ბრძანება N 23117

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.10.2025
№ დოკუმენტი 23117
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23117

22 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 13 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 13 აგვისტოს №97529/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №064-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. წარმოდგენილი აქვს შემდეგი არგუმენტაცია:

აცხადებს, რომ 2025 წლის იანვრის თვეში, ინვენტარიზაციის დანიშვნამდე შპს ,,------’’- მა განახორციელა სულ 465 254 ლარის(დღგ-ის გარეშე) საქონლის რეალიზაცია და ასევე, 2025 წლის იანვრის თვეშივე დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით აღნიშნული შემოსავლიდან მიღებული ფულის ნაშთი, თუმცა აღნიშნული შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული თანხის მიუხედავად, იგივე ბრუნვა ხელმეორედ დაიბეგრა, რაც არამართლზომიერია. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარდგენილ წერილში მითითებული ინფორმაცია არსებული ნაშთის შესახებ, რომელიც 2025 წლის პირველი იანვრისათვის შეადგენდა 446 204 ლარს. ასევე, ფასნამატთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ ვინაიდან დოკუმენტური რეალიზაცია მთლიანი ბრუნვის 21%-ს შეადგენდა, შემოწმებას უნდა გაევრცელებინა დოკუმენტური ფასნამატი.

დამატებით აცხადებს, რომ არასწორადაა გაზრდილი ბრუნვა ფქვილის რეალიზაციისას. ასევე, აცხადებს, რომ საწარმო იყენებს მცირე მეწარმეების მომსახურეობას სხვადასხვა საქმიანობაში, როგორიცაა საქონლის დატვირთვა-გადმოტვირთვა და მძღოლის მომსახურება და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას ხარჯებში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1637 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 17 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 ივნისის №14026 ბრძანება და ამავე თარიღის №064–10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 205 802 ლარი, მათ შორის გადასახადი 119 805 ლარი, ჯარიმა 58 852 ლარი და საურავი 27 145 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს „----------“ სამეწარმეო რეესტრში ჩაერთო 2021 წლის 15 თებერვალს. საწარმოს საქმიანობის სფეროა ქალაქ ------ რაიონში, მეველის №25-ში სასურსათო ნაწარმით ვაჭრობა (უმეტესად: ------ და ა.შ.). გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა და მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დარღვეული იყო დაქირავებულ პირთა რეესტრის სისწორე და სალარო აპარატის გამოყენების დაცვის კონტროლი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2025 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით 47 126 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული მასალების დამუშავების შედეგად, განისაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი 10%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატი იყო 7% (დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა მთლიანი ბრუნვის 21%-ს). შემოწმების მიერ განსაზღვრული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ჩაიშალა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო ისეთ კატეგორიაზე, რომელზეც დოკუმენტური ფასნამატი ვერ დადგინდა, გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განისაზღვრა ფულის მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ფულის შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლინდა ფულადი დანაკლისი. ფულის შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის

გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს არ ჰქონდა საბუღალტრო აღრიცხვა და მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დარღვეულია დაქირავებულ პირთა რეესტრის სისწორე და სალარო აპარატის გამოყენების დაცვის კონტროლი. ინვენტარიზაციის შედეგად, 2025 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, დადგინდა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით 47 126 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული მასალების დამუშავების შედეგად განისაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი 10%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატი იყო 7% (დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი ბრუნვის 21%-ს).

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის, კერძოდ:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 10 თებერვლის ბრძანებით №2128 ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და განისაზღვრა სმფ-ების ფაქტობრივი რაოდენობა საბაზრო ფასებით. არც ინვენტარიზაციის თარიღამდე და არც შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისზე ჩეკის ამორტყმა არ განხორციელებულა. ვინაიდან ინვენტარიზაციის შედეგები დაიდო იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციის სავადო თარიღამდე, შემოწმების მიერ გამოვლენილი დანაკლისი გადამხდელმა დაიდეკლარირა 2025 წლის იანვრის თვეში (შესამოწმებელი პერიოდი იყო 2025 წლის 1 იანვრამდე), რაც შემოწმებამ არ გაითვალისიწინა.

შემოწმება მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში, არაერთხელ იქნა გავლილი საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელთან. როგორც ფქვილის, ასევე, სხვა კატეგორიის პროდუქციის ფასნამატი აღებული იყო გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციიდან. ასევე, შემოწმებამ ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გაითვალისწინა ფულის მოძრაობაში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ განსაზღვრული რპთ-ს ჩაშლა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე თავისივე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, ხოლო ისეთ კატეგორიაზე, რომელზეც დოკუმენტური ფასნამატი ვერ დადგინდა, ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელება კანონმდებლობის შესაბამისია. ასევე, ფულის შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლენილი ფულადი დანაკლისი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი დაბეგვრა გადახდის წყაროსთან მართლზომიერია.

ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განისაზღვრა ფულის მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ფულის შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლინდა ფულადი დანაკლისი. ფულის შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);145(1,2,3);159(1);163(1);164(1);101(1);154(1);