ბრძანება N 21535

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.10.2024
№ დოკუმენტი 21535
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21535

02 ოქტომბერი 2024

ბრძანება

შპს „------- ის“ (ს/ნ "--------")

(მის.:"-------")

2024 წლის 17 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „-------- ის“ (ს/ნ "-------") 2024 წლის 17 აგვისტოს №91495/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ივლისის №006-381 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2021 წელს დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემების მოგების განაწილებად განხილვას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ კომპანიამ ეკონომიკური საქმიანობა დაიწყო 2019 წლიდან. 2019-2020 წლებში კომპანიის მუშაობას დაემთხვა პანდემიის პერიოდი, საჭირო იყო აღებული საქმის ბოლომდე დასრულება-ჩაბარება. შესასრულებელი ეკონომიკური საქმიანობისათვის კომპანია საჭიროებდა საწესდებო კაპიტალის გაზრდას: 2020 წლის პერიოდში შესრულებული სამუშაოების საფასური „დებიტორული“ დავალიანება დაფარული იქნა 2021 წლის მიმდინარე პერიოდში, როცა კომპანიას აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება გადახდილი აქვს 2020 წელს და გაწეული ხარჯები დაფარული აქვს სრულად. მიუთითებს, რომ საწარმოს მხრიდან ამჟამად მიმდინარეობს წინა პერიოდის ბუღალტრული ფაილის აღდგენა.

2. მომჩივანი არ ეთანხმება გაწეული ხარჯის (რომელზეც სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ვერ წარადგინა 386 645 ლარის ოდენობით) არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 თებერვლის №4464 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „"-------"-ის“ (ს/ნ "-------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 23 ივლისის №17257 ბრძანება და ამავე თარიღის №006–381 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 296 626 ლარი, მათ შორის გადასახადი 154 623 ლარი, ჯარიმა 79 615 ლარი და საურავი 62 388 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა ტიპის სარემონტო-სამშენებელო სამუშაოს გაწევა. 2021 წლის საწყის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა საწესდებო კააპიტალი 349 550 ლარის ოდენობით. შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები ფინანსური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების, პირველადი ელექტრონული დოკუმენტაციისა და შემოწმებისთვის წარმოდგენილი სხვა მასალების მიხედვით, არ დადასტურდა 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საწესდებო კაპიტალის არსებობის მიზნობრიობა და შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელს არ წარმოეშობოდა საწესდებო კაპიტალის გაზრდის საფუძველი. ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერების, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით, შპს „"-------"-ის“ მიერ 2021 წელს დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემები ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, 130-ე, 154-ე და 981 მუხლების მოთხოვნების შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით, მის მიერ შესრულებულ 2 პროექტთან დაკავშირებით ფიქსირდება ზარალი, რასთან დაკავშირებითაც პირი ძირითადად მიუთითებს სახარჯი მასალის ფასის მატებას. ამასთან, ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული ოპერაციის მიხედვით გაწეული ხარჯები (როგორც შეძენილი მასალის, ისე მიღებული მომსახურებების მიხედვით). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, შემოწმებით, ხარჯი, რომლის გაწევასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი (სულ 386 645 ლარის), დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების მიზნებისათვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ გადამხდელს 2021 წლის საწყის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდებოდა საწესდებო კაპიტალი 349 550 ლარის ოდენობით. შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები ფინანსური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინა: შემოსავალი დოკუმენტურად - 300 415 ლარი, ხარჯი - 66 477 ლარი, ხელფასი - 13 700 ლარი, ხოლო დებიტორული დავალიანება - 150 000. ასევე, აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების ეტაპზე გადამხდელისგან გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვები წინა საგადასახადო პერიოდებში განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც გადამხდელს არ წარუდგენია. შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების, პირველადი ელექტრონული დოკუმენტაციისა და შემოწმებისთვის წარდგენილი სხვა მასალების მიხედვით, არ დადასტურდა 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საწესდებო კაპიტალის არსებობის მიზნობრიობა, ასევე გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტიც, რომ 2021 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში პირს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ანაზღაურება და შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელს არ წარმოეშობოდა საწესდებო კაპიტალის გაზრდის საფუძველი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „"-------"-ის“ მიერ 2021 წელს დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემები, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს გაცემულ დივიდენდს და მისი დაბეგვრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მომჩივანი არ ეთანხმება გაწეული ხარჯის (რომელზეც სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ვერ წარადგინა 386 645 ლარის ოდენობით) არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შესრულებული სამუშაოების დროს დაფიქსირებულია ზარალი, რაც გამოიწვია ტენდერის შემდეგ მასალებისა და მუშების მომსახურების გაზრდამ. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ინფორმაცია მცირე მეწარმეების შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელიც მოიცავს მცირე მეწარმეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, შესრულებული სამუშაოს კალკულაციას და მიღება-ჩაბარების აქტებს. თუმცა, აღნიშნული ფაქტი არ იქნა გათვალისწინებული. მიუთითებს, რომ საჩივარზე თანდართულია მცირე მეწარმეების შესახებ ყველა ინფორმაცია, საიდანაც დადგინდება თითოეული პროექტის წამგებიანობა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მასალები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება მცირე მეწარმეების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „"-------"-ის“ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება მცირე მეწარმეების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება 2021 წელს დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემების მოგების განაწილებად განხილვას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანის მიერ 2021 წელს დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემები ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, 130-ე, 154-ე და 981 მუხლების მოთხოვნების შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით, მის მიერ შესრულებულ 2 პროექტთან დაკავშირებით ფიქსირდება ზარალი, რასთან დაკავშირებითაც პირი ძირითადად მიუთითებს სახარჯი მასალის ფასის მატებას. ამასთან, ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული ოპერაციის მიხედვით გაწეული ხარჯები.აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, შემოწმებით, ხარჯი, რომლის გაწევასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება მცირე მეწარმეების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),97,982,105,130.