გადაწყვეტილება №19784/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 19784/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19784/2/2023

20 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 25.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19784/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №16903/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2023 წლის №022-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 833 803 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 373 217

დღგ - 16 373

საშემოსავლო გადასახადი - 356 844

ჯარიმა - 186 609

საურავი - 273 977

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, 2018 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციის შედეგად წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 23 დეკემბრის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 4 ივნისს გადასახადის გადამხდელსა და ---------- (პ/ნ ---------- ) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ფიზიკურ პირს უსასყიდლოდ გადაეცა ქ. ---------- , ---------- -ში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობი 14 291 კვ.მ. (ს/კ ---------- - მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები). აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები არ დაუდეკლარირებია. შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სრულად იქნა შესწავლილი ზემოაღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 177-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა მიწოდებული შენობა-ნაგებობის ღირებულება. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა საბაზრო ფასით, 90 945 ლარით დღგ-ის გარეშე (ქონების შეფასება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი კვალიფიცირებული პირის მიერ). შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

- შემოწმებით, საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის განისაზღვრა ქონების (მიწა და შენობანაგებობა) საბაზრო ღირებულება 1 427 376 ლარით (ქონების შეფასება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი კვალიფიცირებული პირის მიერ). შედეგად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ასევე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №41247 ბრძანება და №022-73 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13714 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 13.10.2022 წლის №16903/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ტექნიკური უზუსტობების (შეუსაბამობების) არსებობის თაობაზე, საკითხის მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის სარჩელი, შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13714 ბრძანების და დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №16903/2/2022 გადაწყვეტილების (არ დაკმაყოფილებულ ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.01.2023 წლის განჩინებით განსახილველად გაეგზავნა ---------- საქალაქო სასამართლოს.

დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №16903/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2023 წლის №022-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად კომპანიას დაერიცხა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, რაზეც აღნიშნავს შემდეგს:

 

1.დღგ-ის ნაწილში: ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თითქოს შემმოწმებელს საერთოდ არ გამოუყენებია მეილზე მიღებული, 22.12.2021 წლით დათარიღებული, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა №54242/12/21. აღნიშნულის საფუძველს აძლევს შემდეგი:

ექსპერტს დაესვა შეკითხვა, რომ შეეფასებინა ქონების საბაზრო ღირებულება 2018 წლის 4 ივნისის მდგომარეობით (აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2021 წლის №--------- სამსახურებრივი ბარათი). ცალკე გამოკვეთილად მისთვის არავის უკითხავს, რომ შეეფასებინა მიწა ცალკე და შენობები ცალკე.

თუმცა ექსპერტმა ეს მაინც გააკეთა. კერძოდ, ექსპერტმა ქონების (მიწა შენობიანად) შეაფასა 1 445 000 ლარად. ქონებები შეაფასა აშშ დოლარში და შემდეგ გადაიყვანა ლარში. როგორც ექსპერტი უთითებს და ეს ნამდვილად ასეა, შესაფასებელი დღის მდგომარეობით კურსი იყო 2.4735 ლარი. ექსპერტმა მიწაზე არსებული 8 შენობა ჯამურად შეაფასა 26 660 აშშ დოლარად, ხოლო მიწა 557 349 აშშ დოლარად. ანუ, შესაბამისად: 65 943 ლარად და 378 602 ლარად;

შემოწმების აქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ ბაზად განისაზღვრა მხოლოდ შენობების ღირებულება, რამაც შეადგინა 90 945 ლარი (ეს ციფრი შემდგომში გამოყენებული იქნა როგორც 90 965 ლარი შეცდომით) დღგ-ის გარეშე. არ არის განმარტება, თუ საიდან იქნა მოტანილი ეს ციფრი აუდიტის დეპარტამენტის მიერ. თუ იგი დაეყრდნო დასკვნას, რომელიც მიიღო მეილზე, მაშინ უდავოა, რომ ექსპერტმა შენობები ჯამურად შეაფასა 65 943 ლარად, სხვაობა დაახლოებით 25 000 ლარია;

შემოწმების აქტში (საკითხი 2 საშემოსავლო გადასახადი) შემმოწმებელმა დაადგინა, რომ ექსპერტიზის მიხედვით დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება 1 427 376 ლარია, ხოლო დასკვნაში სხვა ციფრებია, მიწა ღირს 1 378 602 ლარი, შენობები 65 943 ლარი, რომელთა ჯამიც არ არის შემმოწმებლის მიერ გამოყენებული ციფრი.

