გადაწყვეტილება №21438/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2024
№ დოკუმენტი 21438/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21438/2/2023

20 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 28.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21438/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5764 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №006-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27248 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 232 207 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 132 756

დღგ - 50 472

მოგების გადასახადი - 964

საშემოსავლო გადასახადი - 81 320

ჯარიმა - 65 996

საურავი - 33 455

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო ბლოკის წარმოება/რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.09.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ნედლეული (ცემენტი, ქვიშაღორღი) სულ 29 429 ლარის ოდენობით (საბაზრო ფასით), ხოლო მიღებული დეკლარირებული შემოსავლები ამ ნაწილში შეადგენს 15 297 ლარს (საბაზრო ფასი). ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, არ წარადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შეძენილი ნედლეულიდან ნაწარმოები იქნა სამშენებლო ბლოკი (გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი რეცეპტების გამოყენებით) და შესაბამის პერიოდებში, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, ჩაირთო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ბლოკის სარეალიზაციო ფასი გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასის მიხედვით (სულ 19 294 ლარი, დღგის გარეშე). ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სამშენებლო მასალების და ავტონაწილების შეძენა, რაც ასევე ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

2. 2021 წელს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სატრანსპორტო გადაზიდვების მომსახურების შეძენა/რეალიზაცია. კომპანია სატრანსპორტო მომსახურებას აწვდის -------ს სახელმწიფო შპს „-------ს“ (ს/ნ -------) და შპს „--------ს“ (ს/ნ -------), მიწოდებას ახორციელებს იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ამ პერიოდში შეძენილი აქვს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით 176 089 ლიტრი საწვავი, მათ შორის დიზელი 174 047 ლიტრი, რომელიც გამოყენებულია ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევისას. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა და არაერთგზის მოთხოვნის (საგადასახადო კოდექსის 70-მუხლის შესაბამისად) მიუხედავად, არ წარადგინა ზემოაღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები).

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ხორციელდება საქონლის/საწვავის ჩამოწერები კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირებისგან გამოთხოვილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული/მიღებული მომსახურების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ: დადგინდა გაწეული მომსახურების საშუალო ღირებულება ერთ რეისზე (160 ლარი) და მასზე გახარჯული საწვავის (დიზელი) რაოდენობა (13-დან-21 ლიტრამდე), რაც გათვალისწინებული იქნა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯად, ხოლო დარჩენილი საწვავის რაოდენობიდან გაანგარიშდა რეისების რაოდენობა (საშუალოდ ერთ რეისზე 18 ლიტრი) და დოკუმენტური ფასის გათვალისწინებით, დადგინდა გაწეული მომსახურების ღირებულება. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დადგენილი იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის გათვალისწინებით, აღნიშნული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №41649 ბრძანება და №006-1062 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5764 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის მოხმარების ნორმის შესახებ, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი მტკიცებულებები და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის კომპანიის პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5764 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 504 373 ლარით, აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №006-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7904 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 23.06.2023 წლის №19629/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 6.11.2023 წლის №27248 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ ექსპერტიზის 2022 წლის 10 ოქტომბრის №09/04 დასკვნის საფუძველზე გაანგარიშებული იქნა, ავტომობილის მარკა/მოდელის გათვალისწინებით, შესრულებულ რეისზე გახარჯული საწვავის (დიზელის) რაოდენობა საშუალოდ 32.97 ლიტრის ოდენობით, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ამასთან, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27248 ბრძანებით საჩივრის არ დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია, რომ „..ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მესამე პირ(ებ)ისგან გამოთხოვილი იქნა შპს „------ს“ მიერ იჯარით მიღებულ ექსკავატორებთან დაკავშირებით ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „------ს“ შპს „------“ -ისგან იჯარით მიღებული ჰქონდა მხოლოდ ორი ერთეული ექსკავატორი (------- და -------), რომლებზეც გახარჯული საწვავი გათვალისწინებულია 2023 წლის 25 იანვრის დასკვნაში, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოხსენიებული ექსკავატორების ნაწილში შემოწმებით შემოსავლები და ხარჯები არ არის გაანგარიშებული დოკუმენტური მტკიცებულებების არარსებობის გამო.“

აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სხვა ექსკავატორები არ ჭირდებოდა, მაშინ გამოდის, რომ ორი ექსკავატორით მუშაობა ვერ უზრუნველყოფდა ავტომობილების მიწით დატვირთავს და შესაბამისად, ვერ შესრულდებოდა მიწის გადატანის რეისები, რომელიც დაიანგარიშა აუდიტის დეპარტამენტმა. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტი როდესაც ანგარიშობს დასაბეგრ თანხას არაპირდაპირი მეთოდით, მან უნდა გაიანგარიშოს არაპირდაპირი შემოსავლების დასადგენად რამდენიმე პარამეტრი, მათ შორის საწვავის წვა, მაგრამ შემოსავლების გაზრდა ხელოვნურად არ უნდა მოახდინოს, არამედ ავტომობილების რეისები უნდა იყოს დაკავშირებული მისი მიწით დატვირთვასთან, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში იგნორირებულია. გამოდის, რომ ორმა ექსკავატორმა მოახდინა 3 600 რეისის დატვირთვა, რაც შესამოწმებელ პერიოდში შეუძლებელია, იმიტომ რომ ექსკავატორებმა უნდა იმუშაოს დღეში 18 საათი, რაც არ ედრება დამკვეთის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ რეისებს და მიწის რაოდენობას. კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა ექსპერტის დასკვნა, აღნიშნული დასკვნით ავტომობილები საშუალოდ ერთ რეისზე წვავს 32.97 ლიტრ დიზელის საწვავს, ხოლო ავტომობილების დატვირთვაზე დასაქმებული ექსკავატორები:

1) ------ - გამოშვებული 2010 წელს, ერთ საათში წვავს - 22.5 ლიტრს, ნამუშევარი აქვს - 704 საათი, საწვავის ჯამური ხარჯი შეადგენს 15 840 ლიტრს;

2) ------ - გამოშვებული 2011 წელს, ერთ საათში წვავს - 21.25 ლიტრს, ნამუშევარი აქვს - 568 საათი, საწვავის ჯამური ხარჯი შეადგენს 12 212 ლიტრს;

3) ------- - გამოშვებული 2014 წელს, ერთ საათში წვავს - 18.75 ლიტრს, ნამუშევარი აქვს - 608 საათი, საწვავის ჯამური ხარჯი შეადგენს 11 400 ლიტრს

4) ------- - გამოშვებული 2015 წელს, ერთ საათში წვავს -18.75 ლიტრს, ნამუშევარი აქვს - 648 საათი, საწვავის ჯამური ხარჯი შეადგენს 12 150 ლიტრს.

აქედან გამომდინარე, ექსკავატორების მიერ გახარჯული საწვავი შეადგენს 51 602 ლიტრს, აღნიშნული საწვავის ხარჯი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის დასკვნაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული. მთლიანად კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში შეიძინა 171 747.5 ლიტრი დიზელის საწვავი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ კომპანიას შეძენილი აქვს 174 046.51 ლიტრი დიზელის საწვავი, აღნიშნული შეცდომა გამოწვეულია იმით, რომ კომპანიას 2021 წლის 1 სექტემბერს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (ეა ------ და ეა -----) შეძენილი აქვს 2 299 ლიტრი საწვავი, აღნიშნული შეძენა არ შედის შესამოწმებელ პერიოდში და მისი ხარჯვა არ უნდა შედიოდეს შესამოწმებელ პერიოდში. საჩივარს თან ერთვის შესამოწმებელ პერიოდში სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 171 747.5 ლიტრი დიზელის საწვავი. სწორედ 171 747.5 ლიტრი დიზელის საწვავიდან ექსკავატორების მიერ ექსპერტიზის თანახმად გახარჯული აქვს 51 602 ლიტრი საწვავი, დარჩენილი 120 145.5 ლიტრი საწვავი გახარჯული იქნა ავტოტრანსპორტით შესრულებულ გადაზიდვებზე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რასაც ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტი. ერთ რეისზე საწვავის საშუალო ხარჯი შეადგენს 32.97 ლიტრს, ხოლო 120 145.5 ლიტრი საწვავით შესრულდებოდა (120 145.5/32.97)=3 644 რეისი. აუდიტის დეპარტამენტმა ერთი რეისის ღირებულება დაადგინა 160 ლარი, აქედან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში ამონაგები შეადგენს (160X3644) = 583 053.68 ლარს, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 25 იანვრის დასკვნაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დააფიქსირა 831 655.6 ლარი, აუდიტის დეპარტამენტმა უნდა გაითვალისწინოს დიზელის საწვავის ხარჯი რომელიც კომპანიამ დახარჯა ექსკავატორებზე, რომელიც კომპანიას იჯარით ქონდა აღებული, რაც დასტურდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და ექსკავატორების იჯარის თანხები გადახდილია კომპანიის საბანკო ანგარიშიდან, ხოლო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩამონათვალი თან ერთვის საჩივარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საწვავის ხარჯვის დროს გაითვალისწინოს კომპანიის მიერ ექსკავატორების მიერ დახარჯული დიზელის საწვავი, მოახდინოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება და შესაბამისად შემცირდეს ამ მიზეზით დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5764 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი აღსრულების საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა, მაგრამ აღნიშნულს არ დაეთანხმა გადასახადის გადამხდელი და გაასაჩივრა რა, შემოსვლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7904 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 23.06.2023 წლის №19629/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურმა საბჭოს 23.06.2023 წლის №19629/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახლა განიხილა საჩივარი და 6.11.2023 წლის №27248 ბრძანებით არ დააკმაყოფილა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2023 წლის 25 იანვრის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

- საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შეძენილი სამშენებლო მასალებისგან სამშენებლო ბლოკის წარმოების, ასევე სამშენებლო მასალების და ავტონაწილების რეალიზებულად განხილვის ნაწილში) დღგ-ის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას 2 488 ლარის, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 4 097 ლარის ოდენობით;

- გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 11 ოქტომბერს წარადგინა ექსპერტიზის 2022 წლის 10 ოქტომბრის დასკვნა №09/04, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდა, ავტომობილის მარკა/მოდელის გათვალისწინებით, შესრულებულ რეისზე გახარჯული საწვავის (დიზელის) რაოდენობა საშუალოდ 32.97 ლიტრის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას 124 827 ლარის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 204 583 ლარის ოდენობით.

