გადაწყვეტილება №25019/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25019/2/2025
05 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------ის“ 7.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25019/2/2025).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №006-557 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4806 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 272 322.10 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 169 182
აქციზის გადასახადი - 2 454
დღგ - 19 654
საშემოსავლო გადასახადი - 146 681
ქონების გადასახადი - 393
ჯარიმა - 77 970
საურავი - 25 170.10
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა გათბობის სისტემების, მოწყობილობების იმპორტი, ადგილობრივად შეძენა და რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება თაფლის არაყის/ძმრის დამზადება და რეალიზაცია. ასევე, ფიჭის ფირფიტების დასამზადებელი დანადგარებისა და აღჭურვილობის იმპორტირება, აწყობა და იჯარით გადაცემა. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1996 წლის 30 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2006 წლის 1 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აპრილის №8796 და 18 დეკემბრის №26622 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს აქვს როგორც დოკუმენტურად დადასტურებული, ასევე საცალო რეალიზაციები. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. საქონლის მოძრაობის გაანგარიშება წარდგენილია ექსელის ფაილებით, არასრულყოფილი სახით. საქონლის რეალიზაცია ხდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე, სასაქონლო ზედნადებებზე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულ მონაცემებზე და შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, მთლიანი ღირებულებიდან გამოიყო საცალოდ რეალიზებულის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა კომპანიის მიერ დეკლარირებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საშუალო ფასნამატი (დეკლარირებული 2021-2023 წწ. - 48%, 2024 წლის ნოემბრის თვეში ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი - 48%). შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებულმა საქონლის/მომსახურების მიწოდების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 4 430 029 ლარი დღგ-ის გარეშე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (ავანსების გათვალისწინებით) შეადგენს 4 430 029 ლარს, ხოლო დეკლარირებული - 4 320 780 ლარს. შედეგად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 160- ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 109 249 ლარით, რაც განაწილდა საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმოში 2024 წლის 16 აპრილს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელთან არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 105 465 ლარი. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ არის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და საწარმოს მიერ წარდგენილ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაანალიზდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავლის, გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგინდა ფულის ნაშთი, რამაც შეადგინა 692 193 ლარი, რაც დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №27239 ბრძანება და 26 დეკემბრის №006-557 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 272 322.10 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 18 მარტის №4806 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4806 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ რპთ განსაზღვრულია შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის, შეძენა-რეალიზაციისა და სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც გადანაწილებულია როგორც შესამოწმებელი, ასევე არაშესამოწმებელი პერიოდის (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე) დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განისაზღვრა საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე საწარმოს მიერ დეკლარირებული და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საშუალო ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრებული აქტები გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევით:
- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დაუსაბუთებელია;
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია და გადაწყვეტილება დაფუძნებულია იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
- საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითად არის დარღვეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
აღნიშნული გარემოებები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, აქტის ბათილობის საფუძველია.
როგორც შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4806 ბრძანებიდან ირკვევა, გადაწყვეტილების მიღებისას შემოსავლების სამსახური დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებას. ანუ, გამოცემული ადმინისტრაციული აქტი - შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4806 ბრძანება - ეყრდნობა ისეთ მტკიცებულებას, რომელიც გადასახადის გადამხდელისთვის არ არის ცნობილი. მასზე გადასახადის გადამხდელს არ მისცემია საკუთარი პოზიციის წარდგენის საშუალება! ანუ გამოკვლეული და შესწავლილია გადასახადის გადამხდელის ჩართულობის გარეშე - გადასახადის გადამხდელს არ მისცემია საშუალება, საკუთარი პოზიცია წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4806 ბრძანება გამოცემულია ისე, რომ არ არის მიცემული შეფასება გადასახადის გადამხდელის არცერთ არგუმენტზე.
არ არსებობს საზოგადოების მიმართ დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის საფუძველი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია თუ როდის ეძლევა საგადასახადო ორგანოს უფლება, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კანონმდებელი ამბობს, რომ თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადავიდეს დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე. საგადასახო ორგანომ შემოწმების აქტში მიუთითა მხოლოდ კანონის კონკრეტული მუხლი - საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და გადმოწერა ამ მუხლის შემადგენლობა, თუმცა რაიმე სახის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახადის გადამხდელმა დაარღვია კანონის ეს ნორმა მითითებული არ არის! არსად!
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი შემოწმება. გაუგებარია რა ჩათვალა საგადასახადო ორგანომ კანონდარღვევად! აუდიტი აფიქსირებს მხოლოდ კოდექსის მუხლს და არ მიუთითებს გადამხდელმა დაარღვია თუ არა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და რაში გამოიხატება ეს დარღვევა! გადასახადის გადამხდელი აწარმოებს ბუღალტერიას ისე, როგორც ეს დადგენილია მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლი განსაზღვრავს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებს. გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოები აღრიცხვის, წარდგენილი ინფორმაციისა და პირადი აღრიცხვის ბარათის მეშვეობით, სრულიად შესაძლებელია საგადასახადო ორგანომ თვალი მიადევნოს საქონლის შეძენის და რეალიზაციის პროცესს. შეძენის ყველა დოკუმენტი ასახულია გადასახადის გადამხდელის ბარათზე. ასევე, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რეალიზაციის დასრულება. საკონტროლო-სალარო აპარატით და საბანკო ტერმინალით რეალიზაციას ასევე თვალყურს ადევნებს საგადასახადო ორგანო! გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ საგადასახადო ორგანო გადაწყვეტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, მას აქვს ვალდებულება გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დაცვით. კერძოდ, შემოწმების აქტი გამოსცეს ისე, რომ შესწავლილი იყოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ფაქტები, მტკიცებულებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სრულად. წარდგენილი ინფორმაცია იძლევა სრულ შესაძლებლობას საგადასახადო ორგანომ თვალი მიადევნოს კომპანიის სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნული გარემოება დასტურდება დოკუმენტურად. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის არანაირი საფუძველი.
