ბრძანება N 28717

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.01.2026
№ დოკუმენტი 28717
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28717

29 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--“-ის (ს/ნ --)

(ფაქტ. მის.:-------)

(იურ. მის.: -------)

2025 წლის პირველი დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) 2025 წლის პირველი დეკემბრის №--/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ნოემბრის №006-408 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს (162%). აცხადებს, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული 2023 წელს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი 500%-იანი ფასნამატი 1 კონკრეტულ ფეხსაცმელზე, ვინაიდან სხვა დანარჩენ ფეხსაცმელზე ფასნამატი მერყეობდა 60-70%-ის ფარგლებში. რელევანტური იქნებოდა შემოწმება ფასნამატის დადგენისას დაყრდნობოდა 2025 წელს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შედეგებსა და ინვენტარიზაციის ჩატარებისას დადგენილ ღირებულებებსა და ფასნამატებს, სადაც ჩაშლილი იქნებოდა მონაცემები ფეხსაცმლის სეზონურობის, ბრენდისა და სახეობების მიხედვით. მიუთითებს, რომ გაუგებარია შემოწმებამ რატომ არ გაითვალისწინა შემოწმების მიერ 2025 წლის 8 ივლისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები, სადაც ფასნამატი დადგინდა 70%, ხოლო 2022 წლის მარტში ჩატარებული ინვენტარიზაციით კი ფასნამატი დადგინდა 73%. შემმოწმებელმა იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული 3 საკონტროლო შესყიდვით და ჯამში სულ 4 წყვილი ფეხსაცმლის შეძენისას გამოვლენილი ფასნამატი გაავრცელა მთლიან პროდუქციაზე, რაც არამართლზომიერია. აღსანიშნავია, რომ საკონტროლო შესყიდვა მოხდა სექტემბერში, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარდა ივლისში. სეზონის ცვლილება კი აისახება სარეალიზაციო პროდუქციის ღირებულებაზე. საკონტროლო შესყიდვისას სასკოლო ბაზრობის პერიოდში შეძენილი ფეხსაცმელი იყო შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან და გამოვლენილი ფასნამატი არათუ არ უნდა გავრცელებულიყო მთლიან კოლექციაზე, არამედ მონაწილეობაც არ უნდა მიეღო ფასნამატის დადგენისას. ამასთან, მომჩივნის განმარტებით, შემოწმებამ უგულებელყო გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საქონლის თვითღირებულების შესახებ. ასევე, საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისას ოქმში ფასების მითითების დროს არ იქნა გათვალისწინებული დაბალფასიანი და ჩამოფასებული საქონლის ფასები, რომელთა ხვედრითი წილი მთელს პროდუქციაში შეადგენდა 70%-ს. აღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრული ფასნამატის ოდენობის დაზუსტებას.

2. მომჩივანი ითხოვს სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინებას ხარჯებში (459 353 ლარი). გადამხდელის მითითებით, შემმოწმებელმა ხარჯებში მხოლოდ გადახდილი თანხის 75% გაითვალისწინა, რაც არამართლზომიერია. აცხადებს, რომ არ არსებობს საქონლის საინვოისო ღირებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12944 და 29 ოქტომბრის №23819 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 8 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 ნოემბრის №24333 ბრძანება და ამავე თარიღის №006–408 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 301 555 ლარი, მათ შორის გადასახადი 178 111 ლარი, ჯარიმა 89 022 ლარი და საურავი 34 422 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს „---“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 29 აგვისტოს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2015 წლის 6 ოქტომბერს. გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ფეხსაცმლით. შემოწმების პროცესში გადამხდელი, მის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ გამოიყენა 2023 წლის 10 იანვარს ჩატარებული და შემოწმებისას დანიშნული და ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 162%. აღნიშნულის შედეგად განისაზღვრა შპს „----“-ის მიერ მიღებული შემოსავალი. შემოწმებით, დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში (დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი და შეძენების წილის გათვალისწინებით). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში უნდა ჰქონოდა 414 861 ლარი. შემოწმებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით, საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის პრეტენზია ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2023 წელს საწარმოში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, სადაც ფეხსაცმლის ფასი მითითებული იყო 180 ლარი, თუმცა ინვენტარიზაციის დროს აღნიშნულ ფასად ან უფრო მაღალ ფასად არც ერთი ფეხსაცმელი არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგების გადამოწმების მიზნით, საწარმოში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა (01.09.2025 წელს), სადაც განხორციელდა 250 ლარიანი და 200 ლარიანი ფეხსაცმლის შეძენა მაშინ, როცა ინვენტარიზაციის მონაცემებში ყველაზე მაღალ ფასიანი ფეხსაცმელი (მხოლოდ რამდენიმე ცალი) იყო 170 ლარის ღირებულების. შემდგომ შემოწმების მიმდინარეობისას (17.10.2025 წელს) ისევ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რათა შეძენილიყო ყველაზე დაბალ ფასიანი ფეხსაცმელი. შედეგად, შემოწმებამ ფასნამატის გაანგარიშების დროს ყველაზე მაღალი ღირებულების ფეხსაცმელს მიუსადაგა ყველაზე მაღალი თვითღირებულება, ხოლო ყველაზე დაბალფასიანი ფეხსაცმლის შემთხვევაში ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელა ყველაზე დაბალი თვითღირებულების მქონე ფეხსაცმლით.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის პოზიცია, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას ხარჯებში არ იქნა გათვალისწინებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად, ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქონლის საინვოისო ღირებულების 100% გათვალისწინებულია ხარჯებში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების მიერ 2023 წლის 10 იანვარს ჩატარებული და შემოწმებისას დანიშნული და ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების მონაცემების საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატის (162%) გავრცელება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების სხვაობა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრული ფასნამატის ოდენობის დაზუსტებას და სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინებას ხარჯებში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12944 და №23819 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 8 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №24333 ბრძანება და №006–408 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 301 555 ლარი, მათ შორის გადასახადი 178 111 ლარი, ჯარიმა 89 022 ლარი და საურავი 34 422 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შემოწმების პროცესში გადამხდელი, მის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ გამოიყენა 2023 წლის 10 იანვარს ჩატარებული და შემოწმებისას დანიშნული და ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 162%. აღნიშნულის შედეგად განისაზღვრა მომჩივანის მიერ მიღებული შემოსავალი. შემოწმებით, დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში (დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი და შეძენების წილის გათვალისწინებით). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში უნდა ჰქონოდა 414 861 ლარი. შემოწმებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1„ა“.2„ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);