ბრძანება N 15107

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.07.2026
№ დოკუმენტი 15107
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15107

03 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 18 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს „----“(ს/ნ ----) 2026 წლის 18 ივნისის №102963/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივნისის №----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ პროდუქციას ყიდის ბითუმად და რეალური ფასნამატი მერყეობს 8-12%-ის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის №6351 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 17 სექტემბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 28 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივნისის №11960 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 60 091 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 847 ლარი, ჯარიმა 19 423 ლარი, საურავი 1 821 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ,,------“ გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის არაკვალიფიციურ გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 17 სექტემბრიდან. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო საქონლის ------ იმპორტი და ------ ბაზრობის ტერიტორიაზე რეალიზაცია.

საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩართული იყო მინდობილი პირი ფ/პ -----, რომელმაც წარმოადგინა მინდობილობა, საბანკო ცნობები და ამონაწერები. გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, შესაბამისად, შემოწმების მიერ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2026 წლის 16 აპრილს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189673. ხოლო, 2026 წლის 4 მაისს, ამავე კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189677. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია. 2026 წლის 24 მარტის №6308 ბრძანებით საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლითაც სალაროს ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ასევე, 2026 წლის 26 მარტის №6635 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც 2026 წლის 27 მარტის მდგომარეობით განისაზღვრა 972 850 ლარის საბაზრო ღირებულების ნაშთი, რომელიც მოიცავს 310 120 ლარის აღურიცხავ საქონელს. შემოწმების ხელთ არსებული მასალებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი (საშუალოდ 32%). შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 4 042 ლარს, ხოლო შემოწმებით განისაზღვრა 908 107 ლარი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტი ------ და ------- ბაზრობის ტერიტორიაზე რეალიზაცია. კომპანიის წარმომადგენელი არასრულყოფილად თანამშრომლობდა შემოწმებასთან. ამასთან, საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა დოკუმენტური რეალიზაცია. 2026 წლის 24 მარტის №6308 ბრძანებით საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლითაც სალაროს ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. ასევე, 2026 წლის 26 მარტის №6635 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც 2026 წლის 27 მარტის მდგომარეობით განისაზღვრა 972 850 ლარის საბაზრო ღირებულების ნაშთი, რომელიც მოიცავდა 310 120 ლარის აღურიცხავ საქონელს. შემოწმების ხელთ არსებული მასალებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 32%. შედეგად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი სრულფასოვნად არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა, არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, შესაბამისად, შემოწმებისათვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება და მასზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტი. კომპანიის წარმომადგენელი არასრულყოფილად თანამშრომლობდა შემოწმებასთან. ამასთან, საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც 2026 წლის 27 მარტის მდგომარეობით განისაზღვრა 972 850 ლარის საბაზრო ღირებულების ნაშთი, რომელიც მოიცავდა 310 120 ლარის აღურიცხავ საქონელს. შემოწმების ხელთ არსებული მასალებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 32%. შედეგად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);158(1);159(1);163(1);