გადაწყვეტილება №24368/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24368/2/2024
30 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 29.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24368/2/2024).
დავის საგანი:
1.დეკლარირებული დანაკლისის მზა ბეტონის წარმოებად და რეალიზებულად განხილვა, შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
2.სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული ცემენტის ბეტონის წარმოებაში გამოყენებულად და რეალიზებულად განხილვა, შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
3. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;
4. დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2024 წლის №081-202 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24009 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 439 368 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 178 703
დღგ - 61 921
მოგების გადასახადი - (-95 955)
საშემოსავლო გადასახადი - 212 528
ქონების გადასახადი - 209
ჯარიმა - 181 869
საურავი - 78 796
პროცედურული გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა სასაქონლო ბეტონის წარმოება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 30 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2024 წლის №21470 ბრძანება და №081-202 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24009 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დეკლარირებული დანაკლისის მზა ბეტონის წარმოებად და რეალიზებულად განხილვა, შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, შემოწმების ბრძანების გამოცემის (2024 წლის 9 თებერვალი) შემდგომ, 2024 წლის 13 თებერვალს კომპანიამ წარადგინა 2024 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია (შემოწმების ბრძანების გამოცემის დროს არ ჰქონდა წარდგენილი იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია) და 2 175 ტონა საქონლის (ცემენტის) დანაკლისი 543 750 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულებით დაბეგრა დღგ-ით.
შემოწმების მიმდინარეობისას, საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, დადგინდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ცემენტის შემძენებმა არ დაადასტურეს საქონლის შეძენის ფაქტი (შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება ცემენტის რეალიზაცია).
შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიაში სამჯერ ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურები, 2 შემთხვევაში შეფარდებულია გაფრთხილება საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის, ხოლო ერთ შემთხვევაში, ჯარიმა ამავე კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე (100 ლარი).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების გათვალისწინებით, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი შემოწმების მიერ დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული 2 175 ტონა ცემენტის ღირებულება 543 750 ლარი, დაექვემდებარა სრულად შემცირებას (მოგების გადასახადის მიზნებისათვის შემცირდა დარიცხული მოგების გადასახადი), აღნიშნული საქონლიდან განხორციელდა მზა სასაქონლო ბეტონის წარმოება და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაცია. ამასთან, შემოწმებით საქონლის წარმოება განხორციელდა კომპანიის მიერ წარდგენილი კალკულაციების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) რაოდენობების პროპორციულად, ხოლო სარეალიზაციო ფასი გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული, კონკრეტული მზა პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) შესაბამისი თვის საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმებით დამატებით დადგენილი საქონლის (სასაქონლო ბეტონი) რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 831 141 ლარით (დღგ-ის გარეშე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, დადგენილი სხვაობა 287 391 ლარი, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა დღგ-ით, შესაბამის პერიოდებში. ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, დამატებით დადგენილი თანხა განხილული იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, პირველ და მეორე სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე-4 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგინდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ცემენტის შემძენებმა არ დაადასტურეს საქონლის (ცემენტის) შეძენის ფაქტი (შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება ცემენტის რეალიზაცია). ამასთან, შპს „--------“-ის (ს/ნ "--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის ბრძანების გამოცემის შემდეგ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დეკლარაცია, სადაც 2 175 ტონა საქონლის (ცემენტი) დანაკლისი დაბეგრა დღგ-ით 543 750 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულებით. ასევე, საგულისხმოა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, კომპანია სამჯერ დაჯარიმდა საგადასახადო სამართალდარღვევისთვის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, ზემოაღნიშნული საქონლიდან (ცემენტი) განხორციელდა მზა სასაქონლო ბეტონის წარმოება და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაცია კომპანიის მიერ წარდგენილი კალკულაციების მიხედვით, წარმოებული მზა პროდუქციის რაოდენობების პროპორციულად, დოკუმენტურად დადასტურებული კონკრეტული მზა პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) შესაბამისი თვის საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით. ასევე, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არამეწარმე ფიზიკურ პირებზე დაფიქსირებული ოპერაციების ნაწილი, კერძოდ, გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის (ცემენტი) შესყიდვა არ შეესაბამება სინამდვილეს და არამეწარმე ფიზიკურ პირებს არ შეუძენიათ აღნიშნული საქონელი. შესაბამისად, შემოწმებით, ცემენტის ის რაოდენობა, რომლის შესყიდვის ფაქტიც არ დადასტურდა არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ, გამოყენებულ იქნა სასაქონლო ბეტონის წარმოებაში, ხოლო წარმოებული ბეტონი ჩაითვალა რეალიზაციად დოკუმენტებით რეალიზებული სასაქონლო ბეტონის საშუალო შეწონილი ფასით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. აგრეთვე, შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილ შემოსავალსა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ ხარჯებს შორის სხვაობა, რომელიც კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულად, ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ,ცემენტისგან სასაქონლო ბეტონის წარმოება და მისი რეალიზაცია, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, საჩივრის დანართად წარდგენილ ახსნა-განმარტებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია იდენტურია საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალების, რომელიც გათვალისწინებულია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას (არ არის აღნიშნულ პირებზე რეალიზებული ცემენტისგან ბეტონი ნაწარმოები, შესაბამისად, არ აქვს მონაწილეობა მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრაში). საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ყველა წარმოებაში არსებობს დანაკარგები, რისი ოდენობაც ცნობილია და შეადგენს შესყიდული ცემენტის დაახლოებით 1.5-2%-მდე ოდენობას. ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში ვერ მოხერხდა საექსპერტო დასკვნის მომზადება, რითიც დადასტურდებოდა რეალური დანაკარგი, ბუღალტრის მიერ მოხდა მიახლოებული ღირებულების დანაკლისად მიჩნევა და დეკლარირება, რაშიც ცხადია აუდიტის დეპარტამენტი არ დაეთანხმა.
საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, თუ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოების დანაკარგები არ არის დადგენილი, შემოწმებამ უნდა იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული გაანგარიშებით.
კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 52-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას:
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება;
გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას.
ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა სწორად აღრიცხული დანაკარგების ოდენობა, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს მიმართა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ბეტონის წარმოების პროცესში ცემენტის დანაკარგის ოდენობის დადგენა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში მოხდება ექსპერტის დასკვნის მომზადება და დავის განმხილველი ორგანოსთვის და აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენა.
ხსენებული დასკვნის მომზადების შემდგომ, მისი გათვალისწინებით საბჭოს წარმოუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს, რომლის მიხედვითაც ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს მათ მიერ წარდგენილი არგუმენტების/გაანგარიშების შესაბამისად და მოახდინოს დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
ამასთან, საკითხთან დაკავშირებით თუ მოხდება დღგ-ის ბრუნვის კორექტირება, ავტომატურად უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებაც.
2. სასაქონლო ზედნადებები რეალიზებული ცემენტის წარმოებაში გამოყენებულად და რეალიზებულად განხილვა, შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა
შემოწმების მიმდინარეობისას, საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში არამეწარმე ფიზიკურ პირებზე დაფიქსირებული ოპერაციების ნაწილი, კერძოდ, გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის (ცემენტი) შესყიდვა არ შეესაბამება სინამდვილეს და არამეწარმე ფიზიკურ პირებს არ შეუძენიათ აღნიშნული საქონელი.
ცემენტის ის რაოდენობა (64 804 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების ჯამურად 279.6 ტონა), რომლის შესყიდვის ფაქტიც არ დადასტურდა არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ, ჩაითვალა სასაქონლო ბეტონის წარმოებაში გამოყენებულად და გამოანგარიშებული წარმოებული სასაქონლო ბეტონის რეალიზაციად. წარმოების შედეგად მიღებულ სასაქონლო ბეტონის რაოდენობაზე გავრცელდა შესაბამის პერიოდში დოკუმენტებით რეალიზებული სასაქონლო ბეტონის საშუალო შეწონილი ფასი და მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 109 399 ლარი (დღგ-ის გარეშე). დამატებით მიღებული შემოსავალი 44 595 ლარი (დღგ-ის გარეშე), საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა დღგით შესაბამის პერიოდებში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილ შემოსავალს (შემოწმებით წარმოებული საქონლის დოკუმენტების გარეშე რეალიზაციიდან მიღებული ფულადი შემოსავალი) გამოაკლდა დამატებით წარმოებული პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) შესაბამისი პროპორციული წილის მიხედვით გამოყენებული სხვა ნედლეულის რაოდენობის შესაბამისი ღირებულება, საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით წარმოებაში საჭირო სხვა ნედლეულების ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები, ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით (სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელებთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგებზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების პრაქტიკის მიხედვით). კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, შემოწმებით, აღნიშნულ ნაწილში ხარჯად აღიარებული იქნა 195 803 ლარი (გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დადასტურებული იგივე საქონლის წლის მინიმალური შეძენის ფასის მიხედვით). დამატებით მიღებულმა შემოსავალმა ხარჯების გათვალისწინებით, რომელიც კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულად, შეადგინა 837 565 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რაც განხილული იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმების არგუმენტაციას ფიზიკურ პირებზე მიწოდებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, აგრეთვე იმ ფაქტს, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტმა მიწოდებული ცემენტი განიხილა როგორც მზა პროდუქციის - ბეტონის მიწოდებად.
