ფილტრიანი სიგარეტი „-------“ - 98 309 კოლოფი), 214 687 კოლოფი სიგარეტი ---- ეკუთვნის შპს -----ს (ს/ნ ------) (23.12.2019 წლის №---/---- საბაჟო დეკლარაცია), ხოლო 98 309 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი „-----“ ეკუთვნის შპს „---“-ს (ს/ნ ------) (12.01.2021 წლის №---/--- საბაჟო დეკლარაცია).“ შესაბამისად, გამოკვეთილი იყო ის არსებითი გარემოება, რომლის ირგვლივაც საბაჟო ორგანოს დამატებით უნდა ემსჯელა და მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება.
სამწუხაროდ, საბაჟო ორგანომ, კანონით დადგენილი ვადების დარღვევის და არაგონივრული გაჭიანურების მიუხედავად, რა დროსაც 2 წლის მანძილზე არც შპს „----“-ის წარმომადგენელი მიუწვევია განხილვაზე და არც მათი მოსაზრების მოსმენით დაინტერესებულა, „სადავო საკითხების თავიდან შესწავლის ნაცვლად“ სრულიად განსხვავებული შინაარსი მისცა მის მიერ გამოცემულ სამართალდარღვევის ოქმს და გამოიყენა ნორმატიული აქტი, რომელიც არარსებული სამართალდარღვევის ვითომდა ჩადენის დროს არც კი მოქმედებდა.
კერძოდ, გასაჩივრებულ აქტში, ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-17 მუხლი მე-4 პუნქტის დღეისათვის (2026 წლის მაისის მდგომარეობით) მოქმედ შინაარსზე („დეკლარაციის 44-ე გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, თუ 37-ე გრაფაში მითითებულია „7474“ და მიეთითება იმ საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი, საიდანაც ხდება საქონლის გამოტანა“), მაშინ როდესაც არარსებული „სამართალდარღვევის“ ჩადენის დროს მოქმედი ნორმის რედაქცია სრულია განსხვავებული იყო („გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ - გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ 37-ე გრაფაში მითითებულია „7474“, მაშინ 44-ე გრაფაში მიეთითება იმ საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი, საიდანაც ხდება საქონლის გამოტანა.“).
სამწუხაროდ, საბაჟო ორგანოს მხრიდან დავის მიმდინარეობის განვლილი წლები არსებითი სადავო გარემოებების შესწავლის ნაცვლად მოხმარდა იმას, რომ ნებისმიერი ფორმით მომხდარიყო უკანონო და უსაფუძვლო სამართალდარღვევის ოქმის და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შენარჩუნება, რაც გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული შესწავლის მიზანს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომ გამოცემული აქტი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
ზემოთ მითითებული არგუმენტების და არსებითი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიერ 2-ჯერ მიეთითა საბაჟო ორგანოს, რომ „საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით.“ დავის საგანს და სადავო გარემოებებს კი ქმნიდა საბაჟო ორგანოს მიერ შპს „-------“-ის მიმართ საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის უკანონოდ დაკისრება ვითომდა უკანონოდ განკარგული იმ საქონლის გამო, რომელიც რეალურად იმავე კომპლექსში იმყოფებოდა.
ნაცვლად სადავო არსებითი ფაქტობრივი გარემოებების კვლევისა, მისი საბოლოო გასაჩივრებული აქტით, საბაჟო ორგანომ მიუთითა იდენტურ გარემოებებზე, რაც მანამდე არ იქნა გაზიარებული დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან და დამატებით, იმ დროისათვის ჯერ კიდევ ძალაში არ მყოფი ნორმატიული აქტის ტექსტზე მითითებით განაგრძობს იმის უსაფუძვლოდ მტკიცებას, რომ თითქოს „არ დასტურდება, რომ WHS---- საბაჟო საწყობში გამოვლენილი არადეკლარირებული საქონელი („----“ – 214 687 კოლოფი და „----“ – 98 309 კოლოფი) წარმოადგენს WHS--- საბაჟო საწყობში დასაწყობებული საქონლის („---“, 215 000 კოლოფი, 430 ყუთი და „----“, 100 000 კოლოფი, 200 ყუთი) ნაშთს/ნაწილს“. ამ შემთხვევაშიც, ადმინისტრაციული ორგანო კვლავ განგრძობს მტკიცების ტვირთის უკანონოდ შებრუნებას გადასახადის გადამხდელის საზიანოდ. ნაცვლად იმისა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოეხდინა იმის დამტკიცება, რომ სამართალდარღვევის დაკისრება მოხდა კანონიერად, მას კვლავ განმცხადებელზე გადმოაქვს იმის მტკიცების ტვირთი, რომ საბაჟო საწყობში არსებული ერთიდაიგივე დასახელების საქონელი ერთდროულად არის უკანონოდ განკარგულიც და უკანონოდ არსებულიც, რაც ლოგიკურ აბსურდულობასთან ერთად, ცალსახად და ობიექტურად მხოლოდ მიზანმიმართული ზიანის მიყენების განზრახვად შეიძლება იქნეს მიჩნეული.
