გადაწყვეტილება №19885/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19885/2/2023
14 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 5.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19885/2/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.07.2021 წლის №11392/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №001-44 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 605 113,39 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 297 614
დღგ - 116 851
საშემოსავლო გადასახადი - 180 763
ჯარიმა - 148 975
საურავი - 158 524,39
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ტანსაცმლის იმპორტი და მისი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 20.07.2020 წლის აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 22.04.2019 წლიდან 1.06.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სრულად არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია. არ იდენტიფიცირდება საცალოდ რეალიზებული საქონელი, ასევე ვერ ხდება შესყიდულ საქონელთან რეალიზაციის ზუსტი იდენტიფიცირება. დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთის სახით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გააჩნია. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შეძენილი საქონელი რეალიზებულად ჩაითვალა სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე საწარმოს მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატით (130,91 %). შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით სალაროში ნაშთის სახით ფულადი სახსრები არ გააჩნია, არ ერიცხება არც დებიტორული და არც კრედიტორული დავალიანება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს შემოსავლის გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (ჩაითვალა, რომ რეალიზებული პროდუქციიდან თანხა სრულად არის ანაზღაურებული და მომწოდებლების მიმართ არსებული დავალიანებაც სრულადაა დაფარული). არსებული პირველადი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის გათვალისწინებით განკარგვადი თანხის თაობაზე შესაბამისი განმარტების წარუდგენლობისთვის, აღნიშნული თანხა (გაანგარიშებით მიღებული სალაროს ნაშთი) ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს (2020 წლის მაისში) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2020 წლის №001-162 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.10.2020 წლის №29867 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.07.2021 წლის №11392/2/2020 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია საქონლის ჯგუფების/სახეობების განსაზღვრისა და ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 1.07.2021 წლის №11392/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგად გასაჩივრებულ საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), კერძოდ დღგ-ის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა ძირითადი გადასახადი 14 023 ლარი და ჯარიმა 7 242 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა ძირითადი გადასახადი 22 982 ლარი და ჯარიმა 11 491 ლარი (გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით დასტურდება, რომ იმპორტირებული პროდუქციის ნაწილზე თვითწებვადი ქაღალდის, თვითწებვადი ლენტის შემთხვევაში განხორციელებულია რეალიზაცია სასაქონლო ზედნადების საფუძველზე (სრულად) და აღნიშნულ შემთხვევაში დასაბეგრ ბაზად აღებული იქნა რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული საკომპენსაციო თანხები, ხოლო პლასტმასის სასადილო და სამზარეულო ჭურჭლის შემთხვევაში იმპორტირებული 2 700 კგ-დან განხორციელდა 1 200 კგ-ის დოკუმენტური რეალიზაცია, დარჩენილ 1 500 კგ პროდუქციაზე გავრცელებული იქნა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საკომპენსაციო ფასი და აღნიშნული მონაცემები იქნა გათვალისწინებული დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების მიზნებისთვის).
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №001-44 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №001-44 საგადასახადო მოთხოვნა, 5.04.2023 წლის №7467 ბრძანება და 31.03.2023 წლის დასკვნა კანონშეუსაბამოა და უსაფუძვლოა.
შპს ------ რეგისტრირებულია 22.04.2019 წლიდან. ამჟამად კომპანია არ ახორციელებს არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას, არ ერიცხება არც სასაქონლო-მატერიალური ნაშთი და არც ძირითადი საშუალებები, საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ტანსაცმლის იმპორტი ჩინეთიდან, რომლის რეალიზაციას ახდენდა საქონლის საქართველოში ჩამოსვლისთანავე (საბაჟო ტერმინალიდან გამოსვლისთანავე), არა ადგილობრივი შემსყიდველი იძენდა შემოსულ საქონელს სრულად და საბითუმო ფასად (თვითღირებულებაზე 5%-იანი ნამატით) და გადაჰქონდა საქართველოს იმ ტერიტორიაზე (არაკონტროლირებად), სადაც ვერ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, შესაბამისად შემსყიდველს არ მოუთხოვია ელექტრონული სასაქონლო ზედნადები და არც ანგარიშ-ფაქტურა, ამიტომ რეალიზებული საქონლის ნუსხა, რაოდენობა და ფასი იწერებოდა შესყიდვის აქტზე. ასევე, რეალიზებულია რამდენიმე ერთეული ავეჯი, რომლის შეძენაც მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე და იმავე შემსყიდველის მიერ იქნა შეძენილი და მის მიერ გადატანილი არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, შესყიდვის აქტების ეგზემპლარები დაკარგულია, შემოწმების ჩატარების პერიოდში შემმოწმებელმა მომთხოვა ე.წ. 5% ნამატის დასადასტურებლად რაიმე დოკუმენტის წარდგენა, შემსყიდველ მხარესთან დაკავშირების მიუხედავად მათ ვერ მოახერხეს დროულად მოეწოდებინათ შესყიდვის აქტების თავიანთი პირები.