ეს ის გარემოებებია, რის გამოც გამოჰქონდა დასკვნა:

1. ან არსებობს სხვა ექსპერტის დასკვნაც ან

2. შემმოწმებელმა დაუშვა შეცდომები, რის გამოც ბუნებრივია დარიცხული გადასახადების/ჯარიმების გაანგარიშებაც მცდარია. თუ, შემოსავლების სამსახური მიაქცევდა ამ ციფრებს ყურადღებას, კითხვები მასაც უნდა გასჩენოდა და შემდეგ, გადაწყვეტილებაში აესახა მასზე პასუხები/ახსნები, თუ საიდან მოვიდა ციფრები.

დღგ-ის ნაწილში ისიც უნდა ითქვას, რომ დარიცხული დღგ გამოითვალა 90 965 ლარიდან და ასე იქნა მიღებული გადასახადი 16 373 ლარი, რაც თავისთავად არასწორია და მოითხოვს ახსნას;

 

2. საშემოსავლო გადასახადი:

როგორც დღგ-ის ნაწილში აღნიშნა, შემმოწმებელმა არასწორად, თუმცა საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნით, ქონების საბაზრო ღირებულება დაადგინა 1 427 376 ლარი, ხოლო შემდგომ არც ეს ციფრი არ გამოიყენა გადასახადის გამოსათვლელად. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 356 844 ლარი, რომელიც კანონის მიხედვით უნდა იყოს ქონების საბაზრო ღირებულების 20%, ხოლო ციფრი რომლის 20%-იც არის 356 844 ლარი (X*20/100-356 844; X=356 844*100/20) გამოდის 1 784 220 ლარი.

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, თუნდაც შემმოწმებლის მიერ გამოყენებული ციფრით რომ მომხდარიყო, აღნიშნული ფორმულის შედეგად X უნდა ყოფილიყო 1 427 376 ლარი, თუმცა არ არის და სხვაობაც საკმაოდ სოლიდურია.

გამოანგარიშებული ციფრი 1 784 220 ლარი დასკვნაშიც არის გამოყენებული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გაანგარიშების ცხრილში და აქედან გამოთვალა შემმოწმებელმა 20% და ამიტომ მიიღო 356 844 ლარი. გაუგებარია საიდან იქნა მოტანილი შემმოწმებლის მიერ ჯერ 1 427 376 ლარი, ხოლო შემდეგ 1 784 220 ლარი.

მიიჩნევს, რომ პირველ რიგში მსჯელობა უნდა მოხდეს ამ არგუმენტებზე და შემდგომ ზემოაღნიშნულ ციფრებზე, რამეთუ არგუმენტების გაზიარების შემთხვევაში სულ სხვა მიმართულებით უნდა მოხდეს გადაანგარიშება.

შემოწმების აქტით უდავოდ დადგინდა, რომ გამჩუქებელი კომპანიის დამფუძნებელი არის დასაჩუქრებულის მამა, ანუ მხარეები ერთმანეთისათვის არიან პირველი რიგის მემკვიდრეები, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 298-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში აღნიშნავდა, რომ გაჩუქებული უძრავი ქონება კომპანიის საკუთრებაში იყო 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც მისმა დამფუძნებელმა ---------- იგი შეიტანა კომპანიის კაპიტალში. ეს დოკუმენტები მოიძიეს არქივიდან, რომელსაც წარმოადგენს დანართის სახით. უდავოა, რომ:

