ბრძანება N 8939
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8939
21 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 17 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 17 ივლისის №123157/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 ივნისის №006-227 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების რეალიზაციის, ასევე ბარტერული ოპერაციის ფარგლებში გადაცემულ ქონებაზე დღგ-ის თანხის დარიცხვას. აღნიშნავს, რომ შემოწმებით დაბეგრილია მყიდველისგან ჯერ კიდევ მიუღებელი თანხები, აღნიშნულ დარიცხვას აუდიტმა საფუძვლად დაუდო საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და აიყვანა სალაროს შემოსავალში, ბინა გადავიდა მყიდველის სახელზე, მაგრამ ხელშეკრულების თანახმად საწარმოს დარჩა რიგი შეუსრულებელი ვალდებულებები მათ მიმართ, როგორიცაა სადარბაზოს მოწესრიგება, ავტოფარეხის მინუს სართულის გაკეთება, შენობის მარჯვენა ტორეცის მოპირკეთება, ეზოს მოწყობა, გამწვანება, კორპუსის ექსპლუატაციაში შეყვნა. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ ზედმეტად არის დაბეგრილი 1000 ლარამდე თანხა ბარტერით გადაცემული ბინების შემთხვევაში, რაც გადასახედია.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ------ სესხის გაცემის საფუძველზე დარიცხულ მოგების გადასახადს. აღნიშნავს, რომ 2024 წლის 14 მაისს სს -----ჩამოაჭრა
87 750 ლარი, რომელიც წარმოადგენდა შუამდგომლობის თანხას ბინის მყიდველის ----- მიერ ბანკიდან აღებულ სესხზე. აღნიშნულის შემდგომ, საწარმომ ------ უღიარა ვალდებულებად აღნიშნული თანხა, რომელიც შემოწმების მიერ განხილულ იქნა გაცემულ სესხად, აღნიშნულს დაემატა დირექტორის მიერ გადაცემული 7 250 ლარი და 95 000 ლარი დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა გაცემულ სესხს, ვინაიდან თანხა ჩამოიჭრა ბანკიდან. ამასთან, 2026 წლის 2 მარტს და 3 ივნისს აღნიშნული თანხა დაბრუნებულია სრულად.
3. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ სალაროს შემოსავლად აღიარებულია მყიდველებისგან მიუღებელი თანხები, ასევე დაბეგრილია ანგარიშვალდებულ პირზე მასალების შესაძენად გაცემული თანხა 90 ლარი. საქმის ზეპირი განხილვისას, ასევე სადავოდ გახადა ფ/პ ------ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში მიუღებელი თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №2042 და 31 მარტის №7328 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2026 წლის 4 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 10 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 18 ივნისის №13351 ბრძანება და ამავე თარიღის №006- 227 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 733 262 ლარი, მათ შორის გადასახადი 395 375 ლარი, ჯარიმა
197 687 ლარი, საურავი 140 200 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელის საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, კერძოდ, საწარმოს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი -----. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული პროგრამის საშუალებით. შემოწმების ეტაპზე შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება რეალიზებული ბინები და ავტოსადგომები, ასევე მიღებული ავანსები, რომელთა შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებისას გამოვლინდა სხვაობები. გადამხდელს აგრეთვე შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ბარტერული ოპერაცია, კერძოდ, ს/კ ----- (გაერთიანდა რამდენიმე საკადასტრო კოდი) მიწის მესაკუთრეებისგან მიიღო მიწა, ხოლო მიწის სანაცვლოდ გადასცა მის მიერ აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინები და არასაცხოვრებელი ფართები. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ბარტერული ოპერაციის ფარგლებში გადაცემული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების აშენების მომსახურების ღირებულება (გახარჯული მასალა და გაწეული მომსახურება), რომლის შესაბამისი დასაბეგრი ოპერაციები გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე, 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად, გამოვლენილ სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების ეტაპზე შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. 2024 წლის 14 მაისს გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკურ პირზე ------ გაცემული სესხი, რომელიც 2025 წლის 24 ნოემბერს აღიარებულია მსესხებლის მიერ, რაზედაც შედგენილია სანოტარო აქტი. მსესხებელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე აღნიშნული სესხი საწარმოსთვის არ დაუბრუნებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 97-ე, 982 და 983 მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი გაცემული სესხის ძირზე და მისაღებ სარგებელზე (სესხის პროცენტი გაანგარიშებულ იქნა გაცემის თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად), ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლები, რაც ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად, ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის №1694 ბრძანების შესაბამისად ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არის ნულის ტოლი. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს (ნული) შორის სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, საწარმოს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება რეალიზებული ბინები და ავტოსადგომები, ასევე მიღებული ავანსები, რომელთა შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებისას გამოვლინდა სხვაობები.
ამასთან, ბარტერულ ოპერაციებთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ბარტერული ოპერაცია, კერძოდ, ს/კ ----- (გაერთიანდა რამდენიმე საკადასტრო კოდი) მიწის მესაკუთრეებისგან მიიღო მიწა, ხოლო მიწის სანაცვლოდ გადასცა მის მიერ აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინები და არასაცხოვრებელი ფართები. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ბარტერული ოპერაციის ფარგლებში გადაცემული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების აშენების მომსახურების ღირებულება (გახარჯული მასალა და გაწეული მომსახურება), რომლის შესაბამისი დღგ გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული.