საჩივარზე თანდართულია სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ნაწილი პირების ახსნაგანმარტებები სადაც ისინი ადასტურებენ ცემენტის შეძენის ფაქტს. ამასთან, მიმდინარეობს სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფიზიკური პირების მოძიება და ცემენტის მიწოდების ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენაც ეტაპობრივად მოხდება.
საკითხთან დაკავშირებით, თუ მოხდება დღგ-ის ბრუნვის კორექტირება ავტომატურად უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებაც.
3. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმა 176 231 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტები დაფიქსირებული არ არის, რადგან მომჩივანს წარდგენილი საჩივრით სადავოდ არ გაუხდია.
მომჩივნის არგუმენტაცია
2024 წლის პირველი ოქტომბრის №081-202 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმა შეადგენს 181 869 ლარს, ხოლო დარიცხული გადასახადის თანხა 178 703 ლარს. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში გამოსაყენებელია არა 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი არამედ, პირველი, 2 1 და 22 ნაწილები.
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე, 286-ე და 291-ე მუხლების საფუძველზე ჯარიმა 181 869 ლარი და ამავე კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად განესაზღვრა საურავი 78 796.35 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტები დაფიქსირებული არ არის, რადგან მომჩივანს წარდგენილი საჩივრით სადავოდ არ გაუხდია.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას და დაკისრებული ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.
კომპანიის მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა. რასაც ცხადყოფს დეკლარაციების წარდგენა და დეკლარირებული თანხებიც გადახდილი. ვინაიდან, შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, რაც თავისთავში გულისხმობს დარიცხული თანხების უზუსტობის ფაქტს, დავების განხილვის საბჭოში მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად, ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში .
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
სადავო საკითხებთან დაკავშირებია დადგენილია, რომ:
- აუდიტის დეპარტამენტისთვის საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, რამდენიმე შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ცემენტის შემძენებმა არ დაადასტურეს საქონლის (ცემენტის) შეძენის ფაქტი (შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება ცემენტის რეალიზაცია). ამასთან, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის ბრძანების გამოცემის შემდეგ, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დეკლარაცია, სადაც 2 175 ტონა საქონლის (ცემენტი) დანაკლისი დაბეგრა დღგ-ით 543 750 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულებით. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი სამჯერაა დაჯარიმებული საგადასახადო სამართალდარღვევისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, ზემოაღნიშნული საქონლიდან (ცემენტი) განხორციელდა მზა სასაქონლო ბეტონის წარმოება და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაცია კომპანიის მიერ წარდგენილი კალკულაციების მიხედვით, წარმოებული მზა პროდუქციის რაოდენობების პროპორციულად, დოკუმენტურად დადასტურებული კონკრეტული მზა პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) შესაბამისი თვის საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით;
- სისხლის სამართლის საქმის მასალებით, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე დაფიქსირებული ოპერაციების ნაწილი, კერძოდ, გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის (ცემენტი) შესყიდვა არ შეესაბამება სინამდვილეს და არამეწარმე ფიზიკურ პირებს არ შეუძენიათ აღნიშნული საქონელი. შესაბამისად, შემოწმებით, ცემენტის ის რაოდენობა, რომლის შესყიდვის ფაქტიც არ დადასტურდა არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ, ჩაითვალა სასაქონლო ბეტონის წარმოებაში გამოყენებულად და გამოანგარიშებული წარმოებული სასაქონლო ბეტონის რეალიზაციად. წარმოების შედეგად მიღებულ სასაქონლო ბეტონის რაოდენობაზე გავრცელდა შესაბამის პერიოდში დოკუმენტებით რეალიზებული სასაქონლო ბეტონის საშუალო შეწონილი ფასი, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
- შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილ შემოსავალსა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ხარჯებს შორის სხვაობა, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულად, ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულია და აუდიტის დეპარტამენტი 9.12.2024 წლის №--------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, საჩივრის დანართად წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებთან მიმართებით აღნიშნავს, რომ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია იდენტურია საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალების, რომელიც გათვალისწინებულია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას (არ არის აღნიშნულ პირებზე რეალიზებული ცემენტისგან ბეტონი ნაწარმოები, შესაბამისად, არ აქვს მონაწილეობა მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრაში).
