გადაწყვეტილება №24871/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24871/2/2025
01 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 5.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24871/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგის ჩათვლის სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №005-167 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2421 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 36 780,39 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 23 832
ჯარიმა - 6 165
საურავი - 6 783,39
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე 2021 წლის მაისის, ივნისის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის თებერვლის, მარტის, მაისის, ივლისის, ნოემბრის, 2023 წლის თებერვლის, მარტის, მაისის და ივნისის პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მასთან დაწყვილებული საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაორმაგებული დღგ-ის ჩათვლა, რაც დაკორექტირდა საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე. გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა შემცირდა 23 832 ლარით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №005-167 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2421 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მასთან დაწყვილებული საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მიღებული აქვს გაორმაგებული დღგ-ის ჩათვლა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და შესაბამისი სანქციების შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან შემოწმება განხორციელდა კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორეზე, გადასახადის გადამხდელის პოზიცია/მოთხოვნა სხვა საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებით მისაღებ დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კანონშესაბამისია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების აქტით საწარმოსათვის დარიცხულ თანხებს და მიიჩნევს მათ უკანონოდ, შემდეგი გარემოებების გამო:
საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან მომჩივნის მიერ შემმოწმებლებისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია დღგ-ის ჩაუთვლელი ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხად უთხრეს, რომ მათი შესამოწმებელი პერიოდია და პერიოდში ემთხვევა ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბრძანებით კონკრეტული ანგარიშ-ფაქტურები ჰქონდათ შესასწავლი ვერ მიიღებდნენ მხედველობაში ამ ფაქტურებს და ჩათვლას ვერ გააკეთებდნენ, რასაც მომჩივანი არ ეთანხმება. საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად კომპანიას აქვს დღგ-ის ჩათვლის უფლება.
ასევე, შემმოწმებლებს არამხოლოდ ანგარიშ-ფაქტურების დაწყვილების საკითხის შესწავლა ჰქონდათ დავალებული კონკრეტულ თვეებზე დღგ-ის დეკლარაციის შესწავლის ნაწილიც ჩათვლის კუთხით, შესაბამისად შემმოწმებლებს უნდა დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა და ჩაუთვლელი ანგარიშ-ფაქტურების მხედველობაში მიღება, მათი ჩათვლა და დარიცხული თანხების კორექტირება, ასევე, დარიცხული საურავის მოხსნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმდა კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის სისწორე. შემოწმებით დადგინდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მასთან დაწყვილებული საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურებით გაორმაგებული დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულის კორექტირების შედეგადაც 23 832 ლარით შემცირდა გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
მომჩივანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ შემმოწმებლებისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია დღგ-ის ჩაუთვლელი ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული იმ მიზეზით, რომ ბრძანებით კონკრეტული ანგარიშ-ფაქტურები იყო შესასწავლი და მომჩივნის მიერ მითითებული ანგარიშ-ფაქტურები ვერ იქნებოდა მხედველობაში მიღებული. ასევე, ითხოვს დარიცხული საურავის მოხსნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2421 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგის ჩათვლის სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმდა კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის სისწორე. შემოწმებით დადგინდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მასთან დაწყვილებული საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურებით გაორმაგებული დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულის კორექტირების შედეგადაც 23 832 ლარით შემცირდა გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა. მომჩივანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ შემმოწმებლებისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია დღგ-ის ჩაუთვლელი ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული იმ მიზეზით, რომ ბრძანებით კონკრეტული ანგარიშ-ფაქტურები იყო შესასწავლი და მომჩივნის მიერ მითითებული ანგარიშ-ფაქტურები ვერ იქნებოდა მხედველობაში მიღებული. ასევე, ითხოვს დარიცხული საურავის მოხსნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175; 275