ბრძანება N 21730
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21730
04 ოქტომბერი 2024
ბრძანება
შპს „-------“- (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2024 წლის 23 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 23 სექტემბრის №92072/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აგვისტოს №045-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება -------- მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კომპანიისთვის ჩარიცხული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ 2021 წელს ---------- გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო საშეშე მერქნული რესურსის დამზადება, საწარმოს აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩაერიცხა 66 624 ლარი. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხით დაიფარა ხარჯები, კერძოდ, შეშის დამზადების ხარჯები, მუშების ხელფასი და გაუთვალისწინებელი ხარჯები. ამასთან, მიუთითებს 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში არახელსაყრელ კლიმატურ პირობებსა და პანდემიის დროს გამოცხადებულ შეზღუდვებზე, ხის მჭრელისა და ორი მუშის კოვიდით დაავადებაზე და აცხადებს, რომ აღნიშნულმა გარემოებებმა გამოიწვია დიდი ხნით ტყეკაფის საქმიანობის შეჩერება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მომსახურების გაწევის შეუძლებლობა და შესაბამისად, საწარმოს ხარჯების გაზრდა. აღნიშნავს, რომ ამჟამად შესაფერისი სამუშაოების არქონის გამო საწარმომ შეაჩერა საქმიანობა და გახდა გადახდისუუნარო. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №14131 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 13 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 აგვისტოს №19318 ბრძანება და ამავე თარიღის №045-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 33 054 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 656 ლარი, ჯარიმა 8 328 ლარი, საურავი 8 070 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტყის --------- დალაგება-დასუფთავება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმომ მოიგო ---------- მიერ გამოცხადებული ტენდერი. გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი დეკლარაციები. კომპანიის საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ ---------- ---------- მომსახურებისთვის კომპანიას ჩარიცხული აქვს თანხა 66 624 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია აღნიშნული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი ან/და რაიმე სახის დოკუმენტაცია, ხოლო ---------- და ---------- საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ აღნიშნული თანხა გადაეცა ფიზიკურ პირს ზემოაღნიშნული პროექტის შესასრულებლად, თუმცა საწარმოს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ტენდერის ფარგლებში ---------- ჩარიცხული აქვს 66 624 ლარი, რომელზეც საწარმოს არ გააჩნია მომსახურების შესრულების დამადასტურებელი ან/და რაიმე სახის დოკუმენტაცია. ამასთან, --------- და ---------- პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ აღნიშნული თანხა გადაეცა ფიზიკურ პირს პროექტის შესასრულებლად, თუმცა საწარმოს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია.
იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ ----------- მიერ ჩარიცხული თანხა გადასცა ფიზიკურ პირს ტენდერის ფარგლებში პროექტის შესასრულებლად, ხოლო საწარმოს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელაფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კომპანიისთვის ჩარიცხული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტყის დალაგება-დასუფთავება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმომ მოიგო ტენდერი. გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი დეკლარაციები. კომპანიის საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ სააგენტოდან სატყეო მომსახურებისთვის კომპანიას ჩარიცხული აქვს თანხა.გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია აღნიშნული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი ან/და რაიმე სახის დოკუმენტაცია. დგინდება, რომ აღნიშნული თანხა გადაეცა ფიზიკურ პირს ზემოაღნიშნული პროექტის შესასრულებლად, თუმცა საწარმოს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია.კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1);