ბრძანება N 8986

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2024
№ დოკუმენტი 8986
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8986

18 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------)

(იურ. მის.: ----------------------------)

2024 წლის 26 და 28 თებერვლის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------------) 2024 წლის 26 თებერვლის №32403/21 და 28 თებერვლის №33880/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №005-237 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ რეალიზებული ბინის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ თავდაპირველად, აღნიშნული ბინა კომპანიამ 2019 წლის აპრილში გაყიდა 57 547 აშშ დოლარად, ხოლო აგვისტოს თვეში დაიბრუნა უკან 44 100 აშშ დოლარად, რომელიც 2020 წლის 23 იანვარს ისევ გაყიდა 61 710 აშშ დოლარად. მიუთითებს, რომ აღნიშნულს ჰქონდა ფორმალური ხასიათი და არც ქონების უკან დაბრუნების დროს მომხდარა დღგ-ის თანხის კორექტირება და არც 2020 წელს რეალიზაციის ოპერაციის დაბეგვრა. ითხოვს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენებას და აღნიშნულის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ აღნიშნული პირები არ წარმოადგენდნენ კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირებს. აგრეთვე, განმარტავს, რომ მოხდა აღნიშნული ბინების გამოსყიდვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ნოემბრის №28868 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33366 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-237 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 237 291 ლარი, მათ შორის გადასახადი 129 884 ლარი, ჯარიმა 64 942 ლარი და საურავი 42 465 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონების (ბინების) რეალიზაცია, ქ. თბილისში, -------ის ქ. №7/-------ის ქ. №12- ში. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა ნულოვანი დეკლარაციები, ბოლო წარდგენის პერიოდია - 2022 წლის ივლისი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით (ნასყიდობის ხელშეკრულებები), შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია. შემოწმების მიერ, შესყიდვის ხელშეკრულების დადების თარიღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი თანხები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------------) დამფუძნებლები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე არასაბაზრო ღირებულებით, კერძოდ, ფ/პ --------ზე და დამფუძნებელზე - ფ/პ ---------ზე (20%-იანი წილის მფლობელი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის 11-ე ნაწილის და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინები, გადაყიდვის ღირებულებით, შესაბამის პერიოდებში, ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებულ მიწოდებად. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:

ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება;

ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;

დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად:

. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 23 იანვარს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინის რეალიზაცია ფიზიკურ პირზე --------ზე (კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელი). შემოწმების მიერ, აღნიშნული ბინის რეალიზაცია დაიბეგრა საკუთრების უფლების გადაცემის მომენტში (რეესტრში რეგისტრაცია), შესყიდვის ხელშეკრულების დადების თარიღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე არასაბაზრო ღირებულებით, კერძოდ, ფ/პ ------ზე და დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე ----------მა (20%-იანი წილის მფლობელი). შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინები, გადაყიდვის ღირებულებით, შესაბამის პერიოდებში, ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებულ მიწოდებად. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, შპს „------“-ისგან ერთი ბინა შეძენილი ჰქონდა კომპანიის დამფუძნებელს -------ს საბაზრო ფასზე დაბალი ღირებულებით, რომელიც იმავე წელს დამფუძნებელმა გაყიდა არაურთიერთამოკიდებულ პირზე. შემოწმების მიერ, დამფუძნებელზე მიწოდება დაიბეგრა საბაზრო ფასით. საბაზრო ფასად განისაზღვრა დამფუძნებლის მიერ რეალიზაციისას ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი. რაც შეეხება მეორე ბინას, აღნიშნული რეალიზებული იყო ფ/პ --------ზე 26 280 აშშ დოლარის ღირებულებით, რომელიც ამავე წელს, 2020 წლის 13 ნოემბერს ფ/პ-მ მიჰყიდა კომპანიის დირექტორს ფ/პ -----ს იმავე ღირებულებით. ამავდროულად, არიან -------ი წარმოადგენდა ფ/პ --------ის მინდობილ პირს (საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მინდობილობის მიხედვით) და სრულუფლებიან წარმომადგენელს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი საქმის/გარიგების განხორციელება, მ.შ საკუთარ თავთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული ბინის მიწოდება ჩაითვალა დირექტორზე მიწოდებად და როგორც ურთიერთდამოკიდებულ პირზე განხორციელებული მიწოდება დაიბეგრა საბაზრო ღირებულებით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ რეალიზებული ბინის დღგ-ით დაბეგვრას და ფიზიკურ პირებზე რეალიზებული ბინების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენებას და აღნიშნულის დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №28868 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №33366 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №005-237 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 237 291 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა ნულოვანი დეკლარაციები, ბოლო წარდგენის პერიოდია - 2022 წლის ივლისი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით (ნასყიდობის ხელშეკრულებები), შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია. შემოწმების მიერ, შესყიდვის ხელშეკრულების დადების თარიღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი თანხები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,გადასახადის გადამხდელის დამფუძნებლები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე არასაბაზრო ღირებულებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის 11-ე ნაწილის და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინები, გადაყიდვის ღირებულებით, შესაბამის პერიოდებში, ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებულ მიწოდებად. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(11 „ა“); 19(1); 73(9„ბ“ ); 158(1); 159( 1„ა“ და „ბ“); 163(1.2.6 „ბ“); 164(1);

(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(1.2.8)