გადაწყვეტილება №27123/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
11 მაისი 2026
№27123/2/2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 9.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27123/2/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №007-410 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6127 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 785 337.97 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 440 006.03
დღგ - 190 638.31
საშემოსავლო გადასახადი - 249 367.72
ჯარიმა - 193 015.8
საურავი - 152 316.14
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მეწარმის საქმიანობაა საათების, ფარნების და სხვა საქონლის იმპორტი და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2025 წლის №12903 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.07.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 8.07.2025 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აგრეთვე გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არასრულყოფილად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონკრეტული რეალიზაციების მიხედვით და რეალიზაციის ასახვა ხდება თვის ბოლო რიცხვში ჯამურად. საკონტროლო-სალარო აპარატის ქვითრებით პროგრამულად ვერ იშიფრება რეალიზაცია, შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა. გადასახადის გადამხდელი პროგრამულად ჯამურად ადეკლარირებს საშუალოდ 35%-ს, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატისგან (95%) მნიშვნელოვნად განსხვავდება.
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №15366 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დოკუმენტური ფასნამატის (საშუალოდ 95%) გათვალისწინებით, რომლის შედეგად გამოვლენილ სხვაობებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ამდენად, შესწავლილია შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობები. საგადასახადო შემოწმების შედეგად, დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №28658 ბრძანება და ამავე თარიღის №007-410 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.03.2026 წლის №6127 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, გაანგარიშებული ფასნამატი და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა) და მე-3 (საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის არარეზიდენტებისათვის გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრა) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ხარჯებზე;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6127 ბრძანება, პირველი დავის საგნის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 145-ე მუხლზე და 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე.
- დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯამურად პროგრამულად გადამხდელი ადეკლარირებს საშუალოდ 35%-ს, რაც გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატისგან (95%) მნიშვნელოვნად განსხვავდება.
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლომატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №15366 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ იქნა საანგარიშო შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დოკუმენტური ფასნამატის (საშუალოდ 95%) გათვალისწინებით. არადოკუმენტურ რეალიზაციებზე გამოყენებული იქნა შიდა დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, საქონელი დაყოფილი იქნა კატეგორიებად (სულ 6 კატეგორია). შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა თვითღირებულებები. ამასთანავე, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა გასაყიდი ფასები (აღებული იქნა დოკუმენტური/სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული რეალიზაციებიდან). გასაყიდი ფასების გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა ის ფასები, რომლის მიხედვითაც ხდებოდა საქონლის ძირითადი რაოდენობის რეალიზაცია (არ იქნა გათვალისწინებული ის უდიდესი გასაყიდი ფასები, რომლებიც გაყიდულ საქონელში რაოდენობრივად იყო მცირე). შესაბამისად, მიღებული მონაცემების მიხედვით დადგენილი იქნა ჯგუფების მიხედვით საშუალო ფასნამატები, რაც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულისა და დოკუმენტური რეალიზაციების გათვალისწინებით შემოწმებით დადგენილი იქნა მთლიანი რეალიზაციები, რაც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელს არასრულყოფილად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონკრეტული რეალიზაციების მიხედვით და რეალიზაციის ასახვა ხდება თვის ბოლო რიცხვში ჯამურად. სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად, შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.07.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 8.07.2025 წლის ჩათვლით პერიოდი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა რპთ და დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებით განსაზღვრულ იქნა ერთობლივი შემოსავალი, რომელიც ჩაშლილ იქნა შესაბამის პერიოდებში. ამასთან, შემოწმების მიერ არ მომხდარა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში მითითებული საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კორექტირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს განახორციელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საანგარიშო შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ელ. ენერგიის, ბიზნეს სესხის პროცენტის და ა.შ. ხარჯი. თითოეული ხარჯი დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან და დადასტურებულია დოკუმენტურად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით მიეცა წინადადება წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები გამოსაქვით ხარჯებთან და ტრანსპორტირების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებაში აღნიშნულ ვადებში დოკუმენტები წარადგინა აუდიტის დეპარტამენტში. საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია რომ საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონკრეტული რეალიზაციების მიხედვით, ამიტომ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებულია შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი დოკუმენტური ფასნამატის (საშუალოდ 95%) გათვალისწინებით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ბუღალტრულ პროგრამაში დოკუმენტური რეალიზაციის ყველა ოპერაცია ასახულია შესაბამისი თარიღისა და დოკუმენტის მითითებით - როგორც შემოსავლის მიღების კუთხით ასევე, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებით ჩამოწერის თვალსაზრისით. დოკუმენტური რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 31%-ს და არა შემოწმების აქტში დაფიქსირებულ 95%-ს, რომელიც გაურკვეველია თუ როგორ გაანგარიშდა შემმოწმებლების მიერ.
