ბრძანება N 33587
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 33587
28 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 7 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ ---------) №85899/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №081-279 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1. არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას. აცხადებს, რომ შემოწმებით 2022 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია 115 012 ლარით. ითხოვს დღგ-ის შემცირებას.
2. არ ეთანხმება ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ მომწოდებლების მიმართ საწარმოს არ გააჩნია დავალიანება, რის დასტურადაც საჩივარს თან ურთავს ორი არარეზიდენტი მომწოდებლისგან გამოთხოვილ ურთიერთშედარების აქტს. ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13830 და 26 სექტემბრის №23522 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 8 ნოემბრის №27587 ბრძანება და ამავე თარიღის №081-279 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 312 424 ლარი, მათ შორის, გადასახადი 194 373 ლარი, ჯარიმა 103 475 ლარი, საურავი 14 576 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ტექნიკური და იოდიზირებული მარილით. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შესახებ მონაცემები, წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერი, ჩგდ-ები და ახსნა-განმარტება საქონლის საწყისი ნაშთის შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14126 ბრძანების საფუძველზე, საწარმოს ჩაუტარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც აღირიცხა საქონლის საბოლოო ნაშთი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა სმფ-ების ოდენობა, რომლის ნაშთში არსებობა ან/და რეალიზაცია არ დადგინდა. აღნიშნული ჩაითვალა საწარმოს მხრიდან შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით საწარმოს გამოუვლინდა სმფ-ები 500 343 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რომელიც დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, არ არის რელიზებული და არც ფაქტობრივ ნაშთში ფიქსირდება. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასაადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განხილული იქნა მიწოდებად (შემოწმებამ გამოიყენა საწარმოს იმავე პერიოდში დაფიქსირებული დოკუმენტური ფასი კატეგორიების მიხედვით), რის საფუძველზეც საწარმოს დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 499 313 ლარის ოდენობით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერების) და ახსნა-განმარტებების საფუძველზე განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობა. მიღებული შემოსავალი შემცირდა იმ პერიოდისთვის საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯებით (რომელიც გაანგარიშდა პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, ვინაიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილი საქონლისთვის გადახდილი ფულის ოდენობა არ დადგინდა, გადახდილად ჩათვლილ იქნა პერიოდების მიხედვით მინიმალური ფასით გაანგარიშებული საქონლის ღირებულება) და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის ოდენობით. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოვლინდა 501 075 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შესახებ მონაცემები, წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერი, ჩგდ-ები და ახსნა-განმარტება საქონლის საწყისი ნაშთის შესახებ. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა სმფ-ების ოდენობა, რომელიც დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, არ არის რელიზებული და არც ფაქტობრივ ნაშთში ფიქსირდება, რაც შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს მხრიდან შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად (შემოწმებით გამოყენებულია იმავე პერიოდში დაფიქსირებული დოკუმენტური ფასი კატეგორიების მიხედვით). ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით, მათ შორის, საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის გათვალისწინებით, განსაზღვრული ფულის ნაშთი განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ აქვს წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შესახებ მონაცემები, ასევე განხორციელებული სმფების ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრული სმფ-ების, რომლის ნაშთში არსებობა ან/და რეალიზაცია არ დადგინდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მიწოდებად განხილვა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს;
არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას;
არ ეთანხმება ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ტექნიკური და იოდიზირებული მარილით. შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა სმფ-ების ოდენობა, რომლის ნაშთში არსებობა ან/და რეალიზაცია არ დადგინდა. აღნიშნული ჩაითვალა საწარმოს მხრიდან შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად. შემოწმებით საწარმოს გამოუვლინდა სმფ-ები (დღგ-ის გარეშე), რომელიც დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, არ არის რელიზებული და არც ფაქტობრივ ნაშთში ფიქსირდება. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);161(1);159(1);163(1);164(1);101(1);154(1);