გადაწყვეტილება №19481/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.06.2023
№ დოკუმენტი 19481/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19481/2/2023

25.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 23.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19481/2/2023).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №007-384 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.04.2023 წლის №7258 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 55 637 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 31 569

დღგ - 16 309

საშემოსავლო გადასახადი - 15 260

ჯარიმა - 14 271

საურავი - 9 797

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ტრიკოტაჟის (სხვადასხვა სახეობის ქსოვილები და ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმი) იმპორტს ჩინეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის 2 გაერთიანებული საემიროებიდან და მის რეალიზაციას ახორციელებს თბილისში იჯარით აღებულ ფართში როგორც საბითუმო, ისე საცალო წესით.

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 20.05.2022 წლის №12633 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი გაიზარდა 1.06.2022 წლამდე და გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა შესაბამისი პერიოდის საბანკო ანგარიშების ამონაწერების წარმოდგენა მომსახურე ბანკებიდან. შემოწმება ჩატარდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, სხვა შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში გადამხდელის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოყენებით. სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი 25,79%-ის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რომელიც გავრცელდა საცალო წესით (დახლიდან) რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მთელ შესამოწმებელ პერიოდზე. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით დაკორექტირდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალები და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №007-384 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.04.2023 წლის №7258 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ჩინეთიდან, თურქეთიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან იმპორტირებული საქონლის რეალიზაციას როგორც საბითუმო, ისე საცალო წესით. შემოწმების მიზნებისთვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად დადგენილმა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 25,79% და აღნიშნული ფასნამატი შემოწმების მიერ გავრცელდა საცალო წესით რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, აღნიშნულმა გამოიწვია ერთობლივი შემოსავლის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში რეალიზებული საქონლის ფასნამატი საქონლის სახეობების მიხედვით (მ.შ. ერთგვაროვან საქონელზეც) ფიქსირდება სხვადასხვა (9%-დან 202,66%-მდე) საშუალო შეწონილი ფასნამატი მთელ შესამოწმებელ პერიოდში, მაგალითად, სინთეზური ქსოვილის რეალიზაციის ნაწილში (საერთო რეალიზაციაში ამ სახეობის საქონლის ხვედრითი წილი ყველაზე დიდია), შეადგენს 69%-ს. შემოწმების მიერ საერთო რეალიზაციიდან გაიმიჯნა დოკუმენტური წესით რეალიზებული საქონლის ღირებულება და დანარჩენ ნაწილზე გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და საცალო წესით რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დაშვებულია პრინციპული ხასიათის შეცდომა, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს აქვს დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია (რეალიზაცია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით) და საცალო ანუ დახლიდან რეალიზაცია. დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციის მიმართ აუდიტის დეპარტამენტს პრეტენზია არ აქვს, ხოლო საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების მიმართ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის - 25,79%- ის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) გამოყენება ვერ გაზრდიდა ერთობლივ შემოსავალს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საცალოდ (დახლიდან) რეალიზებულ საქონელზე უფრო მაღალი ფასნამატი აქვს დეკლარირებული წლების მიხედვით: 2019 წელს ფასნამატია - 28%, 2020 წელს - 26,53%, 2021 წელს - 26,21%, 2022 წელს - 26%.

ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი (25,79%) ნაკლებია დეკლარირებულ ფასნამატებზე, წლების მიხედვით! შესაბამისად, მოხდა სამწუხარო გაუგებრობა, დაშვებულია შეცდომა აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