კომპანიის დამფუძნებელი და დასაჩუქრებული პირი არიან მამა შვილი, ანუ პირველი რიგის მემკვიდრეები;

მხარეთა ნება იყო უძრავი ქონების ---------- (შვილი) საკუთრებაში გადასვლა;

უძრავი ქონება კომპანიის დამფუძნებელ მამას რომ ეჩუქებინა შვილისთვის, ვინაიდან იგი იყო პირველი რიგის მემკვიდრე, ეს ოპერაცია არ დაიბეგრებოდა;

უძრავი ქონება კომპანიის საკუთრებაშია დამფუძნებლის მიერ მისი კაპიტალში შეტანის გზით;

მხარეთა ნება არ შეიძლება ყოფილიყო ქონების პირდაპირ კომპანიიდან დამფუძნებლის შვილზე გაჩუქება და ამის გამო, დიდი საგადასახადო ვალდებულების წინაშე კომპანიის დაყენება;

მხარეთა ნება იყო ქონების შვილის საკუთრებაში აღმოჩენა ისეთი გარიგებით, რომ ამას მოყოლოდა ნაკლები გართულება, ხოლო ასეთი სქემა შეიძლება ყოფილიყო დამფუძნებლის მიერ გასაჩუქებელი ქონების კაპიტალიდან გატანა და მის პირად საკუთრებაში აღრიცხვა, ხოლო შემდეგ მისი გაჩუქება შვილზე.

საგადასახადო კოდექსის დანაწესი - სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს - საგადასახადო ორგანოს ოპერაციის კვალიფიკაციის ვალდებულებას ანიჭებს იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთ შეცვლას შესაძლოა ნაკლები საგადასახადო ვალდებულება მოყვეს. ამ ნორმის მთავარი მიზანია, რომ იურიდიულად განხორციელებული ქმედება, ანუ გარეგანი/გამოხატული ნება შეესაბამებოდეს მხარეთა შინაგან ნებას, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთს არ ემთხვეოდეს სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის შეცდომის, არცოდნის, თვითიმედოვნების და ა.შ. გამო. ამ ნორმის მიზანი არ არის ოპერაციის კვალიფიკაციის მხოლოდ მაშინ შეცვლა, თუ ეს იწვევს გადასახადების დარიცხვას/გაზრდას.

სადავო შემთხვევაში, შეფასებული გარიგება უნდა დაკვალიფიცირდეს დამფუძნებლის მიერ უძრავი ქონების კაპიტალიდან გატანად და შემდეგ გაჩუქებად შვილზე, რაც იმის შედეგს მისცემს, რომ შესაფასებელი გახდება დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების კაპიტალიდან გატანის ოპერაცია რა იყო, იბეგრებოდა თუ არა და თუ იბეგრებოდა, მაშინ რა გადასახადით და რა ოდენობით. სწორედ ამგვარი შეფასება იქნება დავის განმხილველი ორგანოს მიერ სამართლიანობის პრინციპის გამოვლინება.

ზემოაღნიშნულის გამო, დავების საბჭომ ხელახლა შესწავლისა და გადაანგარიშების მიზნით დააბრუნა საჩივარი, რომლის საფუძველზე გამოიცა სადავო აქტები, რომელიც კვლავ დაუსაბუთებელია. სადავო აქტებში და მის უკან მდგომ გაანგარიშებებში გამოყენებული ციფრები კვლავ შეუსაბამობაშია ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ციფრებთან და გაუგებარია რითაა აღნიშნული გამოწვეული, თუ სხვა დასკვნაც არსებობს ითხოვს მის გადაცემას.

მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არასწორი შეფასება მიეცა განხორციელებულ ტრანზაქციებს, რაზედაც წარმოდგენილი ქონდა დასაბუთება, რაც არსებითია და მასზე გვერდის ავლა შეუძლებელია, თუმცა დღემდე არ მიეცა პასუხი შემმოწმებლის მხრიდა.

