გადაწყვეტილება №27642/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2026
№ დოკუმენტი 27642/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27642/2/2026

16 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 23.06.2026 და 30.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №27642/2/2026; №27690/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დებიტორული დავალიანების (არსებული უძრავი ნაშთის) დაკვალიფიცირება საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად;

2. უკან დაბრუნებული საქონლის მიწოდებულად, ხოლო ღირებულების შესაბამისად მიღებული/მისაღები ანაზღაურების ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად განხილვა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2026 წლის №041-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12197 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 171 122.16 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 102 456

ჯარიმა - 51 228

საურავი - 17 438.16

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2025 წლის №10433 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2024 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 20.03.2026 წლის №--- საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 24.03.2026 წლის №6261 ბრძანება და 25.03.2026 წლის №041-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.06.2026 წლის №12197 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დებიტორული დავალიანების (არსებული უძრავი ნაშთის) დაკვალიფიცირება საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოში უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე, -----ზე (ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები (1451)), ნაშთი 384 267 ლარის ოდენობით. ამასთან, პერიოდის ბოლოსთვის ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით კომპანიას არ უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი. წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით გაირკვა, რომ კომპანიის ანგარიშვალდებულ პირს (კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი) ეს თანხა წაღებული აქვს 2023 წელს (აღნიშნული ფაქტი, ასევე, დასტურდებოდა კომპანიის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, დებიტორული დავალიანების გზით და ჩანაწერით „ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მაგრამ აუცილებლად დააბრუნებს“).

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით (დანართი №9). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის დებიტორული დავალიანება (არსებული უძრავი ნაშთი), შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 8.05.2026 წელს --:-- საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით, 21.05.2026 წელს, -:- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრების მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე.

ამასთან, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს რძის გადამუშავება და ყველის წარმოება. საწარმო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, რომლის კეთილმოწყობა განახორციელა საკუთარი ხარჯებით.

რაც შეეხება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ საკითხებს, გარკვეულ უზუსტობას შეიცავს გადასახადის გადამხდელის მიმართ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებული გაანგარიშება, კერძოდ:

საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ კომპანიას საბუღალტრო ჩანაწერებში ანგარიშვალდებულ პირზე -----ზე უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის ნაშთი - 384 267 ლარის ოდენობით. აქვე მითითებულია, რომ აღნიშნული თანხა „წაღებული აქვს“ 2023 წელს და ახსნა-განმარტებაშიც აფიქსირებს რომ „ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მაგრამ აუცილებლად დააბრუნებს“.

ფაქტიური მდგომარეობა არის შემდეგი:

- საწარმოს იჯარით აქვს აღებული ფართი რომელშიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას;

- ზემოაღნიშნული ფართი იჯარით აღებამდე წარმოადგენდა ნახევრად საცხოვრებელი ტიპის შენობას, რომლის სამრეწველო დანიშნულებით გადაკეთება მოითხოვდა მნიშვნელოვან დანახარჯს, რომელიც გაწეული იქნა საწარმოს მიერ. სწორედ ამას ემსახურებოდა -----ზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა;

- ის რომ ახსნა-განმარტებაში --------მა დააფიქსირა, რომ აღნიშნული თანხა გატანილია დროებით, მაგრამ გარკვეულ პერიოდში მოხდებოდა მისი დაბრუნდება. რეალურად ეს თანხა მიმართულ იქნა ზემოაღნიშნული იჯარით აღებული ფართის სამრეწველო შენობა-ნაგებობად გადაკეთებაში მონაწილე პირებზე გასაცემი ანაზღაურების დასაფარად;

- შემოწმების მიმდინარეობის პროცესში ვერ მოხდა ზემოაღნიშნულ პირებთან დაკავშირება, რათა მომხდარიყო გაწეული მომსახურების და კომპანიის მიერ გადახდილი თანხის დოკუმენტურად დადასტურება და აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ზემოაღნიშნული ფაქტი დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ განკარგულ თანხად, ხელფასად.

- წარდგენილია დოკუმენტური მტკიცებულება გაწეული მომსახურების შესახებ, კერძოდ დამკვეთის მიერ შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ფორმა №2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამის მომსახურებაზე დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან უნდა დაექვემდებაროს ხელახალ შესწავლას.

ითხოვს კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, შესწავლილ იქნეს საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების განკარგვის საკითხი და შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.

მოცემული ფაქტების გათვალისწინებით ადგენს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პროცედურები, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში დარიცხული თანხები სრულად უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.

