გადაწყვეტილება №25717/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
03 ნოემბერი 2025
N 25717/2/2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 09.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 25.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25717/2/2025).
დავის საგანი:
1. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენილად განხილვა და გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 04.06.2025 წლის N 046-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის N 15921 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
188 628,56 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 122 142,94;
ჯარიმა - 61 071,5;
საურავი - 5 414,12;.
პროცედურული გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 20.09.2024 წლიდან 01.04.2025 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 04.06.2025 წლის N 046-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის N 15921 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება შემოსავალი 1 791 713,3 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საქონლის შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გამოწერილ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად, ხოლო გაწეულ ხარჯებში - საქონლის შეძენისთვის გადახდილი თანხები (ღირებულებით 1 343 784,97 ლარი). ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინება მოხდა მიღებული ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე 82 800 ლარის ოდენობით. სხვა, განკარგვადი თანხა ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
N 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შეფასებით: საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე). ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, როდესაც ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი, ამ შემთხვევაში ხარჯად ჩაითვლება გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არა უმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით. შემოწმებით მოხდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გამოწერილ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად, ხოლო გაწეულ ხარჯებში - საქონლის შეძენისთვის გადახდილი თანხები (რეალიზაციის 75%) და ასევე მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ტრანსპორტირების ხარჯები. სხვა განკარგვადი თანხა ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად და დაერიცხა კუთვნილი გადასახადის თანხა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 3 ივლისს 16:00 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს სადავო საკითხებთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება შემოსავალი 1 791 713 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საქონლის შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შესაბამისად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები, ხოლო განკარგვადი თანხა ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
აღნიშნული თანხის დირექტორის ხელფასის სახით დაკვალიფიცირება ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა;
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება შემოსავალი 1 791 713,3 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საქონლის შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოწმებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. შემოწმებით მოხდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და განკარგვადი თანხა ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს რომ შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხით ხარჯების გაწევის თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა და არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
2. ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენილად განხილვა და გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საქონლის შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გამოწერილ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად, ხოლო გაწეულ ხარჯებში - საქონლის შეძენისთვის გადახდილი თანხები (ღირებულებით 1 343 784,97 ლარი).
ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა მოხდა N 0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოს მიხედვით, კერძოდ, როდესაც სხვა პირებთანაც ვერ მოიპოვება ინფორმაცია სრულფასოვანი დოკუმენტით მინიმალური შესყიდვის ფასებთან დაკავშირებით - 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით.
საქონლის შეძენისთვის გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
შემმოწმებლის მიერ აღნიშნული თანხის მიჩნევა, როგორც ფიზიკური პირებისათვის გადახდილ თანხად არ არის სწორი, გამოყენებულ ხარჯად ჩათვლა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხის, მაგრამ არა უმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით აპრიორი არ ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხების მიღება მოხდა ფიზიკური პირების მიერ. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს გადასახადი გადამხდელის სასარგებლოდ და მხოლოდ მოსაზრების საფუძველზე არ შეიძლება გადასახადის დაკისრება.
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანო აკონტროლებს გადასახადების გამოანგარიშების სისწორეს და სისრულეს.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 - პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შავი ლითონის ჯართით და ნარჩენების რეალიზაციის შედეგად მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება შემოსავალი 1 791 713,3 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საქონლის შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოწმებით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გამოწერილ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად, ხოლო გაწეულ ხარჯებში - საქონლის შეძენისთვის გადახდილი თანხები (ღირებულებით 1 343 784,97 ლარი).
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების დროს არ წარუდგენია და არც დავის განხილვის ეტაპზე არ წარმოადგენს საქონლის შეძენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას, ჯართი ფიზიკური პირებისგან შეძენილად მიჩნეულია მართლზომიერად, ხოლო შეძენის ხარჯი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენილად განხილვა და გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა შავი ლითონის ჯართით და ნარჩენებით. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ მას არ გააჩნია საქონლის შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შესაბამისად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები, ხოლო განკარგვადი თანხა ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, საქონლის (ჯართის) შეძენისთვის შემოწმებით გაანგარიშებული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3 %-იანი განაკვეთით. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
ვინაიდან გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების დროს არ წარუდგენია და არც დავის განხილვის ეტაპზე არ წარმოადგენს საქონლის შეძენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას, ჯართი ფიზიკური პირებისგან შეძენილად მიჩნეულია მართლზომიერად, ხოლო შეძენის ხარჯი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე. საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73 ; 154;.