გადაწყვეტილება №21585/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.04.2024
№ დოკუმენტი 21585/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21585/2/2023

12 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 14.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21585/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატების ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2023 წლის №044-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28585 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 161 646 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 103 209

დღგ - 67 329

საშემოსავლო გადასახადი - 35 880

ჯარიმა - 51 605

საურავი - 6 832

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმის და საყოფაცხოვრებო აქსესუარების საცალო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის, 2023 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი, შესამოწმებელ პერიოდში, არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საქონლის ჩამოწერებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შესამოწმებელ პერიოდში, დღგ-ით (დეკლარირებული) დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 938 289 ლარი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 1 154 668 ლარი, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 18%-ს. გადასახადის გადამხდელთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს №20694 ბრძანების საფუძველზე, ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტიური საქონლის ნაშთი არ გამოვლინდა. რადგან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილი პროდუქცია დაიყო კატეგორიებად და აღნიშნულ კატეგორიებზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვები და გადანაწილდა დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად, ხოლო შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით), რომელმაც შეადგინა 179 405 ლარი, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №24515 ბრძანება და 5.10.2023 წლის №044-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28585 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შეძენილი პროდუქცია დაიყო კატეგორიებად და აღნიშნულ კატეგორიებზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, რომელმაც სიგარეტზე შეადგინა 7%, ხოლო აქსესუარებზე და საოჯახო ჭურჭელზე 79%. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვები და გადანაწილდა დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად, ხოლო შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით) ჩათვლილი იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელთა მიერ არაკანონზომიერად და არამართლზომიერად განხორციელდა დამატებითი გადასახადების და შესაბამისი სანქციების დარიცხვა, რის გამოც საგადასახადო მოთხოვნით (5.10.2023 წლის №044-13) დარიცხული თანხები მიაჩნია უსაფუძვლოდ, არამართლზომიერად, რომელიც არსებითად უნდა გადაანგარიშდეს შემდეგი გარემოებების გამო:

შემოწმების შედეგად, დღგ-ის ბრუნვის და ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გავრცელებულია თამბაქოს ნაწარმზე 8%-იანი ფასნამატი, ხოლო საყოფაცხოვრებო საქონელზე 79%.

1. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ხდება როგორც საცალოდ, ასევე ბითუმად. საცალო რეალიზაციის ნაწილში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურა და ფასნამატი შეადგენს 6%-ს, ხოლო ბითუმად რეალიზაციის ნაწილში უნდა გავრცელდეს აუდირებული ფასნამატები, რომლებიც არ ცდება 1%-1.5%-ს, შესაბამისად, გადაანგარიშებით თამბაქოს ნაწილში კორექტირებას ექვემდებარება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისი ფულის ნაშთი (დანართის სახით წარმოდგენილია მომზადებული გაანგარიშება).

2. არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო საქონლით (აქსესუარები, ჭურჭელი და სხვა) ვაჭრობის ნაწილში შეძენილია მცირე რაოდენობის საქონელი, რომელზეც გავრცელებულია 79%-იანი ფასნამატი, აღნიშნულ ნაწილში კომპანიაში ასევე ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, რომელთა შესაბამისად საქონლის ფასნამატი არ აღემატება 25%-ს, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისი ფულის ნაშთი ექვემდებარება კორექტირებას (დანართის სახით წარმოდგენილია მომზადებული გაანგარიშება).

კომპანიას სავაჭრო ობიექტი განთავსებული ქონდა თბილისში, სამგორის რაიონში, ვაზისუბანში მდებარე სუპერმარკეტ სმარტის მიმდებარედ. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე განთავსებულია სხვა იდენტური სავაჭრო ობიექტებიც, შესაბამისად, მაღალი კონკურენციის ფარგლებში შეუძლებელია მაღალი ფასნამატით მუშაობა, შემმოწმებელს არ მიუღია მხედველობაში საქმიანობის ეკონომიკური ასპექტი და გამოყენებული აქვს არარეალური ფასნამატი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28585 ბრძანების (გადაწყვეტილების) გაუქმებას, წარმოდგენილი არგუმენტების და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, აქტით განხორციელებული საკითხების შესწავლა/გადაანგარიშებას და დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).

დამატებით აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა განხორციელდა მათი მონაწილეობის გარეშე, შესაბამისად შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია და მხარეების არგუმენტაცია არ მოუსმენია, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულია ცალმხრივად.

მომჩივანი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა საჩივრის განხილვაზე დასწრების და მათი არგუმენტები მოსმენის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28585 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატების ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი, შესამოწმებელ პერიოდში, არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საქონლის ჩამოწერებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შესამოწმებელ პერიოდში, დღგ-ით (დეკლარირებული) დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 938 289 ლარი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 1 154 668 ლარი, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 18%-ს. გადასახადის გადამხდელთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს №20694 ბრძანების საფუძველზე, ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტიური საქონლის ნაშთი არ გამოვლინდა. რადგან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილი პროდუქცია დაიყო კატეგორიებად და აღნიშნულ კატეგორიებზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვები და გადანაწილდა დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად, ხოლო შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით), რომელმაც შეადგინა 179 405 ლარი, საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის თანახმად.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.