ზემოაღნიშნული საკითხების უგულებელყოფამ გამოიწვია მეტად სავალალო შედეგი კომპანიისთვის. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის საფუძველზე, საჩივრის წარმოებაში მიღებას, 302-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საჩივრის განხილვას გადამხდელის მონაწილეობით, 304-ე მუხლის საფუძველზე, საჩივრის დაკმაყოფილებას და სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას თანმდევი ნორმატიული აქტებით და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ -----ზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა, მის მიერ, მიმართულია ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იჯარით აღებული ფართის (წარმოადგენდა ნახევრად საცხოვრებელი ტიპის შენობას) სამრეწველო დანიშნულებით გადაკეთებაში მონაწილე პირებზე გასაცემი ანაზღაურების დასაფარად. ფაქტიურად დირექტორმა/დამფუძნებელმა საკუთარი ფინანსებით გასწია ხარჯი კომპანიისთვის ყველის წარმოების დანადგარის ე.წ. ქარხნის მოსაწყობად და კომპანიამ აუნაზღაურა გაწეული ხარჯი სრულად. გაწეული სარემონტო სამუშაოების მოცულობა ასახულია მიღება-ჩაბარების აქტებში. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში ვერ მოხდა ზემოაღნიშნულ პირებთან დაკავშირება, რათა მომხდარიყო გაწეული მომსახურების და კომპანიის მიერ გადახდილი თანხის დოკუმენტურად დადასტურება. წარმოდგენილია (თვალსაჩინოებისთვის ორ მეწარმესთან გაფორმებული ხელშეკრულებები და არსებობს კიდევ ერთი, რომლის წარმოდგენაც შესაძლებელია) დოკუმენტური მტკიცებულება გაწეული მომსახურების შესახებ, კერძოდ დამკვეთის მიერ შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ფორმა №2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამის მომსახურებაზე დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან უნდა დაექვემდებაროს ხელახალ შესწავლას.

აღსანიშნია, რომ დავის წარმოების პირველ ეტაპზე არ არის წარდგენილი (არ ახლავს საჩივარს) მომჩივნის არგუმენტაციის დამადასტურებელი და საჩივარში მითითებული მტკიცებულებები. მომჩივნის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 30.06.2026 წელს წარმოდგენილია ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ:

- 17.05.2022 წლის მომსახურების ხელშეკრულებები გაფორმებული ერთი მხრივ შპს ----ის ყველსა, წარმოდგენილი მისი დირექტორის სახით, დამკვეთსა და მეორე მხრივ, შემსრულებელს (ერთ ხელშეკრულებაში მითითებულია ი/მ -----ი (პ/ნ ------), ხოლო მეორე ხელშეკრულებაში ი/მ -----ძე (პ/ნ ------)) შორის, ------ის რაიონში, სოფ. ----ში, განხორციელდეს დამკვეთის მიერ წინასწარ განსაზღვრული სამშენებლო, სარემონტო, საკანალიზაციო და სხვა სამუშაოები;