ვერ გაიზიარებენ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ მიდგომებს და შეფასებებს ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. კერძოდ: გადასახადის გადამხდელს საქონლის რეალიზაცია ძირითადად განხორციელებული აქვს სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მეშვეობით, ხოლო საცალო რეალიზაცია განხორციელებული აქვს ისე, რომ სრულიად გამჭვირვალეა თუ რა საქონლის რეალიზაცია განხორციელდა და რა თანხაა გადახდილი კონკრეტულ საქონელზე. აღნიშნული გარემოებების დამდასტურებელი ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტში მომჩივნის მიერ სრულად არის წარდგენილი, რის მიხედვითაც საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასები არასოდეს არ არის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებულ საქონლის ფასებზე ნაკლები. შესაბამისად, აუდიტორმა კანონის დარღვევით მოახდინა დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდა.
შემოწმების აქტში ავტორები დაბეჯითებით იმეორებენ, რომ მათ არ მიუღიათ ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. აუდიტის დეპარტამენტში მომჩივნის მიერ სრულად იყო წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი, რის მიხედვითაც ისინი განსაზღვრავდნენ ფულის სწორ ნაშთს. სამწუხაროდ, აუდიტის დეპარტამენტმა შეუსაბამო დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრა შემოსავლებიც და ხარჯებიც, რამაც გამოიწვია ფულის არასწორი ნაშთის განსაზღვრა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში ეს საკითხი შესწავლილი და შეფასებული საერთოდ არ არის. წინამდებარე საჩივრის მეორე ნაწილში მომჩივანი დეტალურად შეჩერდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზის 109 249 ლარით უსაფუძვლოდ გაზრდის საკითხზე. ასევე, უსაფუძვლოა დაზიანებული აქციზური მარკების საფუძველზე რეალიზაციის გაზრდა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4806 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არასწორად დარიცხული აქციზის შემცირება. მუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტს არ დაევალა უსაფუძვლოდ გაზრდილი აქციზის საფუძველზე დაბეგრილი ფულის ნაშთის შემცირება, რაც სრულიად გაუგებარია. ამასთან, შემოწმების აქტით განხორციელდა სრულიად უსაფუძვლოდ გაზრდილი არარეალური თანხების აგროსვა და ნაღდი ფულის ნაშთი გაიზარდა 136 338 ლარით. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ამ თანხებით შემოსავლის გაზრდა. შემოსავალი, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უნდა შემცირდეს 136 338 ლარით. ამასთან, არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი გარემოებები ხარჯვით ნაწილში. მათ შორის, საქონლის შესაძენად გადარიცხული თანხები. ამ გარემოებების გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია ფულის ნაშთის არარეალური სიდიდის დაფიქსირება, ამ თანხის აგროსვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. წარმოადგენს ფულადი მოძრაობის გაანგარიშებას. ეს გაანგარიშება ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც გადაცემული აქვს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას და სიახლე არაფერია. შემოწმების აქტში შეცდომით არის განსაზღვრული ხარჯები, შემდეგ პოზიციებზე: საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გაწეული ხარჯი 328 307 ლარით ნაკლებია; ხელფასი 600 ლარით ნაკლებია; სესხი და პროცენტი 112 544 ლარით ნაკლებია; ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები 7 529 ლარით ნაკლებია; უკან დაბრუნებული თანხები საქონლის რეალიზაციის გაუქმების საფუძველზე - 18 807 ლარი არ არის გამოკლებული. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე (თუ გამოვაკლებთ დღგ-ისა დ აქციზის საფუძველზე არასწორად გაზრდილი შემოსავლის თანხას) ნათელია, რომ არ არსებობს დასაბეგრი ფიქტიური ფულის ნაშთი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი: 1. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4806 ბრძანება - ნაწილობრივ; 2. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №006-557 საგადასახადო მოთხოვნა - სრულად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4806 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8796 და №26622 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს აქვს როგორც დოკუმენტურად დადასტურებული, ასევე საცალო რეალიზაციები. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. საქონლის მოძრაობის გაანგარიშება წარდგენილია ექსელის ფაილებით, არასრულყოფილი სახით. საქონლის რეალიზაცია ხდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 160- ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 109 249 ლარით, რაც განაწილდა საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმოში განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელთან არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 105 465 ლარი. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ არის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და საწარმოს მიერ წარდგენილ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაანალიზდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავლის, გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგინდა ფულის ნაშთი, რამაც შეადგინა 692 193 ლარი, რაც დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №27239 ბრძანება და №006-557 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 272 322.10 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №4806 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.შემოსავლების სამსახურის №4806 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.); 101(1); 154(1„ა“.2„ა“და „ბ“.3 „ა“); 158(1); 159(1 „ა“და„ბ“); 163(1 და მე-2); 164(1);