გადაწყვეტილება № 27544/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27544/2/2026
09 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- 10.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27544/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2026 წლის №007-76 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.05.2026 წლის №11625 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 368 437,79 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 229 413,46
ჯარიმა - 114 706,50
საურავი - 24 317,83
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ჯართის ადგილობრივი შეძენა-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 7.08.2024 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება, შესაბამისად მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ შეძენილია სულ 2 858 004 ლარის ჯართი, რომელიც შემდგომ რეალიზებულია 4 097 508 ლარად. ბიუჯეტში გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 66 516 ლარს. ხელფასის სახით განაცემი - 168 059 ლარს, ფიზიკურ პირზე განაცემი (რომელიც იბეგრება წყაროსთან) - 150 970 ლარს.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა შემოწმების მიმდინარეობისას დანიშნული მიმდინარე კონტროლის პროცედურა (სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრა) ვერ ჩატარდა, შედეგადაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარით. ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მესამე პირებისაგან დებიტორული-კრედიტორული დავალიანებების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2026 წლის №007-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.05.2026 წლის №11625 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა გადამხდელის მონაწილეობით. თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, აღნიშნავს რომ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი რეზიდენტობის ცნობისა და ინვოისების მიხედვით დგინდება, რომ ---- რეზიდენტმა კომპანიამ გადამხდელს გაუწია დემონტაჟის მომსახურება, თუმცა გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი ხელშეკრულება/ინფორმაცია გაწეული მომსახურების სახეობისა და მისი განხორციელების ადგილის შესახებ. ამასთან, არ არის წარმოდგენილი საბანკო დაწესებულების მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული საბანკო ამონაწერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დასტურდება მომსახურების მიღება და მისი ღირებულების გადახდა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
რეალურად თანხა გადარიცხულია ----- და ორმაგი დაბეგვრის რეჟიმში ხვდება, ----- მხარეს მიერ გადმოცემული იყო რეზიდენტობის ცნობა. ამის საფუძველზე არ არის დაბეგრილი თანხა და დადეკლარირებული. საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, მოითხოვს მოხსნილ იქნას დარიცხული ძირითადი გადასახდელი თანხა, ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2026 წლის №----- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმებისას შპს ,,-----“-ის (ს/ნ -------) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ჯართის ადგილობრივი შეძენა-რეალიზაცია, კომპანიასთან შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა დაკავშირება, შესაბამისად გადამხდელს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ შეძენილია სულ
2 858 004 ლარის ჯართი, რომელიც შემდგომ რეალიზებულია 4 097 508 ლარად. ამასთანავე ბიუჯეტში გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 66 516 ლარს. ხელფასის სახით განაცემი შეადგენს 168 059 ლარს, ხოლო ფ.პ-ზე განაცემი (რომელიც იბეგრება წყაროსთან) შეადგენს 150 970 ლარს. ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა შემოწმების მიერ დანიშნული იქნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრა, თუმცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელი ვერ იქნა მოძიებული, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარით. შემოწმების მიერ ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მესამე პირებისაგან დებიტორული-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. რაც შეეხება საჩივარში დასმულ საკითხს, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის პერიოდში წარმოდგენილია დოკუმენტაცია, რომელიც შემოწმების მიერ იქნა შესწავლილი. მოცემული დოკუმენტაციის საფუძველზე გადამხდელი განმარტავს, რომ ------ რეზიდენტმა კომპანიამ გაუწია დემონტაჟის მომსახურება, წარმოდგენილი აქვს ასევე მომსახურების გამწევი კომპანიის რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და ინვოისი, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი ხელშეკრულება/ინფორმაცია, თუ რა სახის მომსახურება გაიწია და სად მოხდა მომსახურების გაწევა. შესაბამისად ვერ დასტურდება მომსახურების მიღება და გადარიცხული თანხის მიზნობრიობა.
მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა, ჯართის ადგილობრივი შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვა-რეალიზაცია, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და შრომის ანაზღაურებისა თუ წყაროსთან დაბეგვრადი თანხების გაცემა. მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ფარგლებში სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნულოვანი ოდენობით, ხოლო მესამე პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ორმხრივი დავალიანებების შესახებ. რაც შეეხება საგადასახადო დავის ფარგლებში წარმოდგენილ არარეზიდენტი პირის ინვოისსა და რეზიდენტობის სერტიფიკატს, სათანადო ხელშეკრულებისა და მომსახურების გაწევის ადგილის/არსის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის გამო, საგადასახადო ორგანოს მიერ მომსახურების ფაქტობრივი მიღება და გაწეული ხარჯის მიზნობრიობა მიჩნეულია დაუდასტურებლად.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;:79(9);101(1);154(1):