- 31.07.2022 წლის და 28.07.2022 წლის მიღება-ჩაბარების აქტები, სადაც მითითებულია, რომ ერთი მხრივ შპს -----ის ყველი, წარმოდგენილი მისი დირექტორის სახით, დამკვეთი და მეორე მხრივ, შემსრულებელი (ერთ აქტში მითითებულია ი/მ -----ი, ხოლო მეორე აქტში ი/მ ------ძე) ადგენს წინამდებარე აქტს, რომ შემსრულებელმა დამკვეთს გაუწია სხვადასხვა სამშენებლო, გადახურვის, ლესვის, კერამიკის დაგების და კანალიზაციის გაყვანის სამუშაოები. ქ. ----ში, სოფ. ------ში სამშენებლო ობიექტზე, გაწეული მომსახურების ხელზე მისაღებმა ღირებულებამ შეადგინა 50 505 ლარი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის №----21-14 წერილი, სადაც მითითებულია და საბჭოს სხდომაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით კომპანიას ჰყავდა არაფორმალური მეწილე, რომლისგანაც მობილიზებული თანხით გაკეთდა სამრეწველო შენობა-ნაგებობა და მისთვის ვალდებულების დასაფარად კომპანიამ 2023 წელს აიღო სესხი. დავის პროცესში გადასახადის გადამხდელმა შეცვალა პოზიცია ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და უთითებს, რომ „რეალურად ეს თანხა მიმართულ იქნა იჯარით აღებული ფართის სამრეწველო შენობა-ნაგებობად გადაკეთებაში მონაწილე პირებზე გასაცემი ანაზღაურების დასაფარად“. 30.06.2026 წლის დაზუსტებულ საჩივარზე დართული მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია „მომსახურების ხელშეკრულება“ შპს ----ის ყველსა და ორ ფიზიკურ პირს, ი/მ ----სა და ი/მ ------ეს, შორის. აღნიშნული ხელშეკრულებების თარიღია ხანდაზმული პერიოდი 17.05.2022 წელი, მოცემული ხელშეკრულების საგანია ---ის რაიონში, სოფ. ----ში დამკვეთის მიერ წინასწარ განსაზღვრული სარემონტო, საკანალიზაციო და სხვა სამუშაოები. ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული რა ღირებულების სამუშაოები უნდა შეესრულებინათ, ამასთან თანდართულია 2022 წლის 28 ივლისის და 31 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის მიხედვით ქ. ----ში სოფ. -----ში სამშენებლო ობიექტზე ხელზე მისაღებმა ღირებულებამ თითოეულის შემთხვევაში შეადგინა 50 505 ლარი. აღსანიშნია, რომ გადამოწმებულ იქნა ხსენებული ინდ. მეწარმეების დეკლარაციები და დადგინდა, რომ მათ მიერ აღნიშნული მომსახურების ღირებულებების დეკლარირება არ განხორციელებულა. აღსანიშნია, რომ ყველის დასამზადებელი დანადგარი/შენობა ე.წ. ქარხანა არ ფიქსირდება კომპანიის ბალანსზე, არ ახდენს დეკლარირებას და ქონების გადასახადის გადახდას. აღნიშნული წარმოადგენს დირექტორის/დამფუძნებლის საკუთრებას და შესამოწმებელ პერიოდში, 2024 წელს, კომპანიას იჯარით აქვს აღებული დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან. ამდენად, დებიტორული დავალიანება (არსებული უძრავი ნაშთი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. უკან დაბრუნებული საქონლის მიწოდებულად, ხოლო ღირებულების შესაბამისად მიღებული/მისაღები ანაზღაურების ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში, პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში (სასაქონლო ზედნადებების მიხედვით) უკან დაბრუნებული ჰქონდა 25 557 ლარის საქონელი, აღნიშნულით შემცირებული იყო მიღებული/მისაღები შემოსავალი, ხოლო საქონლის/მარაგების კორექტირება არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული საქონელი გადაყარა და არ განხორციელებულა საქონლის ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ზემოაღნიშნული უკან დაბრუნებული საქონელი ჩაითვალა მიწოდებულად, ხოლო ღირებულების შესაბამისად მიღებული/მისაღები ანაზღაურება ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 145-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების პროცესში დადგენილ გარემოებებზე.

ამასთან, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტში მე-2 საკითხად მითითებულია, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში(ზედნადებების მიხედვით) უკან დაბრუნებული აქვს 25 557 ლარის საქონელი. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კომპანიას საქმიანობას წარმოადგენს ყველის წარმოება. გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნება ხდება ერთადერთი მიზეზით - ვადის გასვლის გამო. აქედან გამომდინარე უკან დაბრუნებული საქონლის განხილვა ხელახლა გაყიდულად და სარგებლის დირექტორზე ხელფასად განხილვა ყველანაირად ალოგიკური და მტკიცებულებას მოკლებულია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის.

6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საჩივარი მითითებულია და საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნება ხდება ერთადერთი მიზეზით - ვადის გასვლის გამო. აქედან გამომდინარე უკან დაბრუნებული საქონლის განხილვა ხელახლა გაყიდულად და სარგებლის დირექტორზე ხელფასად განხილვა ყველანაირად ალოგიკური და მტკიცებულებას მოკლებულია.

დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უკან დაბრუნებული ჰქონდა 25 557 ლარის საქონელი, რომლითაც შემცირებული იყო მიღებული/მისაღები შემოსავალი, ხოლო საქონლის/მარაგების კორექტირება, ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად არ განხორციელებულად.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, ზემოაღნიშნული უკან დაბრუნებული საქონლის ჩათვლა მიწოდებულად, ხოლო ღირებულების შესაბამისად მიღებული/მისაღები ანაზღაურების ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად განხილვა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 51 228 ლარის ოდენობით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2026 წლის №041-16 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 17 438.16 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

მითითებულის გათვალისწინებით, დავის განმხილველმა ორგანომ ყურადღება უნდა მიაქციოს, იმ გარემოებას, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დებიტორული დავალიანების (არსებული უძრავი ნაშთის) დაკვალიფიცირება საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად;

2. უკან დაბრუნებული საქონლის მიწოდებულად, ხოლო ღირებულების შესაბამისად მიღებული/მისაღები ანაზღაურების ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად განხილვა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №10433 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2024 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №6261 ბრძანება და №041-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №12197 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად,არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 145(1.6); 154(1„ა“); 269(7); 275(2, 21 ,22);