აღნიშნული ბარტერული ოპერაცია გულისხმობს 2018 წლამდე დადებული ხელშეკრულების პირობებს, რომელიც გრძელდებოდა მშენებლობის დასრულებამდე, რაც მოიცავს მათ შორის შესამოწმებელ პერიოდსაც. შესაბამისად, როგორც წინა შემოწმებებმა, ასევე ბოლო შემოწმებამ იხელმძღვანელა ყოველი წლის მიხედვით დანახარჯების გაანგარიშების და მასზე 10% მომსახურების საფასურის დამატების მეთოდით, რაც ჩაითვალა საბაზრო ფასად, საიდანაც შემდგომ გაანგარიშდა ყოველი წლის დეკემბრის თვეში დასარიცხი დღგ. წინა შემოწმების შემდეგ უცვლელად დარჩა მესაკუთრეების წილი აშენებულ კორპუსში, შესაბამისად, შემოწმების მიერ იმავე მეთოდით და პროპორციით განხორციელდა გრძელვადიანი კონტრაქტის შესაბამისად დასარიცხი დღგ-ის გაანგარიშება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ასევე დგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებელი და საგადასახადო მიზნებისათვის უკვე იყო ექსპლუატაციაში შესული, მოსახლეობა ცხოვრობდა. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდებში გაწეული ხარჯი და მომსახურების ღირებულება, ხოლო, საჩივარში მოხსენიებული 1000 ლარამდე თანხა, თუ რომელი წლების ხარჯებს ან დარიცხულ გადასახადს ეხება, ან რა არ მიიჩნია თვითღირებულებაში შემავალ ხარჯად, გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის ეტაპზე განსხვავებული პოზიცია არ წარმოუდგენია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს 2024 წლის 14 მაისს უფიქსირდება ფიზიკურ პირზე ----- გაცემული სესხი, რომელიც 2025 წლის 24 ნოემბერს აღიარებულია მსესხებლის მიერ, რაზედაც შედგენილია სანოტარო აქტი. მსესხებელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე აღნიშნული სესხი საწარმოსთვის არ დაუბრუნებია. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი გაცემული სესხის ძირზე და მისაღებ სარგებელზე (სესხის პროცენტი გაანგარიშებულ იქნა გაცემის თარიღისთვის ----- ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად).
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე და საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საწარმო ფიზიკურ პირს ----- დაუდგა სესხის თავდებად სს „-----“, თუმცა ფიზიკურმა პირმა სესხი არ გადაიხადა და ბანკის მიერ საწარმოს ანგარიშიდან ჩამოიჭრა 87 750 ლარი. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი ვალის აღიარების დოკუმენტით, მოვალის მიერ საწარმოს მიმართ აღიარებულია 95 000 ლარი დავალიანება, თუმცა შემოწმების მიერ სესხად განხილულ იქნა
87 750 ლარი, ამასთან, ვინაიდან 7 250 ლარი არ გადარიცხულა ბანკით და თანხის გადაცემასთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტება, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად (მონაწილეობს ფულის ნაშთის გაანგარიშებაში).
აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი ვალის აღიარების დოკუმენტის მიხედვით, ----- მიერ საწარმოს მიმართ ვალდებულებად აღიარებულია 95 000 ლარი, აღნიშნული დავალიანება, ნაცვლად 87 750 ლარისა, შემოწმებით სრულად უნდა იქნას განხილული სესხად.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ----- გაცემულ სესხად განიხილოს ვალის აღიარების დოკუმენტის საფუძველზე განსაზღვრული დავალიანება 95 000 ლარი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლები, რაც ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს (ნული) შორის სხვაობა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფ/პ ----- გაცემულ სესხად განიხილოს ვალის აღიარების დოკუმენტის საფუძველზე განსაზღვრული დავალიანება 95 000 ლარი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების რეალიზაციის, ასევე ბარტერული ოპერაციის ფარგლებში გადაცემულ ქონებაზე დღგ-ის თანხის დარიცხვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სესხის გაცემის საფუძველზე დარიცხულ მოგების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოწმებით გამოვლინდა, რომ რეალიზებული ბინების, ავტოსადგომებისა და მიღებული ავანსების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ ემთხვევა დეკლარირებულს, ასევე დაუდეკლარირებელია მიწის სანაცვლოდ განხორციელებული ბარტერული ოპერაციის ფარგლებში გადაცემული ფართების მშენებლობის ღირებულება,რაზეც დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
ასევე დგინდება ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი, რომელიც სანოტარო წესით აღიარებულია, მაგრამ პერიოდის ბოლომდე არ დაბრუნებულა, რის გამოც დაერიცხა მოგების გადასახადი სესხის ძირსა და საშუალო საბაზრო განაკვეთით გაანგარიშებულ სარგებელზე, ასევე ჯარიმა.
დამატებით, შემოსავლების გაანგარიშებისა და სალაროს ნაღდი ფულის შემოწმების შედეგად დადგინდა ნულოვანი ფაქტობრივი ნაშთი,გაანგარიშებული განკარგვადი თანხისა და ამ ნაშთის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, დაერიცხა ჯარიმაც.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფ/პ -ზე გაცემულ სესხად განიხილოს ვალის აღიარების დოკუმენტის საფუძველზე განსაზღვრული დავალიანება და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:16;18;159;160;163;164;97;982983;101;154;