გადაწყვეტილება №25747/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25747/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25747/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 31.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25747/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11512 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2025 წლის №001-94 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 310 037.61 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 157 412

დღგ - 72 131

საშემოსავლო გადასახადი - 85 281

ჯარიმა - 78 437

საურავი - 74 188.61

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა კოსმეტიკის და ჰიგიენის ნაწარმით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანი გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 1 ნოემბრიდან. უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კომპანიამ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ინფორმაცია სმფების ნაშთების შესახებ ჯამურად, თანხობრივი შედეგები ყოველი წლის ბოლოსთვის, რის გათვალისწინებაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლის დროს. საცალოდ გაყიდული პროდუქციის ფასნამატის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის.

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი რედაქციის 159-ე მუხლის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. გაწეული ხარჯი განისაზღვრა საბანკო ამონაწერების მიხედვით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადახდილი თანხებით, ასევე საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირებისგან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა შპს „--------- ის “ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ფარგლებში არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი 301 751.48 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროს ნაშთი - 40 924 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, სახელფასო განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.08.2023 წლის №21319 ბრძანება და №001-196 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26933 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 9.02.2024 წლის №21353/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26933 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11512 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11512 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2025 წლის №12132 ბრძანება და №001-94 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხზე(საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით) იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც შეიცავდა ხარვეზებს. კერძოდ, დაკავშირებული იყო შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტები, სადაც რეალიზაციის დოკუმენტებში შესწორებული იყო საქონლის რაოდენობა და ერთეულის ღირებულება. ასევე, რეალიზაციასთან დაკავშირებული იყო შეძენის დოკუმენტი საქონლის ყველაზე მაღალი თვითღირებულებით, ასევე, ფიქსირდებოდა ისეთი დაკავშირებაც, როდესაც რეალიზაციის თარიღი უსწრებდა შეძენის თარიღს ან არ ედრებოდა საქონლის დასახელებები. დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის დაბეგვრასთან მიმართებით, შემოწმებით დადგინდა, რომ სასაქონლო ზედნადებებზე ხშირ შემთხვევაში არასწორად იყო მითითებული გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონელი. შესაბამისად, საქონელი გაიმიჯნა სახეობების დეტალური გავლის შედეგად და შემოწმება არ დაყრდნობია სასაქონლო ზედნადებებზე დატანილ კომენტარებს. ასევე, შემოწმების პროცესში ფასნამატის გამოთვლა განხორციელდა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანების შესაბამისად. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელი იმყოფებოდა აუდიტის დეპარტამენტში, მასთან ერთად მოხდა რპთ-ის გავლა, რაზეც გადამხდელმა არგუმენტაცია ვერ წარადგინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2. შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხზე (ნაშთად არსებული განკარგვადი თანხის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა) იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებისას დადგენილ ფულის ნაშთში გონივრული ნაშთი გათვალისწინებული არ არის.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის მიხედვით, დადგენილია გონივრული ნაშთის გაანგარიშების და გათვალისწინების პირობები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1.ფასნამატის გამოთვლა რომლის საფუძველზეც მოხდა თანხების დარიცხვა დამატებით გადასახდელად ემყარებოდა შემმოწმებლის მიერ შედგენილი ექსელის ცხრილით გაანგარიშებულ ფასნამატის გამოთვლას. სადაც შემმოწმებლის მიერ შეტანილი და დამუშავებული იყო საზოგადოების პირველადი დოკუმენტების მხოლოდ 10%. აღნიშნული ცხრილი დამუშავდა მის მიერ, რომელშიც სრულად იქნება შეყვანილი ყველა რეალიზაციის დოკუმენტი. შესაბამისად შეპირისპირებული თვითღირებულების ფასთან, შედეგად მიიღო განსხვავებული ფასნამატი რითაც მნიშვნელოვნად მცირდებოდა დასაბეგრი ბაზა. (ხოლო საშუალო შეწონილი მეთოდის გამოყენებით კიდევ უფრო რეალური სურათი მიიღება და დასაბეგრი ბაზაც მნიშვნელოვნად მცირდება) რაც არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებული ფასნამატი არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. მის მიერ წარდგენილი იქნა შემმოწმებლისთვის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი.

