ბრძანება N 21921

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.09.2023
№ დოკუმენტი 21921
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21921

08 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ "--------" (ს/ნ "-------")

(მის.:"-------")

2023 წლის 18 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") №83118/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №031-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი მითითებს, რომ ვინაიდან ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია არცოდნის გამო საერთოდ არ ჰქონდა წარდგენილი ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, განსაზღვრული ჯარიმისა ეკუთვნის ამავე კოდექსის 274-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრება. მომჩივანი ასევე ითხოვს დაკისრებული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13183 ბრძანების ჩატარდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 17 ივლისის №17272 ბრძანება და 2023 წლის 18 ივლისის №031-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 412 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 891 ლარი, ჯარიმა 945 ლარი, საურავი 576 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") ოჯახს 2020 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი (მ.შ ხელფასის სახით მიღებული და აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი), რის მიხედვითაც დაუდგინდა 2021 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გადამხდელს 2020 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ღირებულებით. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მსგავსი ან/და იდენტური უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასების მიხედვით.

შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მიხედვით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №031-17 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადი გადახდილი აქვს 2023 წლის პირველ სექტემბერს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება მართლზომიერია. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ "-------"(ს/ნ "-------") საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №031-17 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის)

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ი/მ "-------" (ს/ნ "-------") საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №031-17 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის ოჯახს 2020 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი,რის მიხედვითაც დაუდგინდა 2021 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გადამხდელს 2020 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება.

გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ღირებულებით. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე.პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მიხედვით და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №031-17 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან .

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

269(7),274,275.