კომპანიას თურქეთიდან შემოტანილი აქვს პარკები, პლასტმასის ერთჯერადი ჩანგლები, წებვადი ლენტები..., რომლის რეალიზაცია ხდებოდა ადგილობრივად და რომლებზეც გამოწერილია შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მიხედვითაც ფასნამატი შეადგენს 7-8 პროცენტს ასევე თანხის მიღების მომენტისთვის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები.
დღგ-ში დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, რომლის საფუძველზეც შემმოწმებელთა მიერ იმპორტირებულ საქონელზე გავრცელებულია 130%-იანი ფასნამატი.
აღნიშნული ოდენობის ფასნამატის გამოყენება მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან არ არის ცნობილი რომელი კომპანიის ფასნამატია გამოყენებული, ასევე გაურკვეველია აღნიშნული კომპანია ეწევა საცალო თუ საბითუმო რეალიზაციას, არის თუ არა რეალიზებული პროდუქცია სახეობების ან ჯგუფების მიხედვით ჩაშლილი, ვინაიდან გარკვეული რაოდენობის საქონელზე (თურქეთიდან იმპორტირებულზე) გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია აღნიშნული საქონლის იდენტიფიცირება და ფასნამატის გაანგარიშება.
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა არასწორია შემდეგ გარემოებათა გამო:
სხვაობა, რომელიც აუდიტორის მიერ მიღებულია ფასნამატის გავრცელების შედეგად გაანგარიშებულია სალაროს ნაშთი და დაბეგრილია ხელფასის სახით განაცემად საშემოსავლო გადასახადით, აღნიშნულ ნაწილში ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით უნდა მოხდეს დღგ-ის ბრუნვის კორექტირების (შემცირების) შესაბამისად სალაროს ნაშთს კორექტირება, ასევე სალაროს ნაშთზე დამატებულია საშემოსავლო გადასახადი და იმგვარადაა დაბეგრილი, რაც არასწორია, აღნიშნული თანხა არ უნდა აგროსილიყო და პირდაპირ გაანგარიშებულიყო საშემოსავლო გადასახადი.
საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის პრეზუმფციისათვის, რის შემდეგაც მოპასუხეებზე უნდა გადასულიყო მტკიცების ტვირთი, რომ ადგილი არ ჰქონდა დისკრიმინაციას და შემოსავლების სამსახურის ქმედება გონივრულად იყო დასაბუთებული. სასამართლოს უნდა გაეზიარებინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც - „მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად მყარი, ნათელი და თანმხვედრი დასკვნებიდან ან ფაქტების ცალსახა პრეზუმფციიდან...“ (ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები: Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV; “ANGUELOVA v. BULGARIA“ 13 June 2002 (Application no. 38361/97; „ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 29.07.2008 წელი, საჩივარი № 118030/03)).