ბუღალტრული პროგრამის მიხედვით: 2019 წლის მთლიანი ბრუნვა შეადგენს 443 698 ლარს, დოკუმენტურად რეალიზებულია (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები) რეალიზაციის 65%. 2019 წელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 288 846 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). შემოსავალი საცალო ვაჭრობიდან შეადგენს 154 852 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომლის თვითღირებულება შეადგენს 120 762 ლარს. საცალო რეალიზაციის ფასნამატია - 28%. 2020 წლის მთლიანი ბრუნვა შეადგენს 249 219 ლარს, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ხვედრითი წილი 63%-ია. 2020 წელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 187 518 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). შემოსავალი საცალო ვაჭრობიდან შეადგენს 91 301 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომლის თვითღირებულება შეადგენს 72 155 ლარს. საცალო რეალიზაციის ფასნამატია - 26,53%. 2021 წლის მთლიანი ბრუნვა შეადგენს 481 529 ლარს, დოკუმენტურად რეალიზებული (საბითუმო წესით რეალიზებული) საქონლის ხვედრითი წილი 64%-ია. 2021 წელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 311 924 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). შემოსავალი საცალო ვაჭრობიდან შეადგენს 169 605 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომლის თვითღირებულება შეადგენს 134 381. ლარს. საცალო რეალიზაციის ფასნამატია - 26,21%. 2022 წლის მთლიანი ბრუნვა შეადგენს 224 309 ლარს, დოკუმენტურად რეალიზებული (საბითუმო წესით რეალიზებული) საქონლის ხვედრითი წილი 52%-ია. 2022 წელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 116 806 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). შემოსავალი საცალო ვაჭრობიდან შეადგენს 107 503 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომლის თვითღირებულება შეადგენს 85 320 ლარს. საცალო რეალიზაციის ფასნამატია - 26%. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის დასამტკიცებლად და გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე ხაზის გასასმელად, აღსანიშნავია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.05.2022 წლის №12633 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები, როგორც დანართიდან ირკვევა, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული დაკვირვებისა და საგადასახდო კონტროლის შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა, კერძოდ:

- საქონლის საკონტროლო შესყიდვისას დარღვევა არ გამოვლენილა;

- ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისი არ გამოვლენილა;

- საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევა არ გამოვლენილა.

ამასთან, ინვენტარიზაციის დროს დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი 25,79% და საცალო/დახლიდან რეალიზებულ პროდუქციის დეკლარირებული ფასნამატი თითქმის იდენტურია (ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი ოდნავ დაბალია). დეკლარირებული ფასნამატი ყველა წელზე უფრო მაღალია ვიდრე ინვენტარიზაციით დადგენილი სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი. შესაბამისად, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატი თითქმის ემთხვევა დეკლარირებულ ფასნამატს, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლის გადახედვის საფუძველი, მისი გაზრდის მიმართულებით.

დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციის მიმართ აუდიტის დეპარტამენტსაც არ გამოუთქვამს რაიმე სახის შენიშვნა. მიუთითებს, რომ ჰყავს იმ კატეგორიის მომხმარებლები, რომლებიც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში და სასაქონლო ზედნადებში მითითებული მონაცემების მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი არიან და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასის მიმართ რაიმე სახის კითხვა არც შეიძლება არსებობდეს. ანგარიშსწორება საბითუმო რეალიზაციისას ხდება ძირითადად ბანკის მეშვეობით. ყველა ეს გარემოება მოწმობს, რომ დაშვებულია ხარვეზი, რომელიც მოითხოვს გასწორებას.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოწმების შედეგად, დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალების და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 20.05.2022 წლის №12633 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატის (25,79%) მიხედვით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ.

მომჩივანი მიუთითებს, რომ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე უფრო მაღალი ფასნამატი აქვს დეკლარირებული წლების მიხედვით, ვიდრე დადგენილია ინვენტარიზაციის შედეგად, რის გამოც საცალოდ რეალიზებული პროდუქციიდან შემოსავალი არ უნდა გაზრდილიყო.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გავრცელებული ფასნამატის ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით შეისაწავლოს სადავო საკითხი მითითებული გარემოების გათვალისწინებით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.04.2023 წლის №7258 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გავრცელებული ფასნამატის ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით შეისაწავლოს სადავო საკითხი მითითებული გარემოების გათვალისწინებით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოება

საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი 25,79%-ის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რომელიც გავრცელდა საცალო წესით (დახლიდან) რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მთელ შესამოწმებელ პერიოდზე. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით დაკორექტირდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალები და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.04.2023 წლის №7258 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გავრცელებული ფასნამატის ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით შეისაწავლოს სადავო საკითხი მითითებული გარემოების გათვალისწინებით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 81(1); 102 (1 ,,ა"); 159 (1 ,,ა");