გადაწყვეტილება №21602/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21602/2/2023
10 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 15.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21602/2/2023).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის დროს გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის №047-31 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29043 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 161 408,51 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 89 045
დღგ - 75 758
საშემოსავლო გადასახადი - 13 287
ჯარიმა - 43 735
საურავი - 28 628,51
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო საქონლით, როგორიცაა კულტივატორი, ხერხი და ა.შ. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს ქ. "-------"-ში
აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2020 წელს 2,4%-ს, 2021 წელს - 6,4%-ს, ხოლო 2022 წელს - 11%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 10.05.2023 წელს ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. შედეგად, ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა საბაზრო ფასით 426 783 ლარი. ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენს 9%-ს. გადასახადის გადამხდელს ფასმაჩვენებლები არ ჰქონდა გამოცხადებული რიგ საქონელზე. საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზებით (11 პროდუქცია) ფასნამატმა შეადგინა 9,2%. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების საფუძველზე დადგენილ იქნა საცალოდ რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დადგენილი შეძენისა და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებების დაკავშირების შედეგად, რამაც შეადგინა 2020 წელს 8,1%, 2021 წელს - 8,7%, 2022 წელს - 9,5%, ხოლო 2023 წელს საკონტროლო შესყიდვის და ინვენტარიზაციის ფასნამატი 9,2%. სხვაობის თანხა შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გაანგარიშდა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლის ოდენობა, ასევე შემოწმების მიერ დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯების ოდენობა. სხვაობის თანხა შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის №047-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29043 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის საფუძველზეც გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საფუძველზე დადგენილ იქნა საცალოდ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა შეძენისა და რეალიზაციის ზედნადებების დაკავშირების შედეგად დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი, ასევე დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯების ოდენობა, რამაც გამოიწვია თავის მხრივ გადასახადების დარიცხვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის ფასნამატთან დაკავშირებულ პოზიციასთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საჩივარზე თანდართული ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის გაანალიზებისას ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში შეძენის დოკუმენტის თარიღი აღემატება დაკავშირებულ რეალიზაციის დოკუმენტის თარიღს. მაგალითად: 2021 წელს შეძენილი საქონლის თვითღირებულება დაკავშირებულია 2020 წელს რეალიზებული პროდუქციის დოკუმენტთან. ასევე, შემოწმებით გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი მიღებულია საშუალო შეწონილით, რომელიც საჩივარზე თანდართულ დოკუმენტს არ ემთხვევა. აგრეთვე, შეძენისა და რეალიზაციის ზედნადებებში პროდუქციის დასახელებები არ ემთხვევა ერთმანეთს, შემოწმების პროცესში დაკავშირებული პროდუქციის იდენტიფიცირება მოხდა ბუღალტრის დახმარებით, ხოლო წარმოდგენილ დოკუმენტში შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება დასახელებების გამო.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმისგან განსხვავებით საგადასახადო ორგანოს გაცილებით დიდი დრო ჰქონდათ ფასნამატის ცხრილების მოსამზადებლად და შესაძლოა იყო კიდეც ზოგიერთი უზუსტობები, თუმცა არა არსებითი ხასიათის. კვლავ მოხდა ცხრილების დაზუსტება და წარმოდგენილია ურთიერთდაკავშირებული ფასნამატის ცხრილი.
ვინაიდან დეკლარირებულ ფასნამატს შემოწმებით დადგენილი ფასნამატი მნიშვნელოვნად აღემატა, განსაკუთრებით კი 2020-2021 წლებში, ამიტომ მოხდა დამოუკიდებელი აუდიტორების დაქირავება და ფასნამატის საფუძვლიანად შესწავლა დადგენილი შეძენისა და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებების დაკავშირების შედეგად, რამაც შეადგინა დეკლარირებულზე მეტი თუმცა აუდიტორის გაანგარიშებაზე ნაკლები. მეწარმე თვითონვე ახდენს პროდუქციის შემოტანასა და რეალიზაციას შესაბამისად ხარჯებიდან გამომდინარე, როგორიცაა იჯარა, თანამშრომელთა რაოდენობა, ასევე სავაჭრო ობიექტის მდებარეობა, რომელიც ფაქტობრივად ბაზრის მიმდებარედაა და მსგავსი საქონლით მოვაჭრე ათეული ობიექტებითაა გარშემორტყმული იძულებულია მინიმალური ფასნამატით მოახდინოს რეალიზაცია, განსაკუთრებით კი ეს 2020 წელს შეეხება, რადგან, როგორც ცნობილია სწორედ ამ პერიოდში გამოცხადდა ლოქდაუნი, მსოფლიო პანდემიის გამო, ვინაიდან საქონელი მიღებული იყო კონსიგნაციით, ხოლო ვაჭრობა შეზღუდული იყო, საქონელი იძულებით 1 ან 2 %-ით, ხოლო ხშირად თვითღირებულებით ან სულაც თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც იყიდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, განხილული უნდა იყოს წარმოდგენილი ცხრილები და დოკუმენტურად დადასტურებულ გაყიდულ პროდუქციაზე მიღებული ფასნამატით მოხდეს დარიცხული თანხის კორექტირება, როგორც 2020 წელს, ასევე 2021 წელს. ეს არც თუ მნიშვნელოვნად განსხვავდება დადგენილი ფასნამატისგან, თუმცა მეწარმის ბიზნესისათვის უმნიშვნელოვანესია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი შეადგენს 9%-ს. საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზებით (11 პროდუქცია) ფასნამატმა შეადგინა 9,2%.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებულია გადამხდელის მონაწილეობით დადგენილი შეძენისა და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებების დაკავშირების შედეგად განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი 2020 წელს 8,1%, 2021 წელს - 8,7%, 2022 წელს - 9,5%, ხოლო 2023 წელს საკონტროლო შესყიდვის და ინვენტარიზაციის ფასნამატი 9,2%. შესაბამისად, საბჭო მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად გამოყენებული ფასნამატი განსაზღვრულია მართლზომიერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიჩნევს,რომ დოკუმენტურად დადასტურებულ გაყიდულ პროდუქციაზე მიღებული ფასნამატით მოხდეს დარიცხული თანხის კორექტირება, როგორც 2020 წელს, ასევე 2021 წელს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა.საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი.სხვაობის თანხა შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის, სსკ-ის 159-ე მუხლის შესაბამისად, ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გაანგარიშდა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლის ოდენობა, ასევე შემოწმების მიერ დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯების ოდენობა. სხვაობის თანხა შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის, ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),102,159,161.