ამასთან, წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებებში აუდირებული დასაბეგრი შემოსავლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასთან შეპირისპირების შედეგად გაანგარიშებული ფასნამატი 300%-ს აღემატება, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება აქტში დაფიქსირებული მონაცემისგან და ცალსახად მიუთითებს ცდომილებაზე გაანგარიშებებში. აღსანიშნია რომ, არაერთგზის მოთხოვნისა შემმოწმებელთა მხრიდან არ იქნა მიწოდებული ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები - საქონლის აღწერის დოკუმენტაცია, რათა შეძლოს შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვასთან მისი რიცხვითი კავშირის სისწორეში დარწმუნება. მოცემული არგუმენტებიდან გამომდინარე თვლის, რომ უსაფუძვლოდ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, ამასთანავე თუ შემმოწმებელთა მხრიდან შემოსავლის განსაზღვრა ხდება დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით, რომელიც თავის მხრივ 31%-ს შეადგენს (რაც საერთო ფასნამატზე ნაკლებია) და რამდენადაც კომპანიის წარმომადგენლისთვის სიტყვიერად არის ცნობილი, მიმდინარე კონტროლის პროცედურის შედეგად (ინვენტარიზაცია) დაფიქსირებული ფასნამატიც ახლოსაა საცალო რეალიზაციის ფასნამატთან, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს დეკლარირებული ფასნამატის სისწორეს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად ფასნამატის დადგენის წყაროების რიგითობაში უპირატესობა დოკუმენტურ და მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფასნამატებს ენიჭება და შემმოწმებლებმაც სწორედ ამ მეთოდებით უნდა ისარგებლონ. ითხოვს მიეცეს ინვენტარიზაციის დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება მასში ასახული მონაცემების სისწორის გადამოწმების მიზნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავოა ორი საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი. იმის გამო, რომ საქონლის რეალიზაცია ასახულია თვის ჭრილში, მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არაა სამართლიანი შეფასება, აღრიცხვას აწარმოებს პერიოდულად თუ უწყვეტად, არაარსებითია თუ ანგარიშგებას ახორციელებს სწორად და სამართლიანად. მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად არის წარდგენილი დეკლარირებული ფასნამატი. დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 32-33%-ს, ხოლო მეწარმის მიერ საშუალოდ დეკლარირებულია 35%.
ამასთან, ინვენტარიზაციის ფასნამატი არ არის დადგენილი შემმოწმებლის მიერ, თუმცა მისი გაანგარიშებით ემთხვევა დოკუმენტურს და დეკლარირებულს. წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებებში აუდირებული დასაბეგრი შემოსავლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასთან შეპირისპირების შედეგად გაანგარიშებული ფასნამატი 300%-ს აღემატება, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება აქტში დაფიქსირებული მონაცემისგან და ცალსახად მიუთითებს ცდომილებაზე გაანგარიშებებში.
ამასთანავე, რამდენადაც კომპანიის წარმომადგენლისთვის სიტყვიერადაა ცნობილი მიმდინარე კონტროლის პროცედურის შედეგად (ინვენტარიზაცია) დაფიქსირებული ფასნამატიც ახლოსაა საცალო რეალიზაციის ფასნამატთან, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს დეკლარირებული ფასნამატის სისწორეს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად ფასნამატის დადგენის წყაროების რიგითობაში უპირატესობა დოკუმენტურ და მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფასნამატებს ენიჭება და შემმოწმებლებმაც სწორედ ამ მეთოდებით უნდა ისარგებლონ. მომჩივნის არგუმენტებზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულყოფილად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონკრეტული რეალიზაციების მიხედვით და რეალიზაციის ასახვა ხდება, თვის ბოლო რიცხვში, ჯამურად. საკონტროლო-სალარო აპარატის ქვითრებით პროგრამულად ვერ იშიფრება რეალიზაცია, შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა. დოკუმენტური ფასნამატი დაანგარიშებული გადასახადის გადამხდელის დოკუმენტებით, შეძენილი საქონელი დაყოფილია ჯგუფებად, რომელთა თვითღირებულება შეუპირისპირდა ამავე ჯგუფის სარეალიზაციო ფასებს. ბუღალტრულ აღრიცხვაში საქონელი ასახული დასახელებებით, მაგრამ ვერ იდენტიფიცირდება დღის განმავლობაში რა სახეობის საქონელია გაყიდული. დოკუმენტით სარეალიზაციო ფასი იდენტიფიცირდება, მაგრამ არ ფიქსირდება რა თვითღირებულების და სახეობის საქონელია გაყიდული. გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანს შესაძლებლად მიაჩნია დოკუმენტური ფასნამატის განსასაზღვრად რეალიზაციის იდენტიფიცირება, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სარეალიზაციო საქონლის (დოკუმენტური და ინვენტარიზაციის მასალებით გაანგარიშებულ) ფასნამატთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების, განსაზღვრისათვის, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6127 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სარეალიზაციო საქონლის (დოკუმენტური და ინვენტარიზაციის მასალებით გაანგარიშებულ) ფასნამატთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ იქნა საანგარიშო შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დოკუმენტური ფასნამატის (საშუალოდ 95%) გათვალისწინებით. არადოკუმენტურ რეალიზაციებზე გამოყენებული იქნა შიდა დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, საქონელი დაყოფილი იქნა კატეგორიებად (სულ 6 კატეგორია). შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა თვითღირებულებები. ამასთანავე, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა გასაყიდი ფასები (აღებული იქნა დოკუმენტური/სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული რეალიზაციებიდან). გასაყიდი ფასების გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა ის ფასები, რომლის მიხედვითაც ხდებოდა საქონლის ძირითადი რაოდენობის რეალიზაცია (არ იქნა გათვალისწინებული ის უდიდესი გასაყიდი ფასები, რომლებიც გაყიდულ საქონელში რაოდენობრივად იყო მცირე). შესაბამისად, მიღებული მონაცემების მიხედვით დადგენილი იქნა ჯგუფების მიხედვით საშუალო ფასნამატები, რაც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულისა და დოკუმენტური რეალიზაციების გათვალისწინებით შემოწმებით დადგენილი იქნა მთლიანი რეალიზაციები, რაც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სარეალიზაციო საქონლის (დოკუმენტური და ინვენტარიზაციის მასალებით გაანგარიშებულ) ფასნამატთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების, განსაზღვრისათვის, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5).