ამგვარად, ირკვევა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ ექსპერტიზის 2022 წლის 10 ოქტომბრის №09/04 დასკვნის საფუძველზე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა, ავტომობილის მარკა/მოდელის გათვალისწინებით, შესრულებულ რეისზე გახარჯული საწვავის (დიზელის) რაოდენობა საშუალოდ 32.97 ლიტრის ოდენობით, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, წარმოადგენს არგუმენტებს, მიუთითებს შემოწმებისათვის წარდგენილი ექსპერტის დასკვნის მიხედვით დადგენილ ავტომობილების მიერ საშუალოდ ერთ რეისზე, ხოლო ავტომობილების დატვირთვაზე დასაქმებული ექსკავატორების მიერ საწვავის წვის ოდენობებზე და მის საფუძველზე წარმოადგენს გაანგარიშებებს გახარჯული საწვავის ოდენობაზე, რომელსაც მიიჩნევს კომპანიის მიერ გახარჯულად და მოითხოვს იჯარით აღებულ ექსკავატორებზე, რაც მიიჩნევს, რომ დასტურდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და იჯარის თანხების გადახდით, დახარჯული დიზელის საწვავის გათვალისწინებას. ამასთან აღნიშნავს, რომ კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში შეიძინა 171 747.5 ლიტრი დიზელის საწვავი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულია, 174 046.51 ლიტრი, რასაც მიიჩნევს შეცდომად რაც მისი პოზიციით გამოწვეულია კომპანიის მიერ 2021 წლის 1 სექტემბერს, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (ეა ------ და ეა ------) შეძენილი 2 299 ლიტრი საწვავის შეძენაში მოხვედრით და რომლის ხარჯვა არ უნდა შედიოდეს შესამოწმებელ პერიოდში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტი 15.02.2024 წლის №14180-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მესამე პირ(ებ)ისგან გამოთხოვილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ იჯარით მიღებულ ექსკავატორებთან დაკავშირებით ინფორმაცია და დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შპს „-------“ -ისგან იჯარით მიღებული ჰქონდა მხოლოდ ორი ერთეული ექსკავატორი (-------- და -------), რომლებზეც გახარჯული საწვავი გათვალისწინებულია 2023 წლის 25 იანვრის დასკვნაში, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოხსენიებული ექსკავატორების ნაწილში შემოწმებით შემოსავლები და ხარჯები არ არის გაანგარიშებული დოკუმენტური მტკიცებულებების არარსებობის გამო. ხოლო, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ შეძენილი საწვავის შესამოწმებელ პერიოდში გახარჯულად განხილვასთან დაკავშირებით, მომჩივნის არგუმენტზე აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში (1.01.2018-1.09.2021) კომპანიას შეძენილი აქვს 174 046.51 ლიტრი დიზელი, ხოლო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (ეა ------- და ეა ------) ოპერაციის განხორციელების პერიოდს წარმოადგენს 2023 წლის 31 აგვისტო, რაც მოიცავს შესამოწმებელ პერიოდს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საწვავის შეძენა ხორციელდება ყოველდღიურად, რომლის გათვალისწინებითაც, 2023 წლის 31 აგვისტოს შეძენილი საწვავი შემოწმების მიერ სრულად ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5764 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5764 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ნედლეული (ცემენტი, ქვიშაღორღი) სულ 29 429 ლარის ოდენობით (საბაზრო ფასით), ხოლო მიღებული დეკლარირებული შემოსავლები ამ ნაწილში შეადგენს 15 297 ლარს (საბაზრო ფასი). ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, არ წარადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

2. 2021 წელს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სატრანსპორტო გადაზიდვების მომსახურების შეძენა/რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს ამ პერიოდში შეძენილი აქვს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით 176 089 ლიტრი საწვავი, მათ შორის დიზელი 174 047 ლიტრი, რომელიც გამოყენებულია ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევისას. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა და არაერთგზის მოთხოვნის (საგადასახადო კოდექსის 70-მუხლის შესაბამისად) მიუხედავად, არ წარადგინა ზემოაღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები). გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ხორციელდება საქონლის/საწვავის ჩამოწერები კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირებისგან გამოთხოვილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული/მიღებული მომსახურების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის გათვალისწინებით, აღნიშნული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5764 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").