ბრძანება N 295

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2024
№ დოკუმენტი 295
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 295

12 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ---------- )

2023 წლის 28 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №86364/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №056-66 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დადგენილ ფასნამატს (2022 წ. - 21 %, ხოლო 2023 წ. 25%), მიუთითებს, რომ 2022 წელს დაიწყო იმპორტით საქონლის შემოტანა და ფასნამატი იყო ბევრად ნაკლები. ვინაიდან რეალზიაცია ხდება პირდაპირ საწყობიდან, ფასები კი ამ დროს უფრო ნაკლებია, რადგან არ შეიცავს დისტრიბუციის ხარჯებს. მიიჩნევს, რომ ფასნამატი არასწორადაა დათვლილი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ აღებული აქვს დიდი ოდენობით სესხი, რომლითაც დაიწყო საქმიანობა. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 აგვისტოს №20170 და 20 დეკემბრის №32145 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2023 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33081 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №056-66 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 83 338 ლარი, მათ შორის გადასახადი 57 343 ლარი, ჯარიმა 20 873 ლარი და საურავი 5 122 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ „----------“ საქმიანობის სახეს წარმოადგენს სხვადასხვა სამეურნეო საქონლით (სამშენებლო-სარემონტო მასალები) ვაჭრობა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, იმპორტის გზით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მოწოდებული ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 02 ოქტომბრის №24183 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა გადამხდელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მხოლოდ ფაქტიური ნაშთის აღწერა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22-ე, 49-ე, 61-ე, 136-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმება დაეყრდნო მეწარმის მიერ წარდგენილი ახსნა განმარტებას და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთებს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კი აღებულ იქნა მეწარმესთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა 13%, რაც შესაბამისობაში არ არის დოკუმენტურ ფასნამატთან, 2022 წელს საშუალოდ ფასნამატმა შეადგინა 21%, ხოლო 2023 წელს 25% (გათვალისწინებულია იმპორტირებული საქონელი, სადაც თვითღირებულებაში დამატებულია ყველა ხარჯი). ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა მეწარმის დასაბეგრი შემოსავლები. 2022 წელს რპთ-ზე გავრცელდა საქონლის ფასნამატები (შეძენის წილის პროპორციულად), რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელი მიერ დაფიქსირებული რპთ არ ედრება შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს, რამაც გამოიწვია მეწარმის დასაბეგრი შემოსავლების გაზრდა აღნიშნულ პერიოდზე. შედეგად, გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა პირის მიერ 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და ერთობლივი შემოსავალი (2022 წ.), აღნიშნულმა გამოიწვია შესაბამისი გადასახადებისა და ჯარიმის დარიცხვა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებას და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთებს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კი აღებულ იქნა მეწარმესთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთი. შემოწმების მიერ დადგინდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც 2022 წელს შეადგინა საშუალოდ 21%, ხოლო 2023 წელს 25% (გათვალისწინებულია იმპორტირებული საქონელი, სადაც თვითღირებულებაში დამატებულია ყველა ხარჯი). ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა მეწარმის დასაბეგრი შემოსავლები. 2022 წელს რპთ-ზე გავრცელდა საქონლის ფასნამატები (შეძენის წილის პროპორციულად), ხოლო 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული რპთ არ ედრება შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს, რამაც გამოიწვია ასევე მეწარმის დასაბეგრი შემოსავლების გაზრდა აღნიშნულ პერიოდზე. შედეგად, გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა პირის მიერ 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და ერთობლივი შემოსავალი (2022 წ.).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებას და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთებს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კი აღებულ იქნა მეწარმესთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთი. შემოწმების მიერ დადგინდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც 2022 წელს შეადგინა საშუალოდ 21%, ხოლო 2023 წელს 25% (გათვალისწინებულია იმპორტირებული საქონელი, სადაც თვითღირებულებაში დამატებულია ყველა ხარჯი). ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა მეწარმის დასაბეგრი შემოსავლები. 2022 წელს რპთ-ზე გავრცელდა საქონლის ფასნამატები (შეძენის წილის პროპორციულად), ხოლო 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული რპთ არ ედრება შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს, რამაც გამოიწვია ასევე მეწარმის დასაბეგრი შემოსავლების გაზრდა აღნიშნულ პერიოდზე. შედეგად, გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა პირის მიერ 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და ერთობლივი შემოსავალი (2022 წ.).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102(1„ა“); 159(1„ა“); 275.