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 16.04.2019 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №3ბ/255-19 განმარტავს, რომ პირის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ცალსახად დაუდგენლობისას, საგადასახადო ორგანომ უნდა იმოქმედოს კონსტიტუციური პრინციპების გათვალისწინებით, არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ეჭვსა თუ ვარაუდს, რამეთუ ყოველგვარი ეჭვი პირის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და დაუშვებელია პირისთვის სანქციის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც სამართალდარღვევა ცალსახად არ არის დადგენილი. შესაბამისად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა ცალსახად არ დასტურდება, დაუშვებელია მის მიმართ დამატებითი დარიცხვის განხორციელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავის 4.05.2018 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №3ბ/1755-17 მართებულად განმარტა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების პრინციპი - სასამართლო მიუთითებს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავის 4.05.2018 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №3ბ/1755-17 განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ეხება ყველა სახის გადასახადს. ხსენებული ნორმებით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს როგორც საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს, ისე ინახებოდეს გადასახადის გადამხდელთან. სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას სწორედ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, მაგრამ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას მას შეუძლია, რომ გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი, რაც გულისხმობს გარემოებითი მტკიცებულებებით საგადასახადო ვალდებულების დადგენას. აუდიტორი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის იყენებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების პროცესში, არის მართებული და სწორი. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადამხდელის შემოსავლისა და ხარჯის განსაზღვრის შესაძლებლობა არ უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ საგადასახადო ტვირთის დამძიმების მიზნით, არამედ ასეთი უფლებამოსილება საგადასახადო ორგანომ გადამხდელის ინტერესების დაცვის მიზნით უნდა განახორციელოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2017 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-566-561(2კ-16)), „საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილთან მიმართებაში და დამატებით განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ეხება ყველა სახის გადასახადის განსაზღვრას. ხსენებული ნორმით საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა მხოლოდ ამ ნაწილითა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს თვით გადამხდელთან, მაგრამ არასრული სახით, ან საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს. ამ მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ, შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. მიზანი კი ის არის, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე უნდა დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, სავარაუდო საგადასახადო ვალდებულების ფორმირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს არა მარტო შესაძლო შემოსავლებმა, არამედ - შესაძლო გამოქვითვებმა, ხარჯებმაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლო 17.07.2018 წლის საქმეზე N3ბ/2841-17 თვლის, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახდო ვალდებულების დადგენისას იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრისას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.09.2014 წლის განჩინებით საქმეზე №ბს-246-243(კ-14) განმარტებულია - ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა - კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.’’
საქმეში განსხვავებული სამართლებრივი შედეგის გამომწვევი მტკიცებულებების არსებობისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართოს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დაუშვებელია, რომ რომელიმე მტკიცებულებას მიენიჭოს წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ახლავს გადასახადის გადამხდელის უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგადასახადო პასუხისმგებლობის გამოყენება, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებულად არგუმენტირებული, რამეთუ პირდაპირ უკავშირდება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, პირის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებს. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო იზიარებს რომელიმე საბუთს და არ ეყრდნობა მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, მან უნდა დაასაბუთოს, რატომ გაითვალისწინა კონკრეტული მტკიცებულებები, რის საფუძველზე მიანიჭა მათ უპირატესობა, რათა გადასახადის გადამხდელისთვის გასაგები იყოს, რატომ იქნა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიღებული, რაც უზრუნველყოფს მხარის მაქსიმალურ ინფორმირებას, გაიაზროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და გაიზიაროს იგი ან წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისად იქნება მიჩნეული მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს ადმინისტრაციული საჩივარი/სარჩელი და მიუთითოს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც, მისი აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განვითარებულ მსჯელობას გამორიცხავს.
ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. განსახილველ შემთხვევაში, არც საგადასახადო ორგანოს, არც ფინანსთა სამინისტროს და არც სასამართლოს მიერ არ უმსჯელია, არ უარუყვია ან დაუდასტურებია გარემოება იღებდა თუ არა რომან ვასილევი თანხებს სახელმწიფო პროგრამით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან და რომ ეს თანხები სრულად იდენტიფიცირებადია და მარჟა/ფასნამატი აღნიშნულ ტრანზაქციებზე არ არის გადასახადის გადამხდელის ნებაზე ან ბიზნეს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და სრულად იმართებოდა სახელმწიფოს მიერ.