დავების საბჭოს გადაწყვეტილება და მანამდე გამოცემული აქტები, გასაჩივრებულია სასამართლოში (წარმოადგენს დანართის სახით) თუმცა მაინც მოხდა დავების საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება და დღეს ფაქტიურად ერთი და იგივე საკითხზე აქვს დავა საბჭოშიც და სასამართლოშიც.

მომჩივანს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჩივარი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13714 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 13.10.2022 წლის №16903/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ტექნიკური უზუსტობების (შეუსაბამობების) არსებობის თაობაზე, საკითხის მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 13.10.2022 წლის №16903/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა დეტალური ცხრილი, სადაც ასახულია დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების გამოანგარიშების პრინციპი, რომლის საფუძველზეც განსაზღვრულია გამოვლენილი დამატებით გადასახდელი თანხების გამოანგარიშების მართლზომიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კვლავაც წარმოადგენს არგუმენტებს, რაც მანამდე წარმოდგენილი არგუმენტების ანალოგიურია, რომელიც ცნობილია საბჭოსათვის და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ტექნიკური უზუსტობების (შეუსაბამობების) არსებობის თაობაზე, სწორედ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საკითხის მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბჭომ 13.10.2022 წლის №16903/2/2022 გადაწყვეტილებით დღგ-ის მიზნებისთვის, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმებით, მხოლოდ შენობანაგებობის (დამოუკიდებლად შეფასებული საბაზრო ფასით) მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის, მთლიანი ქონების (მიწა და მასზე დამაგრებული შენობანაგებობა) საბაზრო ღირებულების შეფასება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერად მიიჩნია.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი საჩივარი შინაარსით ნაკლებად ეხება დარიცხვას, ყურადღება გამახვილებულია ტექნიკურ მხარეზე, დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ციფრების გამოყვანის სისწორეზე, რადგან მისი გაანგარიშებით მომჩივანი ვერ გადიოდა იმ ციფრებზე რაც აქტშია აღრიცხული. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კომუნიკაცია განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან და შეთავაზა მისულიყო აუდიტის დეპარტამენტში ან დისტანციურად მომხდარიყო გავლა ან/და მეილით განხორციელებულიყო მიმოწერა, მან აირჩია მეილით მიმოწერა, რადგან თბილისში არ იყო. ამდენად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლისთვის მონაცემების (ცხრილის სახით) მეილით გაგზავნა, დეტალურად იქნა მიწერილი ყველა ციფრის გაანგარიშება თავისი ახსნა-განმარტებით, კერძოდ გაანგარიშება რა ციფრი საიდან მოდიოდა და მისგან პასუხიც აქვს მიღებული მეილით, რომლითაც ირკვევა, რომ მას გაანგარიშების ნაწილში პრეტენზია არ გააჩნია, ერთადერთი, რაც ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს გაანგარიშებაში, რაზეც გამოგზავნილ მეილში აფიქსირებს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი, მიუთითებს 2018 წლის ივლისის ნაცვლად ივნისის სავალუტო კურსის გამოყენებაზე, რაზეც აღნიშნავს, რომ ექსპერტმა ქონება შეაფასა აშშ დოლარში 2018 წლის ივლისის კურსით, მაგრამ ტექნიკურად ივნისის სავალუტო კურსია აღებული და ამ კურსითაა ფაქტიურად შეფასებული, ანუ უფრო დაბალი კურსით, ხოლო შესწორების შემთხვევაში, დაახლოებით 5 000 ლარით მძიმდებოდა დარიცხვა სწორი კურსით რომ აეღო, რაზეც ასევე განემარტა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 13.10.2022 წლის №16903/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №16903/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 4 ივნისს გადასახადის გადამხდელსა და ფ/პ-ის შორის აფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ფიზიკურ პირს უსასყიდლოდ გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები არ დაუდეკლარირებია. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა;

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;275