გადაწყვეტილება №20383/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20383/2/2023
16 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------ის 24.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20383/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა შემოწმებისას დადგენილი ფასნამატით;
2. სალაროს ნაშთის და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების განსაზღვრა ხარჯების გაუთვალისწინებლად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2023 წლის №001-54 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14471 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 212 574 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 135 939
დღგ - 102 288
საშემოსავლო გადასახადი - 33 531
ქონების გადასახადი - 120
ჯარიმა - 67 865
საურავი - 8 770
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 18.04.2023 წლის №8367 ბრძანება და №001-54 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14471 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შემოწმებისას დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგით დასაბეგრი ბრუნვა 263 874 ლარის ოდენობით. გადამხდელს მიღებული აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სურსათზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე, ხოლო გამოწერილი აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები მომსახურებაზე. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაწეულ მომსახურებებთან ნაწილობრივ დაკავშირდა მიღებული საქონელი/მომსახურება, ხოლო მიღებული საქონლის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა რეალიზებულად. იქიდან გამომდინარე, რომ მიღებული საქონელი და მომსახურება სრულად ვერ დაუკავშირდა სარემონტო მომსახურებებს.
აღნიშნული მომსახურების ამონაგებად გათვალისწინებული იქნა 12%-იანი ფასნამატი, სხვა დარჩენილ სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე - 15,32%-იანი ფასნამატი, ხოლო სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გავრცელდა 13.32%-იანი ფასნამატი (სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის დროს შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა). ამასთან, საანგარიშო პერიოდების ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის დადგენის მიზნით, გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება, რომ სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის ნაშთი პერიოდების ბოლოს არ უფიქსირდებოდა.
შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურმა მართლზომიერად მიიჩნია შემოწმების მიერ სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადამხდელის შემოწმების დროს დადგენილი ფასნამატის გამოყენება და ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობაა საშუამავლო-საკურიერო საქმიანობა, კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად ბაზარზე იძიებს შეკვეთილ პროდუქციას (სამშენებლო-სარემონტო მასალები, სურსათი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვ.). მომსახურების შესაბამისად იღებს ანაზღაურებას, რომელიც შეადგენს შეკვეთის 5%-ს (შეკვეთის რაოდენობის და ღირებულების მიუხედავად). შემმოწმებელს მიეცა, როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. მის მიერ ბაზარზე მოძიებული იქნა და შემდგომ აქტში გამოყენებული ფასნამატის პროცენტულობა შეესაბამება საცალო ვაჭრობის დროს გამოყენებულ ფასნამატს. მან არ გაითვალისწინა ის, რომ საწარმო ახორციელებდა არა საქონლის რეალიზაციას, არამედ საშუამავლო-საკურიერო საქმიანობას, ხოლო ქვეყნის ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის მომსახურების მაქსიმალური ოდენობაა 5%.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადამხდელს მიღებული აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სურსათზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე, ხოლო გამოწერილი აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები მომსახურებაზე. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაწეულ მომსახურებებთან ნაწილობრივ დაკავშირდა მიღებული საქონელი/მომსახურება, ხოლო მიღებული საქონლის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა რეალიზებულად. იქიდან გამომდინარე, რომ მიღებული საქონელი და მომსახურება სრულად ვერ დაუკავშირდა სარემონტო მომსახურებებს, აღნიშნული მომსახურების ამონაგებად გათვალისწინებული იქნა 12%-იანი ფასნამატი, სხვა დარჩენილ სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე - 15,32%-იანი ფასნამატი, ხოლო სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გავრცელდა 13.32%-იანი ფასნამატი (სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის დროს შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა).
მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა ის, რომ საწარმო ახორციელებდა არა საქონლის რეალიზაციას არამედ საშუამავლო-საკურიერო საქმიანობას, ხოლო ქვეყნის ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის მომსახურების მაქსიმალური ოდენობაა 5%.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციის საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
2. სალაროს ნაშთის და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების განსაზღვრა ხარჯების გაუთვალისწინებლად
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით ჩატარებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა შემოწმებით დადგენილ/მიღებულ შემოსავალსა და დადასტურებული ხარჯის ოდენობას შორის სხვაობა 167 657 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა). ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2023 წლის თებერვალში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც ფულის ნაშთი შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროს ნაშთი ნულოვანს შეადგენს. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომსახურების შემადგენელი ნაწილია პროდუქციის (შეკვეთის) ადგილზე მიტანა, რაც ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებში, ტრანსპორტირება ხდებოდა ტაქსების, კურიერების და სპეც. ტექნიკის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად არ აქვს გაწეული სატრანსპორტო მომსახურება. მიუხედავად ახსნა-განმარტებისა შემმოწმებლის მიერ არ იქნა შესწავლილი აღნიშნული საკითხი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა შემოწმებით დადგენილ/მიღებულ შემოსავალსა და დადასტურებული ხარჯის ოდენობას შორის სხვაობა 167 657 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა). ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2023 წლის თებერვალში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც ფულის ნაშთი შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროს ნაშთი ნულოვანს შეადგენს. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი განმარტავს, რომ მომსახურების შემადგენელი ნაწილია პროდუქციის (შეკვეთის) ადგილზე მიტანა, რაც ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებში, ტრანსპორტირება ხდებოდა ტაქსების, კურიერების და სპეც. ტექნიკის მეშვეობით. მიუხედავად ახსნა-განმარტებისა შემმოწმებლის მიერ არ იქნა შესწავლილი აღნიშნული საკითხი.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციის საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14471 ბრძანება;
3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა შემოწმებისას დადგენილი ფასნამატით;
2. სალაროს ნაშთის და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების განსაზღვრა ხარჯების გაუთვალისწინებლად.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგით დასაბეგრი ბრუნვა.გადამხდელს მიღებული აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სურსათზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე, ხოლო გამოწერილი აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები მომსახურებაზე.გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაწეულ მომსახურებებთან ნაწილობრივ დაკავშირდა მიღებული საქონელი/მომსახურება, ხოლო მიღებული საქონლის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა რეალიზებულად.შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა .
2.გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა შემოწმებით დადგენილ/მიღებულ შემოსავალსა და დადასტურებული ხარჯის ოდენობას შორის სხვაობა.აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);73(5);61(3);101(1);154(1);