ბრძანება N 18122
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18122
11 აგვისტო 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.: „-------“ )
2026 წლის 13 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) №103409/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 ივნისის №021-56 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აცხადებს, რომ გაუგებარია რომელი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არქონამ გამოიწვია აღნიშნული მეთოდის გამოყენების აუცილებლობა. ასევე, აცხადებს, რომ არავითარი წინასწარი განზრახვა გადასახადის შემცირების არ არსებობდა და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის №10443 და №10522 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 23 იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 12 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 15 ივნისის №13093 ბრძანება და 16 ივნისის №021-56 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 4 827 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 830 ლარი, ჯარიმა 1 415 ლარი და საურავი 582 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 23 იანვრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2025 წლის 24 მარტიდან. ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული გაყინული თევზით საბითუმო ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იმპორტი, თუმცა აღნიშნული საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. გადასახადის გადამხდელი ასევე არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, გადამხდელის განმარტებისა და წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 0 ლარს, ასევე, არ ფიქსირდება არც დებიტორული და არც კრედიტორული დავალიანება.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია, ხოლო საქონლის ნაშთი პერიოდის ბოლოს არ ფიქსირდება, შემოწმებამ მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად იქნა რეალიზებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რომლის ფარგლებში იმპორტირებული საქონლის ღირებულებას (რპთ) დაემატა აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური საქმიანობის სუბიექტების მიმართ ჩამოყალიბებული და გამოყენებული აუდირებული ფასნამატი 10%. ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის საფუძველზე განისაზღვრა კომპანიის მიერ მისაღები შემოსავალი და შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე და 160-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა ფულის ნაშთი. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ იმპორტირებული აქვს საქონელი. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი დაფიქსირდა სალაროში არსებულ ნაშთად 36 748 ლარის ოდენობით 2026 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული გაყინული თევზით საბითუმო ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იმპორტი, თუმცა აღნიშნული საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. გადასახადის გადამხდელი ასევე არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, გადამხდელის განმარტებისა და წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 0 ლარს, ასევე, არ ფიქსირდება არც დებიტორული და არც კრედიტორული დავალიანება. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია, ხოლო საქონლის ნაშთი პერიოდის ბოლოს არ ფიქსირდება, შემოწმებამ მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად იქნა რეალიზებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რომლის ფარგლებში იმპორტირებული საქონლის ღირებულებას (რპთ) დაემატა აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური საქმიანობის სუბიექტების მიმართ ჩამოყალიბებული და გამოყენებული აუდირებული ფასნამატი 10%. ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის საფუძველზე განისაზღვრა კომპანიის მიერ მისაღები შემოსავალი და დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დაბეგვრის ობიექტისა და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო სანქციასთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად,1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 23 იანვრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2025 წლის 24 მარტიდან. ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული გაყინული თევზით საბითუმო ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე.
გადამხდელის მიერ განხორციელებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იმპორტი, თუმცა აღნიშნული საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა.
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 0 ლარს, ასევე, არ ფიქსირდება არც დებიტორული და არც კრედიტორული დავალიანება. ვინაიდან, გადამხდელს არ წარმოუდგენია იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია, ხოლო საქონლის ნაშთი პერიოდის ბოლოს არ ფიქსირდება, შემოწმებამ მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად იქნა რეალიზებული.სსკ-ის 73-ე, 159-ე და 160-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა ფულის ნაშთი. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ იმპორტირებული აქვს საქონელი. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი დაფიქსირდა სალაროში არსებულ ნაშთად .
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო სანქციასთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),163,164,275.