აუდიტორმა სამუშაო პროცესში ამ ცხრილის შესწავლის საფუძველზე, შეადგინა გაანგარიშება, რომლის თანახმად გადასახდელად დამატებით დარიცხული თანხები ექვემდებარებოდა შემცირებას 30 000 ლარით, როდესაც გაეცნო შემმოწმებლის ახალ გაანგარიშებას, სადაც თითქმის სრულად იყო დამუშავებული დოკუმენტები, ამ გაანგარიშებით შესამცირებელი თანხების ოდენობა არ ასახავდა რეალურად შესამცირებელი თანხის ოდენობას და ითხოვა კიდევ დაზუსტებულიყო ცხრილები, რადგან მის ნამუშევარში და შემმოწმებლის ნამუშევარშიც იყო მათემატიკური შეცდომები. აუდიტორმა მიუთითა შეცდომებზე და მანაც გაასწორა ეს შეცდომები, შესწორებული ვერსია გადაუგზავნა, რომელიც იყო დაზუსტებული და თანხაც მნიშვნელოვნად მცირდებოდა ვიდრე აუდიტორის მიერ გადაგზავნილ ვერსიაში, მიუხედავად ამისა მან უარი განაცხადა ბოლო ცხრილის გადახედვაზე და დარიცხული თანხები დატოვა ისევ იგივე, საერთოდ აღარ გაიზიარა არცერთი გაანგარიშების შედეგები, მათ შორის არც მისივე გაანგარიშებით შესამცირებელი 30 000 ლარიც, რომლიც თვითონვე დაამუშავა და გააცნო, რომ იყო შესამცირებელი. (აღნიშნული აუდიტორის გაანგარიშება წარმოდგენილია დანართის სახით). დაეყრდნო იმ ცხრილის და გაანგარიშების შედეგებს, რაც ჰქონდა თავდაპირველად, რომელშიც იყო საზოგადოების პირველადი დოკუმენტების მხოლოდ 10% შეყვანილი და დამუშავებული. აუდიტორის თვითნებური გადაწყვეტილება არ ემსახურება სამართლიანობას და აღნიშნული ფაქტი ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ ქმედებას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ეს ინფორმაცია მოითხოვს ადმინისტრაციული აქტის გამომშვების მიერ მათ შესწავლას, მოკვლევას და ანალიზს, რაც არ გაუკეთებია.

2. არ ეთანხმება სალაროს ნაშთის გამოსათვლელად დასაბეგრი თანხა გაზრდილია 100000 ლარით, რომელიც საგადახადო ორგანოს მითითებით არის მისი კრედიტორული დავალიანება 1.03.2023 წლის მდგომარეობით მომწოდებლების მიმართ, აღნიშნული ინფორმაცია მისი მომწოდებლებისგან იქნა გამოთხოვილი. შემოსავლების სამსახური ბრძანების აღსრულების მიზნით მოახდინა ამ მომწოდებლებთან შედარების აქტების გაფორმება, ურთიერთშედარების აქტით დადასტურებულიყო აღნიშნული კრედიტორული დავალიანების ოდენობა 1.03.2023 წლის მდგომარეობით, რომლითაც აღმოჩნდა, რომ ამ მომწოდებლებთან ურთიერთობა და საქონლის მოწოდება გრძელდება დღეის მდგომარეობითაც და ყოველთვის გადახდა არ ხდება მიწოდების დროს, ხშირად ხდება დაგვიანება მხოლოდ რამოდენიმე დღით, ეს დავალიანებაც ასევე არის დაფარული 1.03.2023 წლის მერე რამოდენიმე დღეში, არასამართლიანია მისი ხელფასად განხილვა და უფრო სამართლიანად მიაჩნია მისი სესხად განხილვა, რადგან ეს კრედიტორული დავალიანება შემოწმების პერიოდში დაფარული იყო შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ უახლოეს დღეებში, რაც ადვილად შეეძლო ენახა აუდიტორს. რადგან შესამოწმებელი პერიოდი იყო 1.03.2023 წელი შემმოწმებელი თვლის, რომ ამ პერიოდზე გადაცილებული თანხის დაფარვა ექვემდებარება ხელფასით დაბეგვრას თუნდაც დაფარული იყოს შემდეგ დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დავალიანების დაფარვის გრაფიკი საზოგადოებას ხელშეკრულებით აქვს გაწერილი.

მოითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახალი შესწავლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს უნდა განხორციელდეს მისი უშუალო მონაწილეობით და მაქსიმალურად მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლით და გაანალიზებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11512 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11512 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 6 ივნისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც შეიცავდა ხარვეზებს. კერძოდ, დაკავშირებული ჰქონდა შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტები, სადაც რეალიზაციის დოკუმენტებში შესწორებული იყო საქონლის რაოდენობა და ერთეულის ღირებულება. ასევე, რეალიზაციასთან დაკავშირებული ჰქონდა შეძენის ის დოკუმენტი, რომელშიც საქონლის თვითღირებულება ყველაზე მაღალი იყო. ასევე, ფიქსირდებოდა ისეთი დაკავშირებაც, როცა რეალიზაციის თარიღი უსწრებდა შეძენის თარიღს ან არ ედრებოდა საქონლის დასახელებას. რაც შეეხება დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის დაბეგვრას, შემოწმებით დადგინდა რომ სასაქონლო ზედნადებებზე ხშირ შემთხვევაში არასწორად იყო მითითებული გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონელი. შესაბამისად, საქონელი გაიმიჯნა სახეობების დეტალური გავლის შედეგად და შემოწმება არ დაყრდნობია სასაქონლო ზედნადებებზე დატანილ კომენტარებს. ასევე, შემოწმების პროცესში ფასნამატის გამოთვლა განხორციელდა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანების შესაბამისად. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელი იმყოფებოდა აუდიტის დეპარტამენტში, მასთან ერთად მოხდა რპთ-ის საკითხის გავლა, რაზეც გადამხდელმა არგუმენტაცია ვერ წარადგინა. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ცხრილი, სადაც ჩანს, რომ გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ შემოწმებისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელს მიკუთვნებულია ლატექსის ხელთათმანი, რომელიც დასაბეგრი საქონელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ სადავო საკითხში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

2. გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ შემოწმებით არ მომხდარა დამფუძნებლის მიერ საწარმოში თანხის შეტანის გათვალისწინება, შესაბამისად სესხის თანხის ჩართვა არ მომხდარა შემოსავალში განკარგვადი თანხის დათვლის დროს და შესაბამისად, არც სალაროდან გასავლის ნაწილში მომხდარა აღნიშნული თანხის გათვალისწინება. საგადასახადო ორგანომ სალაროდან გასავლის ნაწილში გაითვალისწინა მხოლოდ 150 000 ლარი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდამდე (2019 წელს) საქმიანობის დასაწყისისთვის ჩათვალა საჭიროდ. რაც შეეხება დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ფინანსური ხარჯის გათვალისწინებას, აღნიშნული საკითხის გავლა მოხდა გადასახადის გადამხდელთან ერთად აუდიტის დეპარტამენტში და გადამხდელს არგუმენტი არ წარუდგენია. კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით, რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში სრულყოფილად არ მომხდარა დოკუმენტების წარდგენა, შემოწმებისას, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მოხდა მესამე პირებისგან ურთიერთშედარების აქტების გამოთხოვა, რაზე დაყრდნობითაც განისაზღვრა კრედიტორული დავალიანების ოდენობა. გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების პროცესში ვერ წარადგინა რაიმე სახის არგუმენტი, რაც გამოიწვევდა საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2025 წლის №------- წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში არაერთხელ წარადგინა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც შეიცავდა ხარვეზებს. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11512 გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაგზავნილი ცხრილების შესწავლა. ყველა ახალი გაგზავნილი ინფორმაცია წარდგენილი იყო ახალი ცხრილებით, რისი შესწავლა გულისხმობდა ფაქტიურად ახალი შემოწმების ჩატარებას. არაერთხელ ეთხოვა გადამხდელს, რომ შესაძლო ხარვეზები მიეთითებინა ან/და გაესწორებინა შემოწმების ფარგლებში წარმოებულ ცხრილებში, თუმცა უშედეგოდ. გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა მის მიერ გაგზავნილი ინფორმაციის შესწავლა და დადგინდა, რომ ცხრილები შეიცავდა ხარვეზებს. კერძოდ, დაკავშირებული ჰქონდა შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტები, სადაც რეალიზაციის დოკუმენტებში შესწორებული იყო საქონლის რაოდენობა და ერთეულის ღირებულება. ასევე, რეალიზაციასთან დაკავშირებული ჰქონდა შეძენის ის დოკუმენტი, რომელშიც საქონლის თვითღირებულება ყველაზე მაღალი იყო. ასევე, ფიქსირდებოდა ისეთი დაკავშირებაც, როცა რეალიზაციის თარიღი უსწრებდა შეძენის თარიღს ან არ ედრებოდა საქონლის დასახელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ სადავო საკითხში აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. გადასახადის გადამხდელთან იგზავნებოდა გადაანგარიშების შუალედური შედეგები და წარდგენილი ცხრილების სამუშაო ვარიანტები. გადაანგარიშების შედეგების საბოლოო ვერსიას არ წარმოადგენდა გადამხდელის მიერ თანდართული ცხრილი.

ამასთან, მესამე პირებისგან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანთან განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ფარგლებში არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (1.03.2023 წლის მდგომარეობით). გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით შპს „--------“-ს (ს/ნ „--------“) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი 301 751.48 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროს ნაშთი 40 924 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორი „--------“ პ/ნ „--------“) სახელფასო განაცემად.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი იმყოფებოდა აუდიტის დეპარტამენტში, მასთან ერთად მოხდა ზემოაღნიშნული საკითხების, მათ შორის მომჩივნის მიერ გაგზავნილი ფასნამატის შესახებ ყველა ცხრილის გავლა, სათანადო არგუმენტების და მტკიცებულებების არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის ზეპირი განხილვა მოხდა მომჩივნის მონაწილეობით, როგორც საჩივარში, ისე სადავო საკითხების ზეპირი განხილვისას ზოგადად ისაუბრა და ვერ წარმოადგინა მოპასუხე ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების საპირწონე, გამაბათილებელი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოთ დასახელებული და დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მოითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახალი შესწავლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კომპანიამ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ინფორმაცია სმფების ნაშთების შესახებ ჯამურად, თანხობრივი შედეგები ყოველი წლის ბოლოსთვის, რის გათვალისწინებაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლის დროს. საცალოდ გაყიდული პროდუქციის ფასნამატის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. 2021 წლამდე მოქმედი სსკ-ის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი რედაქციის 159-ე მუხლის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და განისაზღვრა ჯარიმა.

2.განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, სახელფასო განაცემად და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

161,101,154.