ბრძანება N 4255
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4255
06.03.2023
ი/მ -----------(ს/ნ ----------)
(მის.:------------------------)
2022 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა ი/მ -------------ს (ს/ნ ------------) 2022 წლის 20 ოქტომბრის №75633/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 სექტემბრის №083-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს და მისი გაანგარიშების მეთოდიკას. მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა ფასნამატის ოდენობის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი მონაცემებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3285 ბრძანებისა და 11 აგვისტოს №21369 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----------ს (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 7 აგვისტოს №27303 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 31 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 სექტემბრის №24368 ბრძანება და ამავე თარიღის №083–28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 281 926 ლარი, მათ შორის გადასახადი 167 644 ლარი, ჯარიმა 70 332 ლარი და საურავი 43 950 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ავტონაწილებით (პირველადი) ვაჭრობა ---------ში. პირი საქმიანობის განხორციელების მიზნით იყენებდა იჯარით აღებულ საწყობის ფართს. ასევე, გადამხდელი ახორციელებდა დისტრიბუციას. მეწარმე წარმოდგენილ ახსნაგანმარტებაში აღნიშნავდა, რომ საბუღალტრო პროგრამას 1C იყენებდა საქონლის ნაშთების კონტროლის მიზნით, ამ ფორმაში აჩვენებდა მიღებულ საქონელს რაოდენობრივად შესაბამისი კოდის მინიჭებით, 2 თვეში ერთხელ კი აღრიცხავდა რეალიზებულ საქონელს ჯამურად. აღნიშული კოდი, ასევე, მითითებული ჰქონდა საქონლის რეალიზაციის დოკუმენტში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტისა და პერიოდების განსაზღვრა, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, შემოწმებამ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების (1 ივლისის მდგომარეობით) საფუძველზე გაიანგარიშა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასების ანალიზით დადგინდა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის (განისაზღვრა 21 სასაქონლო ჯგუფი) ფასნამატი წლების მიხედვით, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე. საბოლოოდ, შემოწმებით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2019 წელს - 94%, 2020 წელს - 80 %, 2021 წელს - 88 %, 2022 წელს - 94%. შედეგად, გაიზარდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ მეწარმის ახსნა-განმარტების მიხედვით, გადამხდელი საბუღალტრო პროგრამას 1C იყენებდა საქონლის ნაშთების კონტროლის მიზნით, ამ ფორმაში აჩვენებდა მიღებულ საქონელს რაოდენობრივად შესაბამისი კოდის მინიჭებით, 2 თვეში ერთხელ კი აღრიცხავდა რეალიზებულ საქონელს ჯამურად. აღნიშული კოდი, ასევე, მითითებული ჰქონდა საქონლის რეალიზაციის დოკუმენტში. ამდენად, გადამხდელის მიერ არ იყო დაცული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები და შემოწმებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ გაანგარიშებაში რიგ შემთხვევაში ფიქსირდება სმფ-ების თვითღირებულების შემცირება წინა წლებთან შედარებით, რაც არარეალურია, ვინაიდან ფასები ყოველწლიურად საქონელზე იზრდებოდა, რაც ასევე, გამოწვეული იყო პანდემიის პერიოდში დოლარის კურსის მკვეთრი ზრდით. აღნიშნავს, რომ შემმოწმებლების მიერ 2019 წელს გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა შეადეგნს 94%-ს, მაშინ როცა 2018 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის მიხედვით, ფასნამატი შეადგენს 35-40%-ს. ამასთან, მიუთითებს, რომ მთლიან შეძენებში ძირითად წილს შეადგენს: ფარი, სამუხრუჭე ხუნდები, ამორტიზატორი, რომელთა ფასნამატი მერყეობს 53%-დან 72%-მდე. ასევე, აცხადებს, რომ ობიექტში ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში, რომლის თანახმად საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 63%. ინვენტარიზაციის მიხედვით დადგინდა, რომ ობიექტზე არსებული გამოცხადებული ფასების მიხედვით საქონლის ფასნამატია 60%, ხოლო სასაქონლო ზედნადებში მითითებული ფასების მიხედვით ფასნამატი შეადგენს 81%-ს. ასევე, ფასნამატის გაანგარიშების დროს აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ დოკუმენტით რეალიზებული საქონლის 90-95% რეალიზებულია ტრანსპორტირებით სხვადასხვა რეგიონში (სამეგრელო, იმერეთი, გურია). შესაბამისად, აღნიშნულ რეგიონებში რეალიზაციის დროს დოკუმენტში მითითებული ფასები, გაწეული ხარჯების გათვალისწინებით განსხვავდება ადგილზე (ქ. ------ში) რეალიზაციის დროს დაფიქსირდებული ფასებისგან (შედარებით მაღალი ფასებია დისტრიბუციის შემთხვევაში). ყოველივე ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა ფასნამატის ოდენობა განსაზღვროს ინვენტარიზაციის მონაცემების მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების თანახმად, მართალია გადამხდელთან 2018 და 2022 წლებში ჩატარებულია ინვენტარიზაცია და დადგენილია ფასნამატი, თუმცა აღნიშნული მონაცემები არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას და მხოლოდ დოკუმენტური ფასნამატი იქნა გავრცელებული მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ფასნამატის კოეფიციენტის ფორმირებაზე ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ცვალებადი და განსხვავებულია წლების მიხედვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2018 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2019 წელზე) დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე, ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემებით (ფასნამატით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი საქონლის ჯგუფის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------------ს (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2018 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2019 წელზე) დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე, ხოლო 2021- 2022 წლების საანგარიშო პერიოდზე დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემებით (ფასნამატით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს და მისი გაანგარიშების მეთოდიკას. მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა ფასნამატის ოდენობის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი მონაცემებით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ავტონაწილებით (პირველადი) . ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტისა და პერიოდების განსაზღვრა, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, შემოწმებამ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების (1 ივლისის მდგომარეობით) საფუძველზე გაიანგარიშა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასების ანალიზით დადგინდა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის (განისაზღვრა 21 სასაქონლო ჯგუფი) ფასნამატი წლების მიხედვით, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე. შედეგად, გაიზარდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2018 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2019 წელზე) დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე, ხოლო 2021- 2022 წლების საანგარიშო პერიოდზე დაევალა აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემებით (ფასნამატით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5)