გადაწყვეტილება №19323/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19323/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: :საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----------ის 4.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19323/2/2023).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №EL194319 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2724 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
14.12.2022 წელს მომჩივანმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასის №---------) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული მონაცემებით, მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 19.05.2022 წელს და დეკლარირების ბოლო ვადად განისაზღვრა 18.07.2022 წელს.
აღნიშნულ ვადაში მომჩივანს არ განუხორციელებია ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც 14.12.2022 წლის №EL194319 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.02.2023 წლის №2724 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმის მასალებით დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
საგულისხმოა, რომ მომჩივანი წარსულში დაჯარიმებულია ანალოგიური სამართალდარღვევისთვის და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის მარტის თვეში შემოიტანა ავტომობილი, რომელიც აღმოჩნდა ძალიან დაზიანებული (ურთავს დაზიანებული ავტომობილის ფოტოს). აღნიშნული ავტომობილის შეკეთებას დასჭირდა განსაზღვრულზე მეტი დრო, რის გამოც ვერ მოახერხა ავტომობილის გაფორმების ზონამდე მიყვანა. როგორც კი დასრულდა ავტომობილის შეკეთება მაშინვე მიიყვანა და ავტომობილი დაასაწყობა, რადგან გეგმავს მის ექსპორტს. ვინაიდან, დარღვეული ჰქონდა განბაჟებისთვის განსაზღვრული ვადა დაჯარიმდა 1000 ლარით.
ვინაიდან, ეკონომიკური საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა, არ იცოდა კანონმდებლობა კარგად, არ იცოდა, რომ დამტვრეული მანქანა უნდა მიეყვანა განბაჟების პუნქტამდე და განებაჟებინა. მიზანი არ ყოფილა საბაჟო ვალდებულებებისთვის თავის არიდება, მანამდეც ყოველთვის დროულად იხდიდა გადასახადებს. ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია კანონის და ვალდებულებების არ ცოდნით.
ითხოვს ეპატიოს სამართალდარღვევა და გათავისუფლდეს ჯარიმისგან, როგორც კანონმდებლობის არცოდნით ჩადენილი სამართალდარღვევა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის, დეკლარირების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრულ, დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
მომჩივანი განმარტავს, რომ ავტომობილის შეკეთებას დასჭირდა განსაზღვრულზე მეტი დრო, რის გამოც ვერ მოახერხა ავტომობილის გაფორმების ზონამდე მიყვანა. როგორც კი დასრულდა ავტომობილის შეკეთება მაშინვე მიიყვანა და ავტომობილი დაასაწყობა, რადგან გეგმავს მის ექსპორტს.
საქმის მასალებით დგინდება, ავტოსატრანსპორტო რომ საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 19.05.2022 წელს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 18.07.2022 წელს. მომჩივანმა 14.12.2022 წელს მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის მიზნით.
საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის და დეკლარირების ვადის დარღვევაში. ამასთან საგულისხმოა, რომ მომჩივანი წარსულში დაჯარიმებულია ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზის მონაცემებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის და დეკლარირების ვადის დარღვევაში. ამასთან საგულისხმოა, რომ მომჩივანი წარსულში დაჯარიმებულია ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზის მონაცემებით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
165;163(11);