გადასახადის გადამხდელის ქმედების კანონიერების პრეზუმფციიდან და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, ადმინისტრაციული ორგანო ცდილობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამოყენებას სრულიად სხვა საქმესთან დაკავშირებით. აქაც, ადმინისტრაციული ორგანო ერთი მხრივ ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განაჩენს, რომელიც ასევე არ არსებობდა სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს - 2023 წლის 30 მაისს და რაც მთავარია, აღნიშნული განაჩენით არ არის დადგენილი არც გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული არარსებული ფაქტი, რაც საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს შექმნიდა. ადმინისტრაციული ორგანო ცდილობს საკუთარი ინტერპრეტაციით „განავრცოს“ განაჩენის შინაარსი. უდავოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი შეეხება სრულიად სხვა ფაქტობრივ გარემოებს და აღნიშნულ საქმეშიც დავის საგანს არ წარმოადგენდა ის ფაქტები, რომლებიც მოცემული ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებშია სადავო. აღნიშნულ გარემოებას ვერც საბაჟო ორგანო არიდებს თავს და ნაცვლად საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციისა („საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად“), ახლა უკვე ცდილობს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი „გამოძებნოს“ იმაში, თითქოს დარღვეული იყო საქონლის ადგილმდებარეობისა და მისი ნებისმიერი გადაადგილების შესახებ აღრიცხვა-შენახვის ვალდებულება („საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლი). საბაჟო ორგანოს აღნიშნული პოზიცია კიდევ უფრო მეტად უკანონოა იმის გათვალისწინებით, რომ პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდა არა აღრიცხვა-შენახვის მოვალეობის ვითომდა დარღვევისათვის, არამედ ქონების უკანონოდ განკარგვისათვის.
ასევე სრულიად გაურკვეველია, თუ რას გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანო, როდესაც აცხადებს, რომ „განსახილველ შემთხვევაში სადავო საქონელი – თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი) არ წარმოადგენს ისეთი კატეგორიის საქონელს, რომელიც შესაძლებელია იდენტიფიცირებულ იქნეს მასზე დატანილი და დეკლარანტის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებული უნიკალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემით.“
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს მიერ გამოცემული აქტი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
ბათილად უნდა იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 საბაჟო №EL211274 სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 29.04.2024 წლის №9916 ბრძანება და საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2026 წლის №7082 ბრძანება და საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს უზრუნველყოს სადავო აქტების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;
გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
მომჩივანი 18.05.2024 წელს წარმოდგენილ საჩივარში განმარტავდა, რომ ნანახი იქნა აქციზური მარკების გარეშე არადეკლარირებული სიგარეტი („----“ - 214 687 კოლოფი, ფილტრიანი სიგარეტი „----“ - 98 309 კოლოფი). 214 687 კოლოფი სიგარეტი --- ეკუთვნის შპს ---ს (ს/ნ -----) (23.12.2019 წლის №--/--- საბაჟო დეკლარაცია), ხოლო 98 309 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი „------“ ეკუთვნის შპს „---“-ს (ს/ნ -----) (12.01.2021 წლის №--/-- საბაჟო დეკლარაცია). ხოლო, მიმდინარე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ შპს -- (ს/ნ ---) და შპს „---“ (ს/ნ ----) მოითხოვენ მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობებში განთავსებულ მათ კუთვნილ საქონელს (სიგარეტს). აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილობითი მიმართვა საბაჟო ორგანოსთვის, სადაც მითითებულია, რომ საქონელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს. ამ ეტაპისთვის აღნიშნული წარმოება არ დასრულებულა. საბაჟო ორგანოს სათანადო რეაგირება/ქმედება არ განუხორციელებია.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2024 წლის №23087/2/2024 გადაწყვეტილების მართლზომიერად აღსრულებისთვის შეფასებული უნდა იქნას შპს ------ს (ს/ნ -----) და შპს „----“-ის (ს/ნ ------) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე დაწყებული წარმოების შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2024 წლის №23087/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გაითვალისწინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის შპს ----ს (ს/ნ ----) და შპს „----“-ის (ს/ნ ---) მიმართვის საფუძველზე დაწყებული წარმოების შედეგების მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. კერძოდ, საბაჟო ორგანოს/საგამოძიებო ორგანოს მიერ საქონლის მესაკუთრედ შპს ----ს (ს/ნ ----) ან/და შპს „----“-ის (ს/ნ ----) მიჩნევის შემთხვევაში (მათთვის №--/--/--/2019 ან/და №---/--/--/2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელის გადაცემის/დაბრუნების შემთხვევაში) უზრუნველყოს მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში არადეკლარირებულად მიჩნეული საქონელის რაოდენობიდან („---“ – 214 687 კოლოფი და „---“ – 98 309 კოლოფი) ამორიცხვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 29.04.2024 წლის №9916 ბრძანების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2026 წლის №7082 ბრძანება;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2024 წლის №23087/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სადავო აქტის კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №23087/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტზე, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის (327 420,1 ლარი) ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №18771 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.რომლის №20611/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №18771 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს №20611/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და №9916 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.რომლის №23087/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №9916 ბრძანება. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს სადავო აქტების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს №23087/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი საბაჟო დეპარტამენტის №7082 ბრძანებით არ დაკორექტირდა მომჩივანის მიმართ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო დეპარტამენტის №7082 ბრძანება, შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის №9916 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკთხთან მიმართებით საბჭოს მიაჩნია,რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამ ნაწილში სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ხოლო,მეორე სადავო საკითხის ნაწილში მიიჩნია,რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №23087/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სადავო აქტის კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ზ“);
ასევე, საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(1); 172;