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და შედეგად, დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, აღნიშნავს, რომ დანაკარგები შეადგენს შესყიდული ცემენტის დაახლოებით 1.5-2%-მდე ოდენობას. ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში ვერ მოხერხდა საექსპერტო დასკვნის მომზადება, რითიც დადასტურდებოდა რეალური დანაკარგი, ბუღალტრის მიერ მოხდა მიახლოებული ღირებულების დანაკლისად მიჩნევა და დეკლარირება, რასაც აუდიტის დეპარტამენტი არ დაეთანხმა. საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, თუ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოების დანაკარგები არ არის დადგენილი, შემოწმებამ უნდა იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული გაანგარიშებით. ვინაიდან არ ჰქონდა სწორად აღრიცხული დანაკარგების ოდენობა, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს მიმართა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ბეტონის წარმოების პროცესში ცემენტის დანაკარგის ოდენობის დასადგენად. ექსპერტის დასკვნის მომზადების შემდგომ, მისი გათვალისწინებით საბჭოს წარმოუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს, რომლის მიხედვითაც ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი არგუმენტების/გაანგარიშების შესაბამისად ხელმძღვანელობა და დარიცხული თანხების გადაანგარიშება. ამასთან, აღნიშნავს, რომ წარმოადგენს სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ნაწილი პირების ახსნა-განმარტებებს, რომლითაც ისინი ადასტურებენ ცემენტის შეძენის ფაქტს, მიმდინარეობს სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფიზიკური პირების მოძიება და ცემენტის მიწოდების ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენაც მოხდება ეტაპობრივად. დღგ-ის ბრუნვის კორექტირების შემთხვევაში ავტომატურად უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებაც.
საბჭო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის განხილვის ეტაპზე მომჩივნის მიერ საჩივარზე დამატებით წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (№"--------"), გადასახადის გადამხდელის 2024 წლის 25 ნოემბრის მიმართვის, კერძოდ წარმოების დროს ცემენტის დანაკარგის პროცენტული რაოდენობის დადგენის შესახებ და მის საფუძველზე შედგენილი გაანგარიშების ცხრილები.
საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი ასაჩივრებს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობას, ამასთან ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რაც როგორც ირკვევა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით არ გაუსაჩივრებია, მაგრამ საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვაზე მიწვევის შემთხვევაში, წარდგენილ საჩივარზე დამატებით, გადასახადის გადამხდელი იგივე მოთხოვნებს დააზუსტებდა/წარადგენდა.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24009 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს მათ მიერ წარდგენილი არგუმენტების/გაანგარიშების შესაბამისად და მოახდინოს დარიცხული თანხების გადაანგარიშება. ამასთან, საკითხთან დაკავშირებით თუ მოხდება დღგ-ის ბრუნვის კორექტირება, ავტომატურად უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებაც.
2.მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების არგუმენტაციას ფიზიკურ პირებზე მიწოდებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, აგრეთვე იმ ფაქტს, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტმა მიწოდებული ცემენტი განიხილა როგორც მზა პროდუქციის - ბეტონის მიწოდებად.
3.საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას. მომჩივანი თვლის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამოსაყენებელია არა 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი არამედ, პირველი, 2 1 და 22 ნაწილები.
4.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას და დაკისრებული ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.დადგინდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ცემენტის შემძენებმა არ დაადასტურეს საქონლის შეძენის ფაქტი, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, დამატებით დადგენილი თანხა განხილული იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
2.დამატებით მიღებულმა შემოსავალმა ხარჯების გათვალისწინებით, რომელიც კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულად, შეადგინა 837 565 ლარი,რაც განხილული იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ასევე, დაეკისრა ჯარიმა.
3.შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმა.
4.შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე, 286-ე და 291-ე მუხლების საფუძველზე ჯარიმა და ამავე კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად განესაზღვრა საურავი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,159,163,164.