საგადასახადო ორგანოები წარმოადგენენ გადასახადების ადმინისტრირების განმახორციელებელ ორგანოებს, რაც საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გულისხმობს გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობას, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოები აღჭურვილნი არიან ფართო უფლებამოსილებით, რათა უზრუნველყონ გადასახადების გადახდაზე კონტროლი, ამასთან, დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადების ადმინისტრირების მიზნით მოიწვიონ სპეციალისტები ან ექსპერტები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2014 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-463-451(კ-13), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2013 წლის გადაწყვეტილებით საქმეზე №ბს/22-22(კ-12) საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება.
მითითებული ნორმების საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს ენიჭება ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა
ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის ვალდებულება, რამეთუ მხოლოდ ასე არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოთა თითოეული ქმედება უნდა იყოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპის, არამედ იმავდროულად პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვით ნაკარნახევი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგადასახადო ორგანოთა მიერ კანონის ყველა დანაწესის ზედმიწევნით დაცვა და საქმიანობის ისე განხორციელება, რომ უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი მეწარმეობისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, უსაფუძვლოდ არ მოხდეს პირის საგადასახადო ტვირთის დამძიმება, რომელსაც შესაძლებელია, შედეგად მოჰყვეს არა მარტო საგადასახადო, არამედ ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი.
კომპანია სასარჩელო წარმოების ფარგლებში უშედეგოდ ითხოვდა მიეღო ადმინისტრაციული წარმოების მასალები და გადასახადების დარიცხვის საფუძველი სსიპ შემოსავლების სამსახურიდან. საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს მის შესახებ საგადასახადო ორგანოებში არსებულ ინფორმაციას, იგივე უფლება მეორდება საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
კომპანია ვერ ასაბუთებდა სრულყოფილად თავის პოზიციას, რადგან მას არავინ აწვდიდა ინფორმაციას რატომ და როგორ დაერიცხა მას კონკრეტული გადასახადები. საქმეზე №3/7185-21, კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელია მოითხოვოს საქმეზე №3/7184-21 გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო.
აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №001-162 საგადასახადო მოთხოვნა მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების უხეში დარღვევით, შემოწმების შედეგები ეყრდნობა შემმოწმებლის ჰიპოთეზას და ფანტაზიებს, რომელიც არაფრით არ არის დადასტურებული, რეალურად კომპანია დამკვეთის თანხით დამკვეთს უწევდა მომსახურებას და იღებდა მომსახურების ანაზღაურებას. შემოწმებას არ შეუსწავლია საბრუნავი კაპიტალის წარმომავლობა და ის გარემოება, რომ „შემძენი“ ყოველთვის ერთი და იგივე პირია. ასევე არ არის შესწავლილი ის გარემოება, რომ „მიწოდება“ ხორციელდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივრის განხილვის დანიშვნის შესახებ მომჩივნის წარმომადგენელს ეცნობა სატელოფონო კომუნიკაციით და საჩივრის განხილვისას დისტანციურად ჩართვისთვის ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა შესაბამისი ბმული. მომჩივანის წარმომადგენელს საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.07.2021 წლის №11392/2/2020 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია საქონლის ჯგუფების/სახეობების განსაზღვრისა და ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგად გასაჩივრებულ საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით დასტურდება, რომ იმპორტირებული პროდუქციის ნაწილზე თვითწებვადი ქაღალდის, თვითწებვადი ლენტის შემთხვევაში განხორციელებულია რეალიზაცია სასაქონლო ზედნადების საფუძველზე (სრულად) და აღნიშნულ შემთხვევაში დასაბეგრ ბაზად აღებული იქნა რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული საკომპენსაციო თანხები, ხოლო პლასტმასის სასადილო და სამზარეულო ჭურჭლის შემთხვევაში იმპორტირებული 2 700 კგ-დან განხორციელდა 1 200 კგ-ის დოკუმენტური რეალიზაცია, დარჩენილ 1 500 კგ პროდუქციაზე გავრცელებული იქნა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საკომპენსაციო ფასი და აღნიშნული მონაცემები იქნა გათვალისწინებული დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების მიზნებისთვის.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 1.07.2021 წლის №11392/2/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.07.2021 წლის №11392/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 1.07.2021 წლის №11392/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგად გასაჩივრებულ საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №001-44 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 1.07.2021 წლის №11392/2/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1 „ა“); 275.