გადაწყვეტილება №22600/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2024
№ დოკუმენტი 22600/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22600/2/2024

05 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 19.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22600/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №077-33 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4076 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 124 951 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 74 732

დღგ - 35 586

საშემოსავლო გადასახადი - 39 122

ქონების გადასახადი - 24

ჯარიმა - 37 413

საურავი - 12 806

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 სექტემბრამდე, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი არ სარგებლობს საბუღალტრო პროგრამით. შესაბამისად, აღრიცხვაანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მათ შორის: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, დებიტორების, კრედიტორების, ფულისა და სხვა ნაშთები) წარდგენილია ჯამური მონაცემებით, ყოველი წლის ჭრილში არასრულყოფილად. შედეგად, მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, დეკლარირებული ფასნამატი დადგინდა საშუალოდ 11%-ის ოდენობით. ასევე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 26 081 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი სასაქონლო ზედნადებებს გამოწერს მხოლოდ სს ---- (სნ ----), ხოლო დოკუმენტებით მიწოდებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ ხდება, რადგანაც სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულია მხოლოდ „საკვები ულუფის“ მიწოდება. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, კომპანიას სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი განსაზღვრული აქვს 149 425 ლარის ოდენობით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22949 ბრძანების საფუძველზე, კომპანიას ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც აღირიცხა ფაქტობრივი მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი საბაზრო ღირებულებით (18 287 ლარის ოდენობით).

გადასახადის გადამხდელის მიერ, აღნიშნულ საქონელზე შესაბამისი თვითღირებულებების მიწერა არ მომხდარა. ანალიზის მიხედვით, 2023 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდზე, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულ იქნა 25 656 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლები გამოანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატი - დადგენილი სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით (17 ჯგუფი). აღნიშნული მეთოდით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 20%-ს, რომელიც ასევე გავრცელდა იმ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის მიკუთვნებაც ვერ მოხერხდა რომელიმე ჯგუფზე. ხოლო, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემებში არსებული მონაცემები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22949 ბრძანების საფუძველზე გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 197 929 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (პირის წერილობითი ახსნა-განმარტებით), 2023 წლის 1 აგვისტოსთვის, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ირიცხება. გადასახადის გადამხდელის მიერ, სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიწოდებული არ იქნა. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22410 ბრძანების საფუძველზე, ამავე წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით განისაზღვრა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელმაც შეადგინა 625 ლარი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების პროცესში, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი, დადგინდა განკარგვადი თანხები, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, ჩაითვალა პასუხისმგებელ პირებზე, დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №32561 ბრძანება და №077-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.02.2023 წლის №4076 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 145- ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია ფაქტიურსა და ბუღალტრულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ნაშთებს შორის სხვაობით, რაც გამოვლენილი იქნა ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად. აღნიშნული სხვაობის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ 2020-2021 წლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი COVID-19 ვირუსის გამო სავაჭრო ობიექტი დაკეტილი იყო, არ ხდებოდა რეალიზაცია. სამუშაოს განახლებისას ობიექტზე დახვდა ბევრი გაფუჭებული და ვადაგასული პროდუქტი, რომელიც იქნა განადგურებული საგადასახადო ორგანოს ჩარევის გარეშე, შესაბამისად, არ იქნა აღიარებული რეალიზაციად. იმ პერიოდიდან მოყოლებული ნაშთის სხვაობა გამოწვეულია ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო. ნაშთის სხვაობის შემოწმებით შედეგად რეალიზაციად აღიარებამ გამოიწვია დარიცხვა რომელსაც არ ეთანხმება, რადგან აღნიშნული გამოწვეული იყო აღიარებული კოვიდ ინფექციის გამო. ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტის გათვალისწინებას, ნაშთების გადასინჯვას და დარიცხვის შესწორებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტი ვერ შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას, რადგანაც აღნიშნული დარიცხვა მძიმე ტვირთად დააწვება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატი - დადგენილი სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით (17 ჯგუფი). აღნიშნული მეთოდით დადგენილი საშუალო 5 შეწონილი ფასნამატი შეადგენს 20%-ს, რომელიც ასევე გავრცელდა იმ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის მიკუთვნებაც ვერ მოხერხდა რომელიმე ჯგუფზე. ხოლო, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემებში არსებული მონაცემები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი, დადგინდა განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა პასუხისმგებელ პირებზე, დირექტორებზე გაცემულ ხელფასად.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად, არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების და რეალური საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების საფუძველზე განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტებს რა სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს დარიცხვას არა მართლზომიერად. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს ან/და მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გამხდარიყო.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით შემოსავლები გამოანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატი - აღნიშნული მეთოდით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 20%-ს, რომელიც ასევე გავრცელდა იმ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის მიკუთვნებაც ვერ მოხერხდა რომელიმე ჯგუფზე. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 197 929 ლარით.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22410 ბრძანების საფუძველზე, ამავე წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით განისაზღვრა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელმაც შეადგინა 625 ლარი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი, დადგინდა განკარგვადი თანხები, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, ჩაითვალა პასუხისმგებელ პირებზე, დირექტორებზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154.