გადაწყვეტილება №21477/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21477/2/2023
13 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------ს 1.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21477/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №048-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №27911 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 28 109,32 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 18 510
ჯარიმა - 5 142
საურავი - 4 457,32
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ი/მ -------ს საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ტექსტილით ვაჭრობა. საქონლის შეძენა/რეალიზაციას ახდენდა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და შემმოწმებელთათვის წარდგენილი მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 28.04.2021 წლის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად.
გადასახადის გადამხდელს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 28.04.2021 წელი. დღგ დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, ჯარიმა დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის №25399 ბრძანება და 13.10.2023 წლის №048-10 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 23.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.11.2023 წლის №27911 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გამოცემული ბრძანებები არის უსამართლო, ვინაიდან მას არ აქვს აღნიშნულის გადახდის რეალური საშუალება. ჰყავს მცირეწლოვანი შვილები. აქედან გამომდინარე, გამოდის რომ ვინაიდან მას არ აქვს ამ ჯარიმის გადახდის საშუალება, რეალურად მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს რამე ეკონომიკური საქმიანობა და მიიღოს შემოსავალი, რათა არჩინოს საკუთარი თავი და ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვანი შვილები.
შემოსავლების სამსახურს უნდა გამოეკვლია და ამ გამოკვლევის შემდეგ, მისი გათვალისწინებით უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან და ვინაიდან შემოსავლების სამსახურს არ შეუსრულებია კონსტიტუციით მისთვის დაკისრებული ვალდებულება ამით დაარღვია კანონმდებლობის არაერთი მოთხოვნა. კერძოდ დავის განმხილველი ორგანო საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჩივარს განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის ობიექტურობის მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპით.
შემოსავლების სამსახურს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად გააჩნდა ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა კანონმდებლობის მოთხოვნები და გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მომჩივანი გასაჩივრებული ბრძანებების ბათილად ცნობას ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის გადამხდელს აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ტექსტილით ვაჭრობა. საქონლის შეძენა/რეალიზაციას ახდენდა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და შემმოწმებელთათვის წარდგენილი მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 28.04.2021 წლის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად. გადასახადის გადამხდელს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 28.04.2021 წელი. დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7).