ბრძანება N 22354
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22354
20 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------------“-ის (ს/ნ ------------------)
(ფაქტ. მის.: --------------------------------)
(იურ. მის.: ---------------------------------)
2025 წლის 8 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „------------“-ის (ს/ნ ------------------) 2025 წლის 8 აგვისტოს №-------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ივლისის №056-44 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს და აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რატომ იქნა გამოყენებული აუდირებული ფასნამატი და არ გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. დამატებით მიუთითებს, რომ სხვა მსგავსი საქმიანობის კომპანიების შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტმა გაავრცელა გაცილებით დაბალი ფასნამატი (26% და 12%). ასევე, მომჩივანი არ ეთანხმება არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8904 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------------“-ის (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 17 იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 10 ივლისის №15659 ბრძანება და ამავე თარიღის №056-44 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 410 575 ლარი, მათ შორის გადასახადი 258 639 ლარი, ჯარიმა 129 319 ლარი და საურავი 22 617 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შპს „------------“-ი (ს/ნ ------------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 17 იანვარს, ამავე თარიღშიც დღგ-ს გადამხდელადაც. საწარმოს საქმიანობას წარმოაგდენს ქ. თბილისში ---- ბაზრობის ტერიტორიაზე ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობას. საქონლის იმპორტირებას ახდენს ----------დან. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია-შეძენები და განისაზღვრა საქონლის ჯგუფები, რომლებზეც ჯგუფის მიხედვით განსაზღვრულ იქნა რპთ და მასზე გავრცელებულ იქნა ----- ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული პირის ფასნამატი. შედეგად კი დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღაბი შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შემოწმების პროცესში ვერ განხორციელდა საწარმოს უფლებამოსილ პირთან დაკავშირება. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციითა და ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემებით. შედეგად, შემოწმების მიერ დადგენილმა შემოსავალმა გადააჭარბა დეკლარირებულს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
● გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სხვა უწყებების მიერ მოწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით. შემოწმებით ჩატარდა 2024 წლის 17 იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოსავალი დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმების მიერ დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ამასთან, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდი. სალაროს, ბანკის, დებიტორებისა და კრედიტორების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის საწყისსა და ბოლოსთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა 0 ლარად. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის N10115 ბრძანებით 2 ივნისს ჩატარდა შპს „------------“-ის (ს/ნ ------------------) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო დეკლარაციის ნაწილ III-ის მიხედვითაც, ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის წარმოდგენილია 0 ლარი. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, კერძოდ, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით ამავე კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს ასევე განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 25 სექტემბერს --:-- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, ვერ მოხდა შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენა-რეალიზაცია და განისაზღვრა საქონლის ჯგუფები, რომლებზეც ჯგუფის მიხედვით განსაზღვრულ იქნა რპთ და მასზე გავრცელებულ იქნა ---- ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული პირის ფასნამატი, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღაბი შემოსავლები. რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ასევე, შემოწმებით ჩატარდა 2024 წლის 17 იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოსავალი დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით, რომელსაც გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ამასთან, დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდი. სალაროს, ბანკის, დებიტორებისა და კრედიტორების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის საწყისსა და ბოლოსთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა 0 ლარად. ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის N10115 ბრძანებით 2 ივნისს ჩატარებული შესაბამისი პროცედურის მიხედვით, ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება, რომელზეც მოხდა აუდირებული ფასნამატის გავრცელება გაანგარიშდა საინვოისო ღირებულების შესაბამისად და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოს არ გააჩნია არსებითი დოკუმენტური რეალიზაცია. რაც შეეხება, აუდირებულ ფასნამატს შემოწმების მიერ გათვალისწინებულია მსგავსი საქმიანობის მქონე და იგივე ტერიტორიაზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------------“-ის (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატსა და არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8904 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 17 იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15659 ბრძანება და №056-44 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 410 575 ლარი, მათ შორის გადასახადი 258 639 ლარი, ჯარიმა 129 319 ლარი და საურავი 22 617 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად ვერ ხდება მის მიერ შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია-შეძენები და განისაზღვრა საქონლის ჯგუფები, რომლებზეც ჯგუფის მიხედვით განსაზღვრულ იქნა რპთ და მასზე გავრცელებულ იქნა ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული პირის ფასნამატი. შედეგად კი დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღაბი შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შემოწმების პროცესში ვერ განხორციელდა საწარმოს უფლებამოსილ პირთან დაკავშირება. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციითა და ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემებით. შედეგად, შემოწმების მიერ დადგენილმა შემოსავალმა გადააჭარბა დეკლარირებულს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
ასევე,შემოწმებით ჩატარდა 2024 წლის 17 იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოსავალი დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმების მიერ დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ამასთან, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდი. სალაროს, ბანკის, დებიტორებისა და კრედიტორების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის საწყისსა და ბოლოსთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა 0 ლარად.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N10115 ბრძანებით 2 ივნისს ჩატარდა მომჩივანის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო დეკლარაციის ნაწილ III-ის მიხედვითაც, ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის წარმოდგენილია 0 ლარი. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, კერძოდ, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით ამავე კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს ასევე განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 160(1); 163(1.2); 164(1);