გადაწყვეტილება №22458/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22458/2/2024
27 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:-----------ე (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება “---------”-ის 4.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22458/2/2024).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №007-387 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3317 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 247 274 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 148 282
დღგ - 122 471
საშემოსავლო გადასახადი - 25 811
ჯარიმა - 70 416
საურავი - 28 576
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით ვაჭრობა სპეციალიზებულ მაღაზიებში. 2023 წლის 18 დეკემბრის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია გადასახადის გადამხდელი. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები.
შემოწმებით დადგინა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი ჰქონდა 1 771 312 ლარის სურსათი, ამასთან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 382 358 ლარს. მეწარმე არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერების, საწყისი და საბოლოო ნაშთების სახეობრივი და რაოდენობრივი აღრიცხვა. გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადად საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. სრულს რეალიზაციაში სასაქონლო ზედნადების შესაბამისი რეალიზაცია წარმოადგენს მცირე და არა იდენტიფიცირებად ნაწილს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლი აუდირებული პირების მიერ გამოყენებული საშუალო ფასნამატით, რომელიც გავრცელდა საქონლის სახეობებზე განსაზღვრული ფასნამატის შესაბამისად, პერიოდის გათვალისწინებით და შეადგინა 17%. შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №32424 ბრძანება და 22.12.2023 წლის №007-387 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3317 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 163-ე, 164-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აქვს პროგრამა, სადაც ახდენს აღრიცხვას, როგორც შეძენილ საქონელს, ისე რეალიზებულ პროდუქციას, სახეობების მიხედვით (წარმოადგინა პროგრამიდან ამონაწერი). ამბობს, რომ უსაფუძვლოა არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის განსაზღვრა. ამასთან, უთითებს, რომ აქვს მოწესრიგებული აღრიცხვა და ერთხელაც არ დაჯარიმებულა სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახური აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2024 წლის №------21-14 წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მონაცემების შესაბამისად მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს 1 771 312 ლარის სურსათი, ამასთან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 382 358 ლარს.
მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვა ანგარიშგებას კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ ხერხდება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერების, საწყისი და საბოლოო ნაშთების სახეობრივი და რაოდენობრივი აღრიცხვა.
ამასთან, რეალიზაციას ახორციელებს ძირითადად საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით, სრულ რეალიზაციაში სასაქონლო ზედნადებების შესაბამისი რეალიზაცია წარმოადგენს მცირე და არაიდენტიფიცირებად ნაწილს, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მიერ გამოყენებული საშუალო ფასნამატით, რომელიც გამოყვანილი იქნა საქონლის სახეობებზე განსაზღვრული ფასნამატის შესაბამისად, პერიოდის გათვალისწინებით და შეადგინა 17%, დაკორექტირდა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზები, ამასთან შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე, 2024 წლის 25 მარტის №27889-03 წერილით მომჩივანმა წარადგინა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული რეალიზაციის ცხრილები, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნული საქონლის ჩამოწერა შესაბამისი დოკუმენტების მითითებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია ცხრილების რეალურობის დადასტურება.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, განკარგვადი თანხები განსაზღვრულია საწარმოს მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის სხვაობით. დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივნის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, კომპანიის მიერ საქონლის ფასი მოიცავს დღგ-ის თანხას.
ზემოაღნიშნულიდან სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 18 დეკემბრის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია გადასახადის გადამხდელი. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები.
შემოწმებით დადგინა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერების, საწყისი და საბოლოო ნაშთების სახეობრივი და რაოდენობრივი აღრიცხვა. გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადად საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. სრულს რეალიზაციაში სასაქონლო ზედნადების შესაბამისი რეალიზაცია წარმოადგენს მცირე და არა იდენტიფიცირებად ნაწილს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლი აუდირებული პირების მიერ გამოყენებული საშუალო ფასნამატით, რომელიც გავრცელდა საქონლის სახეობებზე განსაზღვრული ფასნამატის შესაბამისად, პერიოდის გათვალისწინებით და შეადგინა 17%. შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32424 ბრძანება და №007-387 